კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმრობა ციხის გარეთ

25 აპრილი, 2016
 
ქრისტინე პახომოვი 

ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება-შენახვისთვის გიორგი პავლიაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 8 წელი გაატარა. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მას 5 წლით ავტომობილის მართვის უფლება ჩამოერთვა. გიორგი პავლიაშვილი პროფესიით მძღოლია, როგორც თვითონ აცხადებს, მართვის უფლების ჩამორთმევა მას მუშაობის უფლებას უზღუდავს.

კანონმდებლობის თანახმად, ნარკოდამოკიდებულ პირს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ 3 წლის ვადით ერთმევა მართვის მოწმობა/მართვის უფლება. დამამძიმებელი გარემოებების (შენახვა/გასაღება) შემთხვევაში კი, ვადა 3-დან 5 წლამდე იზრდება.

გიორგი პავლიაშვილმა დახმარებისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართა. როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ნესტან ლონდარიძე humanrights.ge -სთან საუბარში აცხადებს, მნიშვნელოვანია, გიორგი პავლიაშვილს მიეცეს საშუალება მართოს ავტოსატრანსპორტო საშუალება, რადთა პროფესიით შეძლოს მუშაობა და ოჯახის შენახვა. 

„გიორგი პავლიაშვილს უნდა მიეცეს საშუალება, თავი საზოგადოების სრულუფლებიან წევრად იგრძნოს. მას სურს შრომა და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის გაწევა“,- განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ნესტან ლონდარიძემ.

პავლიაშვილი 8 თვეა, უშედეგოდ ცდილობს მუშაობის დაწყებას, თუმცა უშედეგოდ. მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი მეუღლის ხელფასია. 

„ჩემი მეუღლე პედაგოგია და მისი ხელფასი წარმოადგენს შემოსავლის ერთადერთ წყაროს. ჩვენი ოჯახის ერთ-ერთი წევრი სტუდენტია. მე კი საჯარო სამსახურში დასაქმების შესაძლებლობა არ მაქვს, არც იმის საშუალება მეძლევა, რომ ჩემი ოჯახი პროფესიით ვარჩინო და ტაქსის მძღოლად დავიწყო მუშაობა. ჩემს მდგომარეობაში ბევრია, მათ შორის ჩემი მეგობრებიც“,- განაცხადა გიორგი პავლიაშვილმა.

კავშირის „ახალი ვექტორი“, რომლის მისია ნარკოტიკების მომხმარებელთა საზოგადოებაში რეინტეგრაციისა და რეაბილიტაციის მხარდაჭერააა, ხელმძღვანელი კოკა ლაბარტყავა აცხადებს, რომ 2007 წლიდან ქვეყანაში რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ხორციელდება, რომელიც ნარკოტიკების მომხმარებელთა დევნასა და დასჯაზეა მიმართული.

„ქვეყანაში მოქმედმა პოლიტიკამ მოახდინა ნარკოტიკების მომხმარებელთა კრიმინალიზაცია და მათი იზოლაცია. შედეგად, გაუარესდა ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა და სოციო-ეკონომიკური გარემო. წამალდამოკიდებულ ადამიანებს სჯიან და სასჯელის ზომები უთანაბრდება ისეთ მძიმე დანაშაულებს, როგორიცაა: მკვლელობა, ყაჩაღობა და გაუპატიურება. გარდა ამისა, ნარკოტიკის მოხმარების გამო ადამიანებს შრომით უფლებებს უზღუდავენ. მათ 3, 5 ან მეტი წლით უსპობენ შესაძლებლობას მოახდინონ საკუთარი ადამიანური რესურსების რეალიზება“,- აღნიშნა კოკა ლაბარტყავამ.

ლაბარტყავას თქმით, „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელმა“ ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრთან და „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელთან“ ერთად საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა კოლექტიური სარჩელი შრომითი უფლებების ჩამორთმევის საწინააღმდეგოდ. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში გაიმართება სასამართლო პროცესი და იმედოვნებს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ნარკოტიკების მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მათ საზოგადოებაში ინტეგრირებას.

კავშირი „ახალი ვექტორის“ ხელმძღვანელის, კოკა ლაბარტყავას განცხადებით, გიორგი პავლიაშვილის მსგავსად აღნიშნული პრობლემა საქართველოს კიდევ 200 000 ადამიანს აწუხებს. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარებული დროის შემდეგ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმის ნაცვლად, სახელმწიფო მათ 3/5 წლით უზღუდავს თავისუფალი მოქმედებისა და ცხოვრების უფლებას. 

„აღნიშნული ფაქტი აზარალებს როგორც თავად იმ პირებს, ასევე მათ ოჯახებსაც. მაშინ როცა საჯარო სექტორში ვერ საქმდები, კერძო დამსაქმებელი კი ეჭვის თვალით გიყურებს, მუშაობის ერთადერთ საშუალებად თვითდასაქმება რჩება. თუმცა, ეს უფლებაც ეზღუდებათ და საარსებო მინიმუმის მოსაპოვებლად ისინი თუნდაც ტაქსზე მუშაობასაც ვერ ახერხებენ“,- აღნიშნა კოკა ლაბარტყავამ.
 

ახალი ამბები