კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახმეტაში ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი აგრესიის შესახებ კახეთის საინფორმაციო ქსელის ხელმძღვანელი მიმართვას ავრცელებს

30 მარტი, 2016
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

28 მარტს, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ლუხუმ შეთეკაურმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს, თამარ მოდებაძესა და ოპერატორ ზაურ ზავრაშვილს პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

ინცინდენტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს: ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლას, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ჟურნალისტების ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლია ხუროშვილი იცავს. მისი თქმით, ახმეტის შს სამმართველოში უკვე დაიკითხნენ ჟურნალისტები. ოქმი შედგა, წარდგენილ იქნა ვიდეო ჩანაწერი რომელიც გადაღებული ჰქონდა ოპერატორს და ნივთმტკიცების სახით დაერთო საქმეს. 

როგორც  კახეთის საინფორმაციო ქსელის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი მომხდარ ამბავთან დაკავშირებით ამბობს, ეს შემთხვევა პირველი არ არის.
„2016 წლის 19 მარტს ახმეტაში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ანგარიშსწორების მიზნით საინფორმაციო ცენტრების ქსელის ანალიტიკოსს გელა შაშიაშვილისთვის ავტომობილის დაჯახება სცადა. აგრესიის გამოვლენის ეს სახიფათო ფაქტი პირდაპირ უკავშირდება გელა შაშიაშვილის სამსახურებრივ საქმიანობას“,- განაცხადა გელა მთივლიშვილმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე. 

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 19 და 28 მარტს ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი აგრესიის, ფიზიკური შეურაცხყოფის და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს. მედიაორგანიზაციის განცხადებით, დაუსჯელობის სინდრომი ბუნებრივად იწვევს უფრო მძიმე სამართალდარღვევებს. კახეთის საინფორმაციო ცენტრი ითხოვს, ხელისუფლებამ უზრუნველყოს ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და თანაბარი ხელმისაწვდომობა საჯარო ინფორმაციაზე.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აგრესიის გამოვლენის ორივე ფაქტი პირდაპირ უკავშირდება კახეთის საინფორმაციო ცენტრის პროფესიულ საქმიანობას, კერძოდ კი ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის, გამგებლის ბექა ბაიდაურის, საკრებულოს და გამგეობის ცალკეული თანამდებობის პირების საქმიანობასთან დაკავშირებით კრიტიკული მასალების მომზადებასა და გამოქვეყნებას, რომლებსაც, მიუხედავად დანაშაულის ნიშნების აშკარა არსებობისა, სამართალდაცვის ორგანოების მხრიდან არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია“,- განაცხადა მთივლიშვილმა.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ჟურნალისტების მიმართ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირთა აგრესიულ ქმედებებს ხელს უწყობს და ახალისებს კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის უარყოფითი დამოკიდებულებაც კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიმართ.

 „გთხოვთ, გამოიყენოთ ყველა ლეგიტიმური ბერკეტი და საშუალება, რათა ადგილობრივი ხელისუფლების თანამდებობის პირთა მხრიდან ჩადენილი სამართალდარღვევები დროულად და ობიექტურად იქნეს გამოძიებული, ხოლო დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ყველა ბრალეულ მოხელეს დაეკისროს პასუხისმგებლობა კანონის შესაბამისად. ამასთან, გთხოვთ, უზრუნველყოთ ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა, თანაბარი ხელმისაწვდომობა საჯარო ინფორმაციაზე, მათ შორის თანამდებობის პირთა კომენტარებზე“-ასეთი თხოვნით მიმართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი  ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირს.

ახალი ამბები