კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოქრუაშვილის გუნდის ინიციატივამ გორში ხმაური გამოიწვია

31 მარტი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

„ქალაქმა დააფინანსოს ქალაქის ბავშვები, რაიონმა - რაიონის ბავშვები“ - ეს ინიციატივა გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველს, ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის. ამ ინიციატივის შესახებ მედიასთან ისაუბრა საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველმა. მეტრეველი ქალაქის ბიუჯეტიდან თანხების ხარჯვას რაიონში რეგისტრირებულ ბავშვებზე არამიზნობრივად მიიჩნევს. საკრებულოს თავმჯდომარე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები იმ ბავშვების დაფინანსებას  ითხოვს, რომლებიც  ქ. გორის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დადიან,  წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გამორიცხავს, რომ საბავშვო ბაღებმა ბავშვების მიღება საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით დაიწყონ.

„ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და მისი ყოფილი მოადგილე ნუკრი ჯოხაძეც ითხოვდნენ იმავეს, მათ მიმართეს რაიონს, რათა გამგეობას დაეფინანსებინა ბავშვების განათლება“,- აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველმა.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის გუნდის ინიციატივას საფუძველს მოკლებულს უწოდებს.

,,ასეთი საკითხის დაყენება არის აბსურდული და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, რადგან ქალაქის მერიამ დაფინანსება წლის დასაწყისში უკვე მიიღო ცენტრალური ბიუჯეტიდან საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების რაოდენობის მიხედვით. გორის მერია ვალდებულია, სუბსიდირებული თანხა ბავშვებს მოახმაროს სრულად. ამ საკითხში თანხის მოხსნა და სხვაგან გადამისამართება არის კანონის უხეში დარღვევა. იმედს ვიტოვებ, რომ გორის მერიისა და  საკრებულოს უმრავლესობას ეყოფა გონიერება და ასეთ კანონსაწინააღმდეგო და აბსურდულ წინადადებას არ დაუჭერს მხარს“, -განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა.

ქალაქ გორის საბავშო ბაღებში 393 ბავშვი გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაცხოვრებელია. ქალაქის საბავშვო ბაღებში სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ბავშვებიც ირიცხებიან.

სკოლამდე აღზრდის დაწესებულებები გორის მერიის განათლების განყოფილების დაქვემდებარებაშია, განყოფილების უფროსის, ნინო ბერიანიძის განცხადებით,  თვითმმართველობამ გადაწყვეტილება ხისტად არ უნდა მიიღოს.

„მნიშვნელოვანია თავად ბავშვების და მათი უფლებების გათვალისწინება, შესაბამისად, ხისტი პოლიტიკის გატარება იმ არგუმენტით, რომ საბავშო ბაღები მხოლოდ გორში რეგისტრირებულ  ან კიდევ გორის მოსახლეობის ბავშვებს უნდა ემსახურებოდეს ვფიქრობ, არ იქნება სამართლიანი. ეს საკითხი იქნება დაკავშირებული მთელ რიგ სირთულეებთან, განკარგულების პროექტში  საუბარია ვაუჩერულ დაფინანსებაზე სააღმზრდელო დაწესებულებების,  რაც მნიშვნელოვნად გაართულებს არსებულ სიტუაციას, ვის მიიჩნევენ გორელად და ვის უნდა მიეცეს ვაუჩერი.  უნდა არსებობდეს მუნიციპალიტეტებს შორის შეთანხმება, ეს არ ეხება მხოლოდ გორის რაიონის სოფლებში რეგისტრირებულ ბავშვებს“,- განაცხადა ნინო ბერიანიძემ.

ქალაქ გორის საკრებულოს სხდომა პირველ აპრილს არის ჩანიშნული. სხდომაზე ერთ-ერთი საკითხის სწორედ საბავშვო ბაღებს შეეხება. საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივას  საპირველაპრილო ხუმრობად მიიჩნევს გორის ნომერ პირველ  ბაგა-ბაღის  „ინტელექტის“ დირექტორი ლალი ბაიაძე „რადგანაც პირველ აპრილს არის საკრებულოს სხდომა მე მივიჩნევ, რომ ეს იქნება  ხუმრობა და მეტი არაფერი. ამ პროექტს ნამდვილად არ მიეცემა მსვლელობა, არ მგონია, რომ ამ პროექტს მხარი დაუჭირონ“, - განაცხადა ბაიაძემ.

საკრებულოს წევრებიდან აღნიშნული ინიციატივის მიმართ უარყოფითად არის განწყობილი პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი თამარ თედლიაშვილი. იგი არ აპირებს, მხარი დაუჭიროს ამ საკითხს.

ახალი ამბები