კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

2 წელია, გარდაცვლილის ოჯახს ექსპერტიზა ნეშთს არ უბრუნებს

30 ივნისი, 2016
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

29 ივნისს ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციაზე უფლებადამცველებმა  79 წლის ანზორ ღარიბაშვილის საქმეზე გაჭიანურებული გამოძიების შესახებ ისაუბრეს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ლია ხუროშვილის განცხადებით, 2 წლის წინ გარდაცვლილი 79 წლის ანზორ ღარიბაშვილის ოჯახი მიცვალებულის ნეშთს ეძებს, რომელიც გურჯაანის პოლიციამ ექსპერტიზაზე გადააგზავნა: „2014 წლის 17 ივლისს  ანზორ ღარიბაშვილი დაიკარგა, მას სამი თვის განმავლობაში კახეთის რეგიონალური სამაშველო სამსახური, შსს გურჯაანის რაიონული სამმართველო და ადგილობრივი მოსახლეობა უშედეგოდ ეძებდა.“
ხუროშვილის განცხადებით, 2014 წლის 12 ოქტომბერს ვაზისუბანში ერთმა პირმა აღმოაჩინა დაკარგულის პასპორტი და ოჯახის წევრებს შეატყობინა.  მათ დახმარებისათვის გურჯაანის პოლიციას მიმართეს. 

„სამართალდამცავებმა მიმდებარე ტერიტორიაზე ანზორ ღარიბაშვილის ძვლები იპოვეს, რომელიც გაბნეული იყო ნაწილებად. ახლობლებმა ნაპოვნ თავის ქალაზე ვერცხლისფერი კბილებით ამოიცნეს მოხუცი. გურჯაანის პოლიციამ მოხუცის ნეშთი იდენტიფიცირებისთვის გადააგზავნა. ახლობლებს კი განუმარტეს, რომ ექსპერტიზა ერთ თვეში დასრულდებოდა.თუმცა,2 წელია, რაც ცხედარს ოჯახს არ უბრუნებენ. პოლიციას უმოქმედობაში ვადანაშაულებთ, რადგან ამ ხნის განმავლობაში, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ოჯახს ნეშთი არ გადასცეს, რათა დაკრძალონ. ფაქტობრივად მეორედ დაიკარგა ეს ადამიანი. ახლა უკვე გამოძიების ორგანოებში გაუჩინარდა მიცვალებული“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ლია ხუროშვილმა.

ღარიბაშვილები ცხედრის დროულად გადმოცემას ითხოვენ, რათა მიცვალებული სათანადოდ დაკრძალონ.გარდაცვლილის შვილის თქმით, ოჯახი აღარც გამოძიებას ითხოვს და აღარც ექსპერტიზის პასუხებს, მათი ერთადერთი მოთხოვნა ცხედრის დაბრუნებაა.

„ნეშთი სად არის, დღემდე არ ვიცით. არაფერს აღარ ვითხოვთ, დავიღალეთ უკვე ამდენი სიარულით და ძებნა-ძიებით, დაგვამარხინონ, მიცვალებული დაგვრიბუნონ. ამბობენ, რომ განზრახ მკვლელობაა, რადგან თავის ქალაზე ისეთი დაზიანებებია, რომელსაც წაქცევის შედეგად ვერ მიიღებდა. ეს ვიცით მხოლოდ, დანარჩენი არაფერი ვიცით“, - აღნიშნა გარდაცვლილის შვილმა ნონა ღარიბაშვილმა.

როგორც humanrights.ge-ს გარდაცვლილის რძალმა, მაია ღარიბაშვილმა აცნობა, ამ ორი წლის განმავლობაში ანზორ ღარიბაშვილის შვილებისთვის დეენემის ანალიზისთვის ნიმუში არ აუღიათ.

„ექსპერტიზას როგორ უტარებენ არ ვიცი. გვითხრეს „დეენემის“ ანალიზი გაუკეთდებაო, მაგრამ დღესაც არ გაკეთებულა,  რადგან 3 შვილიდან არცერთი არ გამოუძახებიათ ანალიზის ჩასატარებლად. სამართალდამცავებმა მითხრეს, როგორც დასრულდება ექსპერტიზა მაშინვე გურჯაანის პროკურორს შევატყობინებთო”,- განაცხადა მაია ღარიბაშვილმა.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება არ დასრულებულა და საქმე სსკ-ის 115 მუხლით არის აღძრული, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ისინი ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.

ახალი ამბები