კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების მუშაობასთან დაკავშირებით

25 დეკემბერი, 2015
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების არასწორი პრაქტიკისა და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების შესახებ, რითაც არსებითად ილახება პატიმართა უფლებები.

ადამიანის უფლებათა ცენტრს წარმოებაში აქვს არაერთი მსჯავრდებულის საქმე, რომელთაც ადგილობრივმა საბჭოებმა დაუსაბუთებელი უარი უთხრეს პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე მხოლოდ ერთი კრიტერიუმით, რომ მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. 

ადგილობრივი საბჭოების ტიპური დებულების თანახმად, მსჯავრდებულის პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე საბჭო გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს ხუთი კრიტერიუმის საფუძველზე: მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა, ოჯახური პირობები, დანაშაულის ხასიათი და მსჯავრდებულის პიროვნება. 

ტიპური დებულების მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის შეფასება ხდება არა ერთი კრიტერიუმის, არამედ - კრიტერიუმების საფუძველზე. 

საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულმა პირმა თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი მოიხადა, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირისათვის ეს ვადა შეადგენს არანაკლებ  სამ მეოთხედს. შესაბამისად, ამ კატეგორიის მსჯავრდებულებს ისედაც პატიმრობის კოდექსით სასჯელის მოსახდელად მეტი ვადა მოეთხოვებათ.

ადგილობრივი საბჭოების მიერ მსჯავრდებულთათვის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მსჯავრდებულნი არიან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, არსებითად არღვევს დებულების მე-13 მუხლის მოთხოვნებას და მსჯავრდებულის პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების არსს ეწინააღმდეგება. 

მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირებისათვის აზრს კარგავს ადგილობრივი საბჭოებისთვის მიმართვა, რადგან საბჭოები მათ არ აფასებენ ობიექტურად და სამართლიანად, ყველა კრიტერიუმის საფუძველზე. ადგილობრივი საბჭოების შაბლონური გადაწყვეტილებების თანახმად, მსჯავრდებული, მართალია, აკმაყოფილებს ტიპური დებულების კრიტერიუმებს, მაგრამ სასჯელის მოხდისაგან  ვადამდე ადრე გათავისუფლება ვერ შეეხება მხოლოდ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გამო.

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაშია #12 და #15 პენიტენციური დაწესებულებების მსჯავრდებულების მ.ტ.-ს და გ.ჯ.-ს საქმეები, რომელთაც ადგილობრივი საბჭოს მიერ უარი ეთქვათ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე მხოლოდ ერთადერთი საფუძვლით - მათ ჩადენილი ჰქონდათ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, მაგრამ აკმაყოფილებდნენ ტიპური დებულებით გაწერილ კრიტერიუმებს. მ.ტ. სასჯელს იხდის 2007 წლიდან და მოსახდელად დარჩენილი აქვს 6 თვე, ხოლო გ.ჯ. სასჯელს იხდის 2004 წლიდან და დარჩენილი აქვს წელიწადი და 8 თვე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, მ.ტ-მ და გ.ჯ-მ სარჩელები შეიტანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვეს მათ მიმართ ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული უარის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და საბჭოსათვის დავალება მათი პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების შესახებ. სასამართლოს მიერ მ.ტ-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ადგილობრივი საბჭოს უარი მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. გ,ჯ-ს საქმის განხილვა დღესაც მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. 

ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ცენტრს წარმოებაში აქვს არაერთი მსჯავრდებულის საქმე, რომელსაც ადგილობრივმა საბჭოებმა დაუსაბუთებელი უარი უთხრეს სასჯელისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს:

საქართველოს სასჯელაღსრულებისა  და პრობაციის სამინისტროს, შეისწავლოს და გაანალიზოს ადგილობრივი საბჭოების მუშაობის პრაქტიკა და შეიმუშაოს პოლიტიკის დოკუმენტი ადგილობრივი საბჭოების მუშაობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით;

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოებს, გადახედონ მუშაობის პრაქტიკას  და მათი გადაწყვეტილებები შესაბამისობაში მოიყვანონ ადამიანის უფლებებისა და კანონმდებლობის სტანდარტებთან.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები