კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაკურციხეში მცხოვრები დევნილები მთავრობის მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ

3 მაისი, 2016
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. მათი თქმით, ისინი ყველა დროის ხელისუფლებამ დაივიწყა. დღეს ისინი სიღატაკესა და გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. სოფელ ბაკურციხის ყოფილი კოლეჯის ორ შენობაში, დღესდღეობით, 35-მდე ოჯახი ცხოვრობს.

სოფელ ბაკურციხეში დევნილები საცხოვრებლად 2010 წელს გადავიდნენ. მას შემდეგ, რაც მათ კურორტი „ახტალა“ იძულებით დაატოვებინეს. 2010 წლამდე დევნილების 40-ზე მეტი ოჯახი კურორტ „ახტალის“ კორპუსებში ცხოვრობდა. რამდენიმე ოჯახი კი - ვეჯინის მოხუცთა პანსიონატში. ბაკურციხეში არსებული გაუსაძლისი პირობების გამო რამდენიმე ოჯახმა ყოფილი კოლეჯის შენობები დატოვა და საცხოვრებელი ფართი იქირავა.

2010 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დევნილებს ბაკურციხის საერთო საცხოვრებელში გადასვლა შესთავაზა, მაგრამ უმრავლესობამ, საყოფაცხოვრებო პირობების გაუარესების მიზეზით, საცხოვრებლის გამოცვლაზე უარი თქვა. დევნილები „ახტალიდან“ პოლიციის ძალით გაასახლეს. როგორც დევნილები ამბობენ, ბაკურციხეში გადმოსვლისას ხელისუფლების წარმომადგენლები ჰპირდებოდნენ, რომ სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ თავადისეულ მიწებს სასოფლო სამეურნეო ნაკვეთებად დაურიგებდნენ, მაგრამ ნაკვეთი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა იყიდეს და დევნილებს არ გადასცეს.

”ყველამ დაგვივიწყა. ჩვენი არსებობა არავის ახსოვს. არ ვიცი, ეს ზამთარი როგორ გადავიტანეთ. აქ პატრულის მიერ იძულებით და მოტყუებით გადმოგვასახლეს. სამსახური ჩვენ არ გვაქვს. არც სასოფლო სამეურნეო ნაკვეთები მოგვცეს. ლობიოსა და კარტოფილს მაინც მოვიყვანდით, დავიჭერდით თოხს და ვიმუშავებდით. ასე, ვზივართ მთელი დღე კორპუსში გამოკეტილები და ვნერვიულობთ უქონლობის გამო. უკვე 24 წელია, ასეთ სიღატაკეში ვცხოვრობთ.

რომ გვცოდნოდა, უკან, ჩვენს სახლებში არ დაგვაბრუნებდნენ, იქ დავრჩებოდით, 16 დღე ფეხით მოვდიოდით რომ სამშვიდობოს გამოვსულიყავით, მაგრამ თუ ასეთი დღე გვეწერა, ნეტავ, დავრჩენილიყავით ჩვენს სახლებში. ჩვენ იქ დიდი ქონება დავტოვეთ. აქ კი ვშიმშილობთ. მუშად დავდივართ, დაბალ ანაზღაურებას გვაძლევენ, 3 ლარადაც კი წავსულვართ სამუშაოდ. ახლა 15 ლარს გვიხდიან. ადგილობრივებისთვის კი 25 ლარია ანაზღაურება. თუმცა, უკვე ასეთი ფიზიკური დატვირთვაც აღარ შეგვიძლია. ვეჯინში კიდევ კარგად ვიყავით პურის ფულის შოვნას მაინც ვახერხებდით”, - აცხადებენ დევნილები.

დევნილების თქმით, მუნიციპალიტეტის ამჟამინდელმა გამგებელმა, გია გერგიძემ წინასაარჩევნოდ ხმის მიცემის სანაცვლოდ, ბევრი დაპირება გასცა, თუმცა დღემდე არცერთი დაპირება არ შეუსრულებია.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გია გერგიძის თქმით, აფხაზეთიდან დევნილებს აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაეხმარებიან: „დევნილების დახმარება ახლა ვერ შევძელით, აღდგომის დღესასწაული რომ ჩაივლის, აუცილებლად დავეხმარებით. დავიწყებულები ნამდვილად არ არიან, აღდგომას ჯერ უმწეოებს მივულოცავთ. დევნილებსაც აუცილებლად გავუწევთ შესაბამის დახმარებას“, - განაცხადა გამგებელმა.

„ერთხელ წინასაარჩევნოდ შემოგვითვალეს, მანდ ნუ ამოგვიყვანთ, ქვევით ჩამოდით, საჩუქრები მოგიტანეთო. ეს მოხდა ღამის 3 საათზე, არჩევნების დღე რომ თენდებოდა. ჩავედით ქვევით, მანქანებიდან გადმოყრილი მეორადი მოხმარების ფუთები დაგვხვდა. დამპალი და გამოუყენებელი ტანსაცმელი იყო, ყველა გადავყარეთ. ასე მწარედ დაგვცინეს“, - იხსენებენ დევნილები.

აფხაზეთიდან დევნილები humanrights.ge-სთან იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც განსაკუთრებით აწუხებთ. მათი თქმით, განსაკუთრებით მნიშნელოვანია დასაქმების საკითხი და საცხოვრებელში არსებული ინფრასტუქტურის გამართვა. როგორც დევნილები ამბობენ, წინასაარჩევნოდ მათ დენისა და ბუნებრივი აირის დასაფარად ვაუჩერების სახით შეღავათებსაც დაჰპირდნენ, თუმცა დღესდღეობით ისინი შეღავათებით არ სარგებლობენ.

„ჩვენ ვართ სოციალურად დაუცველები და არანაირი შეღავათები არ გვაქვს. უმუშევრები ვართ და კომუნალურ გადასახადებს ვერ ვიხდით, ამ ეზოში რამდენი ფუნქციადაკარგული შენობა დგას და ნადგურდება, რამე საწარმო მაინც გახსნან, იქნებ, ახალგაზრდები დაასაქმონ“, - აცხადებს ლეილა სანაია.

აფხაზეთიდან დევნილმა ეკატერინე მიმინოშვილმა ბაკურციხის ყოფილ კოლეჯში ცხოვრებაზე უარი თქვა და ბინა იქირავა. მას შემდეგ, რაც ბინა გაუქურდეს და საბუთები დაკარგა, ლტოლვილის სტატუსის გარეშე დარჩა, შესაბამისად, სოციალურ დახმარებასაც ვეღარ იღებს.

„ძალიან გამიჭირს, სულ მუშად დავდივარ მარწყვის კრეფაზე, ძალიან რთული საქმეა, მუხლები დამიავადდა, საოპერაციო მაქვს. ჩემს მეუღლეს სიმსივნე აღმოაჩნდა, თბილისშია, მკურნალობს. გვიჭირს, თუმცა, დევნილის დამადასტურებელ საბუთებს ვეღარ ვაკეთებ“, - ამბობს ეკატერინე მიმინოშვილი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დევნილის მოწმობის დაკარგვის მიზეზის გამო დევნილის სტატუსის შეჩერება გამორიცხულია. რაც შეეხება, კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესებას, სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დევნილებმა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით უნდა მიმართონ. რის შემდეგაც საკითხს შესაბამისი კომისია განიხილავს.

ნინა იარენკოს დევნილის შემწეობა ბინის სიდიდის გამო მოუხსნეს: ”აქ ჩემი ორი ქალიშვილი ცხოვრობდა, ისინი გათხოვდნენ და აქედან წავიდნენ. დიდი ფართის გამო კი შემწეობა მომიხსნეს. მე ვეჯინის პანსიონატში მშვენივრად ვცხოვრობდი, ტერიტორიულად ახლოს ვიყავით რაიონთან, მგზავრობაც იაფი იყო. აქ რაც გადმოვედი საცხოვრებლად, ცუდი პირობების გამო, ინფარქტი გადავიტანე, ბრონქებისა და ფილტვების ანთება მაქვს, 69 წლის ვარ და ასეთი ნესტიანი კედლები, როგორიც აქ არის, არსად არ მინახავს; ჭურჭელს რომ გამოვიღებ, იმასაც კი ობისა და ნესტის სუნი აქვს, ტანსაცმელი და ლოგინი გვიობდება. კედლებზე შპალერი არ ჩერდება“, - ამბობს ნინა იარენკო.

საცხოვრებლად შეუსაბამო პირობები, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, უმუშევრობა, უკიდურესი გაჭირვება, ჯანმრთელობის პრობლემები - ეს იმ პრობლემათა მცირე ჩამონათვალია, რაც ბაკურციხეში მცხოვრებ დევბილებს უკვე წლებია აწუხებთ. ისინი მთარობისგან დახმარებას ელოდებიან.
 

ახალი ამბები