კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიესალმება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას

28 იანვარი, 2016
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პროკურატურის ოფისს გამოძიების დაწყების ნებართვა დართო.  რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებულები იმსახურებენ მართლმსაჯულების აღსრულებას და დამნაშავე პირთა მსჯავრდებას. ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისათვის არც ერთი სახელმწიფოს ოფიციალური პირი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი.

2015 წლის 12 ნოემბერს,  ადამიანის უფლებათა ცენტრმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასწარი წარმოების პალატას 193 დაზარალებულის პოზიცია წარუდგინა და მსხვერპლთა სახელით მხარი დაუჭირა პროკურორის შუამდგომლობას გამოძიების დაწყების თაობაზე.  ადამიანის უფლებთა ცენტრის ადვოკატები ჰააგის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებულების ინტერესებს  წარმოადგენენ.

2008 წლიდან მოყოლებული, ადამიანის უფლებათა ცენტრი აკვირდებოდა აგვისტოს კონფლიქტის დროს ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიების მსვლელობას საქართველოში. 2011 წელს, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში - „არ შეუძლია, თუ არ უნდა?!“  ამ ანგარიშში, რომლის მომზადებაშიც ადამიანის უფლებათა ცენტრიც მონაწილეობდა, აღნიშნულია, რომ „საქართველოს ხელისუფლებას, ნაწილობრივ, არც უნარი აქვს და არც სურვილი, აწარმოოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და შემდეგ სავარაუდოდ ჩადენილი საერთაშორისო სამართლის დანაშაულებების ეფექტური გამოძიება“. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა საკითხი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ აქტიურად გადადგას ნაბიჯები ამ დანაშაულების გამოსაძიებლად.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აქტიური მონაწილეობით შეიქმნა კოალიცია სისხლის სამართლის სასამართლოსთვის, რომელმაც 2012 წელს პეტიციით მიმართა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორს და მოითხოვა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებულთა საქმეების გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა. კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევდნენ, რომ საქართველოსა და რუსეთის საგამოძიებო ორგანოების მიერ დაწყებული გამოძიება არ მიმდინარეობდა რომის სტატუტის მოთხოვნათა დაცვით .

პარალელურად, 2009 წელს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებულ დაახლოებით 130 პირის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს  მიმართა და მოითხოვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული სიცოცხლის, წამების აკრძალვისა და საკუთრების უფლების ხელყოფის დადგენა. საქმეები რუსეთის წინააღმდეგ დღემდე იხილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

2015 წლის  14 ოქტომბერს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH www.fidh.org) და ადამიანის უფლებათა ცენტრმა გაავრცელეს ერთობლივი პრეს-რელიზი, სადაც ხაზგასმულია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გააქტიურების დიდი მნიშვნელობა. ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს, რომ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები უპირველეს ყოვლისა, იმედს აძლევს დაზარალებულებს - ომისა და ეთნოწმენდის მსხვერპლ მოქალაქეებს, რომლებსაც საშუალება მიეცათ, პირადად მიმართონ ჰააგის სასამართლოს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატები ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებულთა სამართლებრივ ინტერესებს წარმოადგენენ.   

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები