კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტიტას ხე ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის

31 მარტი, 2016
 
გიორგი ჯანელიძე

ციხისძირის სანერგე მეურნეობიდან ასწლოვანი ლილიოდენდრონი - ტიტას ხე შეკვეთილში გადაიტანეს. გიგანტური ხე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გემით წაიღეს. ის შეკვეთილში მშენებარე საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ, დენდროლოგიურ პარკში უნდა დარგონ. საკონცერტო დარბაზს  და პარკს შეკვეთილში ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი აშენებს. დენდროლოგიურ ბაღში გადასატანად ციხისძირში კიდევ  ჭაობის კიპარისის ორ ხეს ამზადებენ. 

ხეების გადატანის სამუშაოებს  ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია  - “ზიმო” ასრულებს. ამ კომპანიას აჭარის მთავრობამ ერთი ტიტას ხე და ორი ჭაობის კიპარისი საკუთრებაში პირდაპირი მიყიდვის წესით, 6200 ლარად გადასცა.

650-ტონიანი ტიტას ხის გადარგვის მოსამზადებელ სამუშაოებს თებერვალში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ისინი სამუშაობის წარმოებისთვის საჭირო შესაბამისი საბუთების წარდგენას და სამუშაოების შეჩერებას ითხოვდნენ. 10 თებერვალს,  საპროტესტო აქციის დროს,  სამართალდამცავებმა დაუმორჩილებლობის ბრალდებით  “ნაციონალური მოძრაობის” 2 წევრი და მოძრაობა “პარტიზანი მებაღეების” 3 აქტივისტი დააკავეს. ისინი მეორე დღეს გაათავისუფლეს, საპროტესტო აქციები კი კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდა.
„ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით, შპს „ზიმო“ აქ სამუშაოებს უნებართვოდ ასრულებს. ორმოცი ხის გადატანას აპირებენ ციხისძირიდან  და ჩაქვიდან. ამ ადგილის ფასს ხეები და ბუნება განსაზღვრავს. აქ თუ უცხოელი ჩამოდის და ამ ადგილს ათვალიერებს, ეს ამ ხეების დამსახურებაა,“ - ამბობს ბონდო თედორაძე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონული წარმომადგენელი და საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

პარტიზანი მებაღე, ნატა ფერაძე აცხადებს, რომ შპს „ზიმოს“ წარმომადგენლები შეკვეთილში  კიდევ 30-მდე ხის გადატანას აპირებენ: „ეს ხე რომ არ გაიხარებს, დარწმუნებული ვარ და ჩემს მოსაზრებას ბევრი ევროპელი სპეციალისტიც იზიარებს. ვერტიკალური ფესვი, რომელიც დამჭერ ფუნქციას ასრულებს, გადაჭრილია და პირველივე ძლიერი ქარის დროს, დიდი ალბათობით, ეს 40-მეტრიანი ხე წაიქცევა. სამწუხაროდ, ამ ხეს უნდა დავემშვიდობოთ და სხვა ხეების გადარჩენაზე ვიზრუნოთ. კიდევ ორი ხეა ნაყიდი და როგორც გავიგეთ, 30-მდე ხე აქვთ მონიშნული“.  

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, CENN-ის რეგიონული კოორდინატორი აჭარაში, ირაკლი მიქელაძე აცხადებს, რომ ტიტას ხე  წითელ წიგნში შეტანილი არ არის: „თუ ხეს მიწა და ფესვთა სისტემა შეუნარჩუნდება, მაშინ გადარგვაში საფრთხეს ვერ ვხედავ. გახარება-არ გახარების შანსი არის ორმოცდაათი ორმოცდაათზე. ერთწლიანი ნერგიც რომ გადარგოთ, გარანტიას ვერავინ მოგცემთ, რომ გაიხარებს. ტიტას ხე ჩრდილოეთ ამერიკული წარმოშობის მცენარეა. ის თავის დროზე, საქართველოში დეკორატიული მიზნით შემოიტანეს“.

სამშენებლო კომპანია „ზიმოს“ სამუშაოთა მწარმოებელი, ირაკლი შანავა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მობილურ ჯგუფთან საუბარში აცხადებს, რომ ის და მისი კომპანია ყველა წესის დაცვით მოქმედებს. 

ბუნების დამცველთა ინფორმაციით, გარკვეული პრობლემები, შესაძლოა, ხის ტრანსპორტირებამაც გამოიწვიოს და 650 ტონა ტვირთით დატვირთული ბარჟის გადაადგილებამ  წყალქვეშა კლდეები დააზიანოს და ე.წ. დელფინების ტრასაზე მოძრავი ზღვის ცხოველებიც დააფრთხოს. 

„ეს შეთხზული მითია. გემი კლდეს რომ დაეჯახოს, გემი დაზიანდება და არა კლდე. გარდა ამისა, იქ კლდეები არ არის. რაც შეეხება დელფინებს, ისინი აქტიური, მობილური ცხოველები არიან. სანაპიროსთან ახლოს ისედაც იშვიათად მოდიან. უფრო მოშორებით დაცურავენ ზღვაში, 300-400 მ სიღრმეში. ასეთ სიტუაციაში ისინი, როგორც წესი,  დროებით ერიდებიან სანაპირო ზოლს და შემდეგ ისევ უბრუნდებიან ნაცნობ ადგილს“,  - აცხადებს ზღვის ბიოლოგი და გარემოს ეროვნული სააგენტოს რეგიონული წარმომადგენელი, რეზო გორაძე. 

13 თებერვალს ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადარგვის სამუშაოების დასათვალიერებლად ბიძინა ივანიშვილი ჩავიდა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხეები მასთან დაკავშირებულმა კომპანია “ზიმომ” შეიძინა და კომპანიას ყველა საჭირო საბუთი წესრიგში ჰქონდა. თუმცა, ყოფილმა პრემიერმა სამუშაოები დროებით  მაინც შეაჩერა და აღნიშნა, რომ პროცესის კანონიერად წარმოების შესახებ დოკუმენტაციის გადამოწმებამდე ხეების გადარგვა არ მოხდებოდა. ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში ხის გადარგვის პროცესი ისევ განახლდა. 

ამ პროცესს  აკვირდებოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის რეგიონული ოფისი: „საკითხის ღრმა იურიდიული კვლევის დროს ხარვეზები ვერ აღმოვაჩინეთ. საზოგადოების მოთხოვნა, ამ ხეების გადარგვის თაობაზე მიეღო ინფორმაცია, იყო ლეგიტიმური,“ - აცხადებს საია-ს რეგიონული კოორდინატორი, გიორგი ხიმშიაშვილი. 

„აქ ყველაზე დიდი პრობლემა არის ერთი, კონკრეტული ადამიანის თავნებობა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების უგულებელყოფა. ეს ადამიანი ცდილობს, რომ საჭირო საბუთები არ მოაგროვოს, კანონს გვერდი აუაროს და ამით ხაზი გაუსვას თავის ძლევამოსილებას,“ - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის - “ბათომი”  წარმომადგენელი, შოთა გუჯაბიძე.

ამ მოსაზრებას იზიარებს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მონიტორი, თემურ რეხვიაშვილიც: „მიმაჩნია, რომ ხის ბედი წინა პლანზე არ არის წამოწეული. არ არსებობს დასკვნა, რომელიც ლილიოდენდრონის უსაფრთხო მომავალს დაასაბუთებდა.“
 
პარტიზანმა მებაღემ, ნატა ფერაძემ, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ოკლაჰომელ (აშშ) სპეციალისტთან, რიკ ბრაუნთან მიმოწერა გამოაქვეყნა. ბრაუნი ზღვაში მოცურავე ტიტას ისტორიას BBC-ის ვებგვერდზე გაეცნო: "საუბარია ძალიან დიდი ხის გადარგვაზე. ამ ზომის ხის წარმატებულად გადარგვის შანსი ძალიან შეზღუდულია. 
ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ ბევრად უფრო დიდი მიწის მასა სჭირდება, ვიდრე შესაძლებელია, რომ ხესთან ერთად ამოითხაროს... არსებული მიწის ზომის და წონის შეფასებისას, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ფესვებს, რომელთა შენარჩუნებაც შესაძლებელი იყო. გარდა ამისა, მთავარი ფესვი (დიდი ფესვი, რომელიც ვერტიკალურად სიღრმეში იზრდება, რათა წყალი და საკვები ნივთიერებები აითვისოს) მოიჭრა ძალიან მოკლე ნიშნულზე.
ხის ახალ ადგილმდებარობასთან დაკავშირებით ორი პრობლემა იქნება. პირველი არის ის, რომ ფესვთა სისტემა, სავარაუდოდ, საკმარისი არ იქნება იმისთვის, რომ საჭირო ოდენობის წყალი და საკვები ნივთიერებები აითვისოს ნიადაგიდან, ხის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. 
მეორე პრობლემა ხის სტაბილურობაა. ფესვთა სისტემის ოდენობა და განტოტვა, შესაძლოა, არ იყოს საკმარისი ხის მყარად დასაჭერად, განსაკუთრებით, თუ ის ქარიან ადგილას გადაირგა. 
შესაძლოა, რომ პირველი პრობლემა გადარგვის შემდგომ გადაბელვით, ნაწილობრივ გადაიჭრას. მაგრამ ეს საქმე აუცილებლად საჭიროებს არბორიკულტურისტს, რომელიც უხელმძღვანელებს ან თავად ჩაატარებს ამ სამუშაოებს. რაც შეეხება სტაბილურობის პრობლემას, არსებობს შანსი მისი ნაწილობრივ მოგვარებისა - იმ შემთხვევაში, თუ ხეს თოკებით დაამაგრებენ. თოკები საკმაოდ დაჭიმული უნდა იყოს იმისთვის, რომ ხე დაიჭიროს, მაგრამ ამავე დროს ხეს მოძრაობის საშუალებასაც უნდა აძლევდეს. კვლავ ვიმეორებ, რომ ამ საქმეს აუცილებლად სჭირდება პროფესიონალი არბორიკულტურისტი.

- ხის ახალი კლიმატი და ნიადაგი მსგავსია იმისა, რაც გადმორგვის ადგილზეა?
- არა, აბსოლუტურად განსხვავებული იქნება.
 - ეს ხისთვის, სამწუხაროდ, კიდევ ერთი დარტყმა იქნება.
    ვწუხვარ, კარგს ვერაფერს გეუბნებით!“ 

ამასობაში, ლილიოდენდრონი სპეციალური ტექნიკით ზღვაში ჩაუშვეს. 650-ტონიანი ხით დატვირთულმა ბარჟამ ციხისძირიდან შეკვეთილამდე 48 საათზე მეტი იცურა. გზადაგზა მას ურთულესი ბარიერები ხვდებოდა, მაგრამ დიდმა ფულმა ყველა პრობლემა დაძლია. ბოლო ასეთი შეფერხება ხეს შეკვეთილის ნაპირზე დახვდა, სადაც მისი ხმელეთზე ტრანსპორტირებისთვის წყალქვეშ, 150 მეტრის სიგრძეზე, ფილების დაგება გახდა საჭირო. 28 მარტს ხემ ხმელეთზე გადაინაცვლა. საბოლოოდ ის შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში დაიდებს  ბინას. 

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის - ადამიანის უფლებები რეგიონებში" - ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

ახალი ამბები