კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა შეწყალების უფლების პატრიარქისათვის მინიჭების იდეის თაობაზე

7 დეკემბერი, 2015
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი პრემიერ-მინისტრის მოსაზრებას პატიმართა შეწყალების უფლების პატრიარქისთვის მინიჭების თაობაზე სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგისათვის საფრთხის შემცველად აფასებს.

თითქმის ყველა ქვეყანაში შეწყალების ინსტიტუტი სახელმწიფო მეთაურის კონსტიტუციურ პრეროგატივას წარმოადგენს, რაც ქვეყნების კონსტიტუციებითა და  კანონქვემდებარე თუ საკანონმდებლო აქტებით არის რეგლამენტირებული.  
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმდინარე წლის ივლისიდან, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, იკვლევს შეწყალების ქართულ და უცხოურ მოდელებს. ორგანიზაციამ ახლახან დაასრულა შეწყალების მოდელების კვლევა ისეთი დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკაში, როგორიცაა: აშშ, ავსტრია, ბულგარეთი, ირლანდია, პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, ხორვატია, ჩეხეთი. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთ ამ ქვეყანაში სასულიერო ორგანიზაციები შეწყალების პროცესში არ მონაწილეობს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ საქართველოს შეწყალების მოდელის კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ საქართველოს საპატრიარქო დღეისათვის ისედაც აქტიურად არის ჩართული შეწყალების პროცესში. პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისიის ერთ-ერთი წევრი არის ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, რომელიც კომისიაში წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს. გასათვალისწინებელია, რომ კომისიის წევრი არც ერთი სხვა კონფესიის წარმომადგენელი არ არის, რაც გარკვეულწილად, არათანასწორ მდგომარეობაში აყენებს სხვა კონფესიის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, საქართველოს საპატრიარქოში ფუნქციონიორებს „მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხთა  შემსწავლელი კომისია“, რომელიც სასულიერო პირებით არის დაკომპლექტებული და ფაქტობრივად, პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისიის პარალელურად განიხილავს მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეებს იმ დათქმით, რომ საქმეს უნდა ერთვოდეს პატიმრის მოძღვრის რეკომენდაცია/შუამდგომლობა.

შეწყალების კომპეტენციის თანახმად, ქვეყნის მეთაური უფლებამოსილია, განახორციელოს შეწყალების ჰუმანური აქტი კონსტიტუციით გათვალისწინებული კომპეტენციის შესაბამისად. საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების  ექსკლუზიური უფლებამოსილება პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტატუსიდან გამომდინარეობს.  საქართველოს კონსტიტუციის 69-ე მუხლი ადგენს, რომ „საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. საქართველოს პრეზიდენტი მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებას“. საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების პრივილეგია მისი, როგორც სახელმწიფო მეთაურის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარეობს.

შეწყალების უფლება დემოკრატიულ ქვეყნებში სახელმწიფოს მეთაურის (პრეზიდენტი, მონარქი და სხვა) კონსტიტუციური დისკრეციაა. ამავდროულად, საქართველო არის სეკულარული სახელმწიფო, სადაც საერო და სასულიერო ხელისუფლება გამიჯნულია. შესაბამისად, სახელმწიფო საკუთარ სუვერენულ ფუნქციას  სასულიერო ხელისუფლებას ვერ გადასცემს. ხელისუფლების წყარო არის ხალხი, რომელმაც პრეზიდენტს შეწყალების კონსტიტუციური პრეროგატივის  განხორციელების უფლება მიანიჭა.

ერთი რომელიმე რელიგიის სასულიერო ლიდერისათვის შეწყალების უფლების მინიჭება თეოკრატიული სახელმწიფოსათვის დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს, რაც დემოკრატიული მმართველობის სისტემებისათვის მიუღებელია. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას, სათანადოდ გაიაზრონ კონსტიტუციური წესრიგის მნიშვნელობა და პატივი  სცენ სახელმწიფო მეთაურის ინსტიტუტს, რომელსაც ხელისუფლების წყარომ - ხალხმა შეწყალების კონსტიტუციური უფლებამოსილება მიანიჭა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები