კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიმართვა ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული პოლიტპატიმრების საქმეებზე გრიფის „საიდუმლო“ მოხსნის თაობაზე

26 იანვარი, 2016
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულ პოლიტპატიმართა და ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე გრიფის - „საიდუმლო“ მოხსნას მოითხოვს.

2013 წლის იანვარში, საქართველოს პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრებად ცნობილი პირები „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლდნენ. პოლიტპატიმართა შორის არიან ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული პირები, რომლებიც დღემდე უშედეგოდ ითხოვენ სამართლებრივ რეაბილიტაციას და მათი საქმეების გასაჯაროებას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი სამართლებრივად შეუსაბამოდ მიიჩნევს ერთ სამართლებრივ მოცემულობაში, ერთი მხრივ, პოლიტპატიმრების სტატუსის მქონე პირთა არსებობას  და  მეორე მხრივ, მათ მიმართ გამოტანილ განაჩენებზე „საიდუმლო“ გრიფის მოქმედების გაგრძელებას.  

ადამიანის უფლებათა ცენტრი თვლის, რომ წინა ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური მოტივებით გასამართლებულ პირთა საქმეების გადახედვა და „საიდუმლო“ გრიფის მოხსნა პოლიტპატიმართა რეაბილიტაციისათვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. ამავე დროს, არიან ადამიანები, რომლებსაც პოლიტპატიმრის სტატუსი არა აქვთ, მაგრამ მათი საქმეებიც პოლიტიკური დევნის ნათელი მაგალითია.  

2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე, ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ვახტანგ მაისაია და ბაკურ კიღურაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდნენ, მაგრამ მათს საქმეებს დღემდე „საიდუმლო“ გრიფი ადევს. გრიფი „საიდუმლო“ ადევს ფოტორეპორტიორების გახმაურებულ საქმესაც. ფოტორეპორტიორების საქმე კიდევ უფრო რთულია იმ თვალსაზრისით, რომ მათ პოლიტპატიმრის სტატუსიც კი არა აქვთ, რადგან ისინი 2013 წლის ამნისტიის კანონის ამოქმედებამდე განთავისუფლდნენ პატიმრობიდან.

ეს ადამიანები წლებია, უშედეგოდ ითხოვენ მათ საქმეებზე „საიდუმლო“ გრიფის მოხსნას, ამ საქმეების გადახედვას  და სამართლებრივ რეაბილიტაციას. 
სამწუხაროდ, ხელისუფლებამ დღემდე ვერ უზრუნველყო ყოფილი პოლიტპატიმრებისა და ფაქტობრივბად, ყოფილი სინდისის პატიმრების - ფოტორეპორტიორების გახმაურებულ საქმეებში მსჯავრდებული პირები დარღვეული უფლების აღდგენის ეფექტური შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმით და მართლმსაჯულების სერიოზული ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობით, რაც აღნიშნულ პირთა სამართლიან აღშფოთებას იწვევს. 

2014 წლიდან ადამიანის უფლებათა ცენტრი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უშედეგოდ ითხოვს ვახტანგ მაისაიას, ბაკურ კიღურაძისა და ფოტორეპორტიორების გახმაურებული საქმიდან „საიდუმლო“ გრიფის მოხსნას. პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროდან ადამიანის უფლებათა ცენტრს დღემდე არ მიუღია.

2015 წლის იანვარში, ადამიანის უფლებათა ცენტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და შსს-ს ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულ პირთა საქმეებზე „საიდუმლო“ გრიფის მოხსნა კვლავ მოსთხოვა. სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა ცენტრს პასუხი კვლავ არ მიუღია. 

„საიდუმლო“ გრიფის ახსნასთან დაკავშირებით პასუხის მიუღებლობის ან უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ცენტრი აპირებს, მიმართოს სასამართლოს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს: 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და შსს-ს, მოხსნას გრიფი „საიდუმლო“ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული პოლიტპატიმრებისა და ე. წ. ფოტორეპორტიორების საქმეებზე, რათა მათ შემდგომში შეძლონ სამართლებრივი რეაბილიტაცია; 

პარლამენტს და მთავრობას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოს სათანადო ზომები ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულ პირთა საქმეებზე „საიდუმლო“ გრიფის მოხსნასთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები