კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზაარდიაანთკარიდან დევნილი ოჯახი კვლავ თავშესაფრის გარეშე დარჩა

2 დეკემბერი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

29 ნოემბერს, გორში ნომერ პირველ საბავშვო ბაღის შენობაში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის კერა შენობის ის ნაწილი იყო, სადაც გორის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ზარდიაანთკარიდან იძულებით გადაადგილებული რამდენიმე ოჯახია შესახლებული.

ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა თაზიაშვილების ოჯახის საცხოვრებელი ფართი. თაზიაშვილები 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარიდან იძულებით გადაადგილებული პირები არიან და უკვე 7 წელია, რაც გორის პირველ საბავშვო ბაღის შენობაში ცხოვრობენ.

,,გაგვინადგურდა ყველაფერი, საყოფაცხოვრებო ნივთებიდან ვერაფრის გადარჩენა ვერ შევძელით, უნდა ჩავიდე გამგეობაში და ვთხოვო, რომ სხვა ფართი მოგვცენ, აქ ცხოვრება უკვე აღარ შეიძლება. ხანძრის დროს შენობაში არ ვიმყოფებოდით, ნათესავთან ვიყავით და მეზობლებმა შეგვატყობინეს“,- განაცხადა დაზარალებულმა მზია თაზიაშვილმა. 

,,მეხუთედ ვიწყებ ნულიდან ცხოვრებას, 2008 წლის ომის შემდეგ რისი შეძენაც შევძელით, ყველაფერი გაგვინადგურდა. მივმართავ ხელისუფლებას, რათა დაგვეხმარონ“,- აღნიშნა დავით თაზიაშვილმა.

შენობის ნაწილში დევნილები ცხოვრობენ, მეორე ნაწილში კი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. საბავშვო ბაღის გამგის, ლალი ბაიაძის განცხადებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შენობაში ხანძრის გაჩენის ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა.

,,ოთხივე შემთხვევაში ხანძრის კერა იყო შენობის ეს ნაწილი, დროულად მოვიდნენ სახანძრო სამსახურის თანამშრომლები და შენობაში ცეცხლის გავრცელება თავიდან ავიცილეთ“,- განაცხადა ბაიაძემ.
ხანძრის შედეგად დაზარალებული თაზიაშვილები ქალაქის საკრებულოს ვერხვები-კვერნაკის დასახლების მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ თედლიაშვილმა მოინახულა.

,,ეს ადამიანები, რომლებიც საბავშვო ბაღის შენობაში არიან შეხიზნულები არ არიან წინააღმდეგი, რომ დაბრუნდნენ საკუთარ სოფლებში, ამისთვის კი ხელისუფლებამ ხელის უნდა შეუწყოს და საცხოვრებელი  პირობები შეუქმნას“,- განაცხადა თამარ თედლიაშვილმა.

სოფელ ზარდიაანთკარში სახლების უმეტესი ნაწილი ომის დროს გადაწვეს, ადგილობრივები იძულებულები გახდნენ, რომ სოფელი დაეტოვებინათ, ხელისუფლებამ დაზარალებულ ოჯახებს დროებითი თავშესაფარი საბავშვო ბაღის შენობაში გამოუძებნა.გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში თანხები არ აქვთ ომის შედეგად დანგრეული და გადამწვარი სახლების რეაბილიტაციისთვის.

რაც შეეხება თაზიაშვილების მოთხოვნას ახალი საცხოვრებელი ფართის გამოყოფის შესახებ, გორის მერიაში დაზარალებულ ოჯახს პასუხობენ, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას მათ თხოვნაზე.  თაზიაშვილების ოჯახის შვიდი წევრი ამ დროისთვის ნათესავებთან ცხოვრობს.

ახალი ამბები