კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქალაქ რუსთავის მერი კანონს არღვევს

30 მაისი, 2016
 
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი აპროტესტებს ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებას, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციას უარი ეთქვა, გაწევრიანდეს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში. 

მიმდინარე წლის 19 მარტს, სხვადასახვა სატელევიზიო არხებზე გასული სიუჟეტებით, ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის ცნობილი გახდა, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო და ჩატარდა საბჭოს პირველი სხდომა. 21 მარტს ადამიანის უფლებათა ცენტრმა წერილობით მიმართა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში გაწევრიანება. 

ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის 2015 წლის 22 ივლისის ცვლილების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, შექმნას სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ მეწარმე იურიდიული პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიიდან თავდაპირველ წერილობით მოთხოვნაზე პასუხი ვერ მიიღო. 13 აპრილს ორგანიზაციამ განმეორებით მიმართა მერს და მოითხოვა წერილობითი პასუხი. თითქმის ორთვიანი მსჯელობის შემდგომ, 17 მაისს ქ. რუსთავის მერიიდან  ცენტრმა  მიიღო პასუხი, რითაც მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა „განმარტა“, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განისაზღვრა საბჭოს წევრთა შემადგენლობა და ვინაიდან შემადგენლობა უკვე დაკომპლექტდა, არასამთავრობო ორგანიზაციის თხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დაკომპლექტებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში არ არის შესული არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია , მიუხედავად იმისა, რომ ამას მერს კანონმდებელი პირდაპირ ავალდებულებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა,  ადამიანის უფლებათა ცენტრს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას, დაუსაბუთებლად შეუზღუდა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით სარგებლობა - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში ყოფნის შესაძლებლობა, რითაც შეზღუდა არასამთავრობო ორგანიზაციის შესაძლებლობა, წარადგინოს მერთან  წინადადებები და  მოსაზრებები, მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემათა იდენტიფიკაციისა და აღმოფხვრის მიზნით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს ქ. რუსთავის მერს ბ-ნ დავით ჯიქიას დროულად და ეფექტურად გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიზნით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები