კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შშმ პატიმართა მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში

4 დეკემბერი, 2015
 
რატი ხარატიშვილი

პატიმართა უფლებების საკითხი მრავალი ათწლეულია, გადაუჭრელი პრობლემაა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის, მაგრამ გაცილებით რთულია იმ პატიმართა უფლებათა საკითხი, მდგომარეობა და პირობები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის არიან - ვკითხულობთ სახალხო დამცველის 2014 წლის სპეციალურ ანგარიშში - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებებში, დროებით მოთავსების იზოლატორებსა და არანებაყოფლობით ფსიქიატრიული მკურნალობის დაწესებულებაში“. 

სახალხო დამცველის აღნიშნული ანგარიში მოიცავს 2013 წლის 21 ოქტომბრიდან - 13 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ შშმ პატიმართა საჭიროებების გათვალისწინება არ ხდება პენიტენციურ დაწესებულებებში, მსგავსი მდგომარეობაა „აკად. ბ.ნანეიშვილის სახ-ის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა“ და დროებით მოთავსების იზოლატორებში.

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ არის დადგენილი კრიტერიუმები, რითაც შშმ პატიმრების იდენტიფიცირება იქნება შესაძლებელი. თუმცა, ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება აქვს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსს ალექსანდრე დარახველიძეს. 

დარახველიძის თქმით, ამჟამად სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში 111 შშმ ბრალდებული/მსჯავრდებული იმყოფება, აქედან 4 ქალი და არცერთი არასრულწლოვანი. 

სახალხო დამცველის განცხადებით, პრობლემას წარმოადგენს ასევე, საკნების ადაპტირების შენელებული პროცესი, თუმცა ამ ინფორმაციას უარყოფს ალექსანდრე დარახველიძე, მისი თქმით, შშმ პატიმართა უმრავლესობა განთავსებულია სამინისტროს მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ხანგრძლივი მოვლის პირთა განყოფილებაში (მათ გარდა, ვინც უარი განაცხადა აღნიშნულ დაწესებულებაში გადაყვანაზე), რომელიც ადაპტირებულია და აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შშმ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს სათანადო დახმარებას უწევს ექთანი/მედდა.

„სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტი სისტემატურად მუშაობს პენიტენციურ დაწესებულებებში შშმ მსჯავდებული/ბრალდებული პირებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, კერძოდ, 2013-2015 წლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო სამინისტროს N3, N5, N6, N15, N16, N17 და N18 პენიტენციურ დაწესებულებებში. ასევე, 2016-2017 წლებისთვის დაგეგმილია ყველა პენიტენციური დაწესებულების აღჭურვა შშმ პირებისთვის შესაბამისი ადაპტირებული ინფრასტრუქტურით“,- აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი განმარტავს, რომ შშმ პატიმრებს შეზღუდული აქვთ ინფორმაციის მიღების საშუალებაც: „რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უსინათლო პატიმრებს ინფორმაცია არ მიეწოდებათ ბრაილის შრიფტით”.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში ხელმისაწვდომია ჟურნალ-გაზეთები, ასევე ინფორმაციის მიღება შესაძლებელია რადიოს საშუალებით. ამასთან, საკნები აღჭურვილია საკაბელო ტელევიზიით. შშმ ბრალდებულ/მსჯავრდებულთათვის ტელევიზორით, რადიომიმღებითა და ინტერნეტით სარგებლობა პატიმრობის კოდექსით რეგულირდება.

პენიტენციურ დაწესებულებაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად აგრეთვე სახელდება პერსონალის კვალიფიკაცია. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ამ მხრივ პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა.

„შშმ პატიმრებს სპეციფიკური საჭიროებები აქვთ, რაც განსხვავდება სხვა პატიმრების საჭიროებებისაგან, თუმცა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არ აქვს იდენტიფიცირებული შშმ პატიმართა საჭიროებები ყურადღებისა და მუშაობის საგნად. ვერც ერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მონიტორინგის ჯგუფმა ვერ აღმოაჩინა ვერცერთი სამედიცინო დარგის სპეციალისტი, რომელსაც აქვს განახლებული ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატიმართა სამედიცინო მდგომარეობის მართვის კუთხით. სად-ის მე-8 დაწესებულების ადმინისტრაცია აღიარებს, რომ სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულების დახურვის შემდეგ მძიმე ფსიქიკური დაავადების მქონე პატიმრებზე ზრუნვა მათ დიდ სირთულეებს უქმნის“,- ნათქვამია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, პენიტენციურ სისტემაში განთავსებულ ყველა მსჯავრდებულს/ბრალდებულს, მათ შორის შშმ პატიმრებს ემსახურება სათანადო რაოდენობის სამედიცინო პერსონალი. 

„რაც შეეხება ნომერ მე-8 დაწესებულებაში დასაქმებულ პერსონალს, ყველა მათგანი აკმაყოფილებს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №64 -ე ბრძანებით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. რაც შეეხება სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას, პენიტენციურ სისტემაში განთავსებული, მათ შორის შშმ მსჯავრდებულები/ბრალდებულები, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი არიან ადეკვატური და დროული სამედიცინო მომსახურებით. ამასთან, სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ფსიქოლოგის მომსახურება ნებისმიერი ბენეფიციარისთვის ხელმისაწვდომია“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის თქმით, კიდევ ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს შშმ პატიმართა ჰიგიენური მდგომარეობა. 

„პატიმართა პირად ჰიგიენაზე არ ზრუნავს ადმინისტრაცია, პატიმრები თავად ზრუნავენ პირად სისუფთავეზე. მიუხედავად იმისა, რომ სადეზინფექციო დამუშავების რეგისტრაციის დოკუმენტაცია მოუწესრიგებელია, დაწესებულების სამზარეულო და სასადილო ძირითად ჰიგიენურ სტანდარტებს აკმაყოფილებს. სველი წერტილები მხოლოდ რამდენიმე საკანშია. დაწესებულებას შტატში არ აქვს გათვალისწინებული შშმ პატიმართა მოვლისა და მათზე ზრუნვისთვის საჭირო პერსონალი“, - აღნიშნა ნანუაშვილმა humanrights.ge-სთან საუბრისას. 
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თქმით, პენიტენციური სისტემის ყველა დაწესებულებაში, დაახლოებით, თვეში ერთხელ ტარდება პროფილაქტიკური სადეზინფექციო ღონისძიებები. 

„№18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ხანგრძლივი მოვლის პირთა განყოფილებაში განთავსებულ ყველა შშმ პატიმარს სათანადო დახმარებას უწევს განყოფილების მედდა. ამდენად, ჰიგიენური ნორმები სრულადაა დაცული“, - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე დარახველიძის თმით, შშმ პირები პენიტენციურ სისტემაში აგრეთვე სარგებლობენ ზარის უფლებით, რაც რეგულირდება პატიმრობის კოდექსით. მისივე თქმით, შშმ პირები სარგებლობენ ოჯახის წევრებთან, როგორც ხანომკლე, აგრეთვე ხანგრძლივი ვიდეოპაემნის უფლებით. პაემნით სარგებლობის რაოდენობა განსაზღვრულია სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების ტიპების მიხედვით.
დარახველიძის თქმით, სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მაღაზია, სადაც შშმ პირებს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენა შეუძლიათ კანონის შესაბამისად დაწესებული ლიმიტის ფარგლებში. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შშმ პირები მაღაზიით  სამეურნეო სამსახურში ჩარიცხული მსჯავდებულის დახმარებით სარგებლობენ. მისივე თქმით, სამინისტროს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, რომელთა განახლება პერიოდულად ხდება. ბიბლიოთეკები ასევე აღჭურვილია აუდიო წიგნებით.

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2 წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა, საჭიროა, რომ შშმ პატიმრებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნის პროცესი ბოლომდე დასრულდეს.

ახალი ამბები