კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პირველი მარტიდან კახეთში ელექტროენერგიის გადასახადი ძვირდება

9 მარტი, 2016
 
 
ეკა ბრეგვაძე, კახეთი

1 მარტიდან კახეთში დენის საფასური 4 თეთრით გაძვირდება და მოსახლეობა 1 კვ ელექტროენერგიაზე 13-ის ნაცვლად 17 თეთრს გადაიხდის. ბუნებრივი აირი კი 1 აპრილიდან მხოლოდ თელავის მოსახლეობის ნაწილისთვის 11 თეთრით ძვირდება. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ისინი ტარიფის გაიაფებას ელოდნენ, მაგრამ პირიქით მოხდა.

 ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, დენის ტარიფის გაძვირების მიზეზი სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირების შეწყვეტა გახდა. მათივე ინფორმაციით, სუბსიდია, რომელიც წელიწადში 4 მილიონ ლარზე მეტს შეადგენდა, კახეთისთვის აღარ გამოიყოფა და მისი გადახდა კვლავ ადგილობრივებს მოუწევთ. ენერგეტიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფის მომატება კახეთის მოსახლეობის სხვა რეგიონების აბონენტებთან თანაბარ პირობებში ჩაყენებაა. რეგიონის მოსახლეობის სუბსიდირების პროგრამა, რომელიც ზამთრის სეზონიდან გამომდინარე სამი თვით გაგრძელდა, 2015 წლის 1 დეკემბერს დასრულდა. 

დენისა და გაზის მოსალოდნელმა გაძვირებამ მოსახლეობაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
“ხელისუფლება გვპირდებოდა, რომ ელექტროენერგია გაიაფდებოდა, არსებული ტარიფები განახევრდებოდა, მაგრამ გაიაფების ნაცვლად გააძვირეს, ხალხს ისე უჭირს, ტარიფის გაძვირების შემთხვევაში, უმრავლესობა ელექტროტექნიკას უკვე ვეღარ მოვიხმართ. პენსია წამლებშიც არ გვყოფნის, ყველაფერი ძვირდება, როგორ უნდა ვიარსებოთ“, – განაცხადა ეკატერინე ზარდიაშვილმა.

ტარიფების გაძვირებასთან დაკავშირებით ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ იმ მომხმარებლებისთვის, რომელთა მიერ ერთი თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა 301 კილოვატ საათს აღემატება, ელექტროენერგიის ღირებულება არ შეიცვლება და იგივე დარჩება.
,,კახეთის რეგიონის სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, კერძოდ მათ, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლია ან არ აღემატება 70 000 ქულას, 1 მარტიდანვე ამოქმედდება ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამა. მსგავსი პროგრამა უკვე მოქმედებს საქართველოს დანარჩენ რეგიონებში. პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, რომელთა მიერ ერთი თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა ტოლია ან არ აღემატება 301 კილოვატ საათს, მოხმარებულ ერთ კილოვატ ელექტროენერგიაზე 3,95064 თეთრის ოდენობით შეღავათს მიიღებს ", - აცხადებენ ენერგეტიკის სამინისტროში.

რაც შეეხება ბუნებრივი აირის გადასახადის გაძვირებას, იგი თელავის მოსახლეობის ერთი ნაწილისთვის ძვირდება. კომპანია "ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯია" 1 აპრილიდან 7000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირის საფასურს 11 თეთრით გაუძვირებს.
კომპანიის სერვისცენტრის დირექტორის დავით ჯირმიზაშვილის თქმით, ცვლილება მხოლოდ იმ აბონენტებს შეეხებათ, რომლებმაც ბუნებრივი აირი სახლებში 2008 წლის აგვისტოში შეიყვანეს. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ტარიფს არ გაზრდიდა, შესაძლოა, ბუნებრივი აირის ყიდვა ვეღარ მოეხერხებინათ. 

ადგილობრივი მცხოვრებნი ბუნებრივი აირის გაძვირებას აპროტესტებენ და გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ. ამისთვის მათ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

 „ჩვენ პროტესტი გამოვთქვით გაძვირების თაობაზე, ხელმოწერებს ვაგროვებთ  მოსახლეობაში და წარვადგენთ შესაბამის სტრუქტურებში. ვიბრძოლებთ რათა დენისა და გაზის ტარიფები არ გაიზარდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის ყველა ფორმას  გამოვიყენებთ ცივილურ და სამართლებრივ ფარგლებში“–განუცხადა humanrights.ge-ს  ნაციონალური მოძრაობის კახეთის ოფისის ხელმძღვანელმა, გიორგი ბოტკოველმა.

ახალი ამბები