კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რადიკალი ისლამისტების ახალგაზრდა მსხვერპლი

16 თებერვალი, 2016
 თურალ გურბანლი

„არავინ იცის, რა ესაქმება ვაჰაბიტურ მეჩეთში. ვიცი მხოლოდ ის, რომ სოფელში ვაჰაბისტების რაოდენობა საგრძნობლად იმატებს“, - ერთ-ერთი ქართული ტელეკომპანიის ეთერში გასული ეს ფრაზა ფონიჭალაში მცხოვრებ 23 წლის ფიქრეთ აჰმედოვს სიცოცხლის ფასი დაუჯდა: გასული წლის 27 დეკემბერს  ის სასიკვდილოდ დაჭრეს. ფიქრეთ აჰმედოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მისი მეგობარი, რამინ ისაევია. 

ფონიჭალაში მომზადებულ რეპორტაჟში ისლამურ მიმდევრობებს შორის არსებულ კონფლიქტზე იყო საუბარი. 
ფიქრეთის დედა ზერენგულ ახუნდოვა ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა მათ ენათესავებათ: „იყო დრო, როცა რამინი და ჩემი შვილი საჭმელს ერთი თეფშიდან ჭამდნენ“, - ამბობს ის. 

5 იანვარს, ფონიჭალაში გამართულ საპროტესტო აქციაში საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული აზერბაიჯანელებიც იღებდნენ მონაწილეობას. მათ ხელში შემდეგი შინაარსის ტრანსპარნტები ეჭირათ: „ვაჰაბიზმი ვანდალიზმია!“, „ვაჰაბისტობა ისლამი არაა!“ „არა ვაჰაბისტობას!“
ფიქრეთის ბიძაშვილი ელმან აბბასოვი ამბობს, რომ ვაჰაბისტებმა ორი წლის წინ ფონიჭალაში მეჩეთის მშენებლობა დაიწყეს, მაგრამ მოსახლეობის მიერ თბილისის მერიის წინ სამჯერ გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ მშენებლობა შეჩერდა. მიუხედავად ამისა, პარასკეობით, ასზე მეტი ვაჰაბისტი სალოცავად სწორედ იმ დაუსრულებელ შენობაში იკრიბება.

„ნებართვა სახლის მშენებლობისთვის აიღეს, შემდეგ კი იქ მეჩეთის მშენებლობა დაიწყეს. პარასკეობით ამ შენობის სარდაფში სალოცავად ვაჰაბისტები მიდიან. 50-ზე მეტი ავტომობილით მოდის ხალხი აქ. ეს საფრთხე არ არის? ამ ქვეყნის პოლიცია რას აკეთებს?“ - ამბობს ის.

ფიქრეთის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი რამინ ისაევი ამ შემთხვევის შემდეგ აზერბაიჯანში გაიქცა. მკვლელობის საქმეს ფონიჭალის პოლიცია იძიებს. ფიქრეთის ოჯახის წევრები გამოძიების მიმდინარეობით უკაყოფილოები არიან. ზარანგულ აბბასოვა აცხადებს, რომ მკვლელობის დროს რამინი მარტო არ იყო და პასუხისგებაში მისი თანამზრახველიც უნდა მიეცეს.

„მკვლელობა აფთიაქის სადამკვირვებლო კამერამ დააფიქსირა. ვიდეოშიც ნათლად ჩანს, რომ ჩემი შვილის დანით დაჭრის შემდეგ რამინი მის ვაჰაბისტ მეგობარს მანქანისკენ მიჰყავს. პოლიცია ამბობს, რომ რამინი აზერბაიჯანშია გადასული და  მისი პოვნა რთულია. რამინს ვერ აკავებენ, გავიგეთ, მაგრამ იმ ადამიანს, რომელიც მას გაქცევაში დაეხმარა, რატომ არ აკავებენ?! ამ კითხვას როცა ვსვამთ, აღნიშნავენ, რომ ამ პიროვნების დაკავების საფუძველი არა აქვთ. იმ ადამიანის დასაჭერად, ვინც მკვლელს გაქცევაში ხელი შეუწყო, კიდევ რა საფუძველი უნდა არსებობდეს?!“

ფონიჭალაში მცხოვრები ის ახალგაზრდები, რომლებიც ისლამის რადიკალურ მიმდინარეობას  აპროტესტებენ, ამბობენ, რომ საფრთხის ქვეშ  არიან. ნოვრას ალიევი აცხადებს, რომ  ფიქრეთ აჰმადოვის მკვლელობის შემდეგ რამდენიმე სატელევიზიო არხისთვის მიცემული კომენტარის და მკვლელობის დაგმობის გამო მას სიკვდილით ემუქრებიან: „კომენტარის შემდეგ, სოფლის ერთ-ერთმა ვაჰაბისტმა მუქარის შემცველი ხმოვანი შეტყობინება გამომიგზავნა. შემატყობინეს, რომ ჭკუას მოვუხმო, თუ არადა მეც თავს მომაჭრიან“.

ფიქრეთის მკვლელობის შემდეგ საფრთხე მის ახლობლებსაც ემუქრებათ. მისი ბიძაშვილი ელმანი ამბობს, რომ სიცოცხლის მოსპობით მასაც ემუქრებიან, პოლიცია კი მის დასაცავად არაფერს აკეთებს.

„შემოგვითვალეს, თქვენ ხომ მხოლოდ ინტერვიუს მიცემა და საუბარი შეგიძლიათ. თავის მოჭრა, ადამიანის მოკვლა თქვენი საქმე არ არის. ეს მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია. ასე რომ, ჭკუით იყავითო“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, თეა პერტაია აცხადებს, რომ ფიქრეთ აჰმედოვის მკვლელობის საქმეზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას ვერ გასცემს.

სრულიად საქართველოს შეიხი რამინ იგიდოვი ამბობს, რომ ფონიჭალაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით მთავრობას სპეციალური მიმართვა გაუგზავნეს: „ეს სისხლის სამართლის შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეშფოთების მიზეზი ნამდვილად გვაქვს. მუსლიმი მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებში რადიკალურ მიმდინარეობებთან დაკავშირებით გარკვეული სამართლებრივი ზომების მიღება აუცილებელია. გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობა საჭირო ნაბიჯებს გადადგამს“.

ჩვენ კომენტარისთვის საქართველოს პარლამენტის რამდენიმე დეპუტატს დავუკავშირდით, მაგრამ მათ ამ თემაზე საუბარი არ მოისურვეს. „საქართველოს პარლამენტში ეს საკითხი არასოდეს განხილულა და ვერაფერს გეტყვით“, - ამბობს პარლამენტარი ელისო ჩაფიძე.

კონფლიქტოლოგი ვახტანგ მაისაია კი აღნიშნავს, რომ საქართველოში რადიკალური ისლამიზმის გავრცელება თუ არ შეჩერდება, ის მომავალში კიდევ უფრო ბევრ პრობლემას გამოიწვევს: „ვაჰაბიზმის რამდენი მიმდინარეობა არსებობს, ამის შესახებ მთავრობაში არც კი იციან. მიაჩნიათ, რომ ეს პრობლემა მხოლოდ მუსულმანური ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი. თუ არ იცი, რა არის სალაფიზმი, მის წინააღმდეგ ვერაფერს დაგეგმავ. საქართველოს მთავრობამ ამ სფეროს მცოდნე ექსპერტები და სხვა  ქვეყნების გამოცდილება უნდა გამოიყენოს“.

ფიქრეთის ძმა, ინთიზარი ამბობს, რომ ისლამის რადიკალურ მიმდინარეობას ხვალ და ზეგ კიდევ ბევრი ახალგაზრდა შეიძლება შეეწიროს: „ფიქრეთი ცოცხალი აღარ არის, მას ვეღარავინ დაგვიბრუნებს. თუ ასე გაგრძელდება, მომავალში ფიქრეთის ბედი, შესძლოა, ნებისმიერმა ჩვენგანმა გაიზიაროს. ეს არ უნდა მოხდეს“.

ინთიზარს იმედი აქვს, რომ მთავრობა ვაჰაბისტების წინაღმდეგ  გარკვეულ ზომებს აუცილებლად მიიღებს. 

 P.S.
სტატიაზე მუშაობის პერიოდში, ფიქრეთ აჰმედოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ერთ-ერთი თანამზრახველი დააკავეს. გამოძიება მას რამინ ისაევისთვის ქვეყნიდან გასვლაში დახმარებას ედავება. 

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას. 

 

ახალი ამბები