კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაღალმთიანი სოფელი ზიარი შეიძლება, მოსახლეობის გარეშე დარჩეს

2 ივლისი, 2016
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 1582 დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა. მათ შორის მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა სოფელ ზიარს. სოფელი ზიარი გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. 2002 წელს მოსახლეობის აღწერისას სოფელში 75 ადამიანი ცხოვრობდა. ამჟამად კი, სოფელში, დაახლოებით, 30 ადამიანი ცხოვრობს. სოფლის მოსახლეობის თქმით, სოფლიდან მიგრაციის პროცესი მაშინ დაიწყო, როდესაც სოფელი სკოლის გარეშე დარჩა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსი თითქმის ყველამ აიღო, რადგან კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ მათ ბარის მოსახლეობასთან შედარებით პრიორიტეტს ანიჭებს.

სოფელ ზიარს არ აქვს სკოლა, ამბულატორია, სასურსათო მაღაზია. სოფლის მოსახლეობას პროდუქტის შესაძენად გურჯაანში უწევთ წასვლა. გურჯაანი კი სოფელ ზიარიდან 7 კილომეტრითაა დაშორებული. სოფელში საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებაც არ დადის. 

ზამთარში გარესამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაც იკეტება, რადგან მოყინულ აღმართზე სატრანსპორტო საშუალებები ვეღარ გადაადგილდება. აპრილის თვემდე სოფელში ასვლა შეუძლებელია, მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში, ტყის გავლით, ფეხით გადაადგილდებიან. ადგილობრივები ბუნებრივი აირის შემოყვანას ითხოვენ, მათი თქმით, გაზი უახლოეს სოფელ ქოდალომდე უკვე შეიყვანეს. 

ადგილობრივების თქმით, დაახლოებით 15 ოჯახი, წლებია, რაც საცხოვრებელ სახლებს ვერ იკანონებს. თუ ისინი საკუთრებას არ დაარეგისტრირებენ, მაშინ მათ ქონებას აუქციონზე გაიტანენ. 

„სახლები, სადაც ახლა ვცხოვრობთ სოფელ ქოდალოში სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულთათვის აშენდა, თუმცა ორგანიზაცია დაიშალა და სახლებს მესაკუთრე არ გამოუჩნდა. მანამდე რაიონში ვცხოვრობდი, შვილს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ექიმმა მირჩია, მთაში წამომეყვანა საცხოვრებლად. ამიტომ სოფელში საშენებლო ორგანიზაციის მთავარ ინჟინერს, ვანო წიკლაურს ვთხოვე სახლი გადმოეცათ ჩემთვის და მანაც უფლება მომცა შევსახლებულიყავი ერთ-ერთ სახლში. ხელისუფლება დაგვპირდა, დაგიკანონებთ სახლებსო, მაგრამ დღემდე ვერ მოხერხდა. ამბობენ,  აუქციონზე უნდა გაიტანონო. ვერანაირ ფასად ვერ შევისყიდი, რადგან მე და ჩემი მეუღლე შრომის უუნაროები, უკვე 80 წელს გადაცილებულები  ვართ. გარდა ამისა, რამდენიმე წლის წინ, სახლის სახურავი დამეწვა, რადგან არავინ დამეხმარა ბანკის ვალით გადავხურე და ვალს დღემდე ვიხდი”, -აღნიშნა ვენერა გილიგაშვილმა.

მისივე თქმით, სამი სახლი პირად საკუთრებაში უკვე გაფორმებულია, დანარჩენებს კი ეუბნებიან არ შეიძლებაო. როგორც ზიარში მაცხოვრებლები ამბობენ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების ცვლილების დროს ხელახლა მიმართავენ ადგილობრივი  თუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუმცა უშედეგოდ.

”2014 წელს, სოფელ ქოდალოში, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩამოსული, შევხვდით და ჩვენი გაჭირვება ავუხსენით, მან ჩვენი თანდასწრებით კახეთის გუბერნატორ ირაკლი შიოლაშვილს დაავალა, ჩაინიშნე და ამ ხალხს მიხედეო, მაგრამ შემდეგ არავის გავხსენებივართ.

„რაიონის გამგებელმა გია გერგიძემ იმედი მოგვცა, ერთ კვირაში მოგიგვარებთ საქმეს, ეკონომიკის სამინისტროდან სიმბოლურ 1 ლარად გაგიფორმდებათ სახლებიო, მაგრამ ორ თვეზე მეტი დრო გავიდა უკვე“, - განაცხადა სოფელ ზიარის მოსახლეობამ.

როგორც humanrights.ge-ს გურჯაანის გამგებელმა, გია გერგიძემ განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მინისტრთა კაბინეტი იმსჯელებს: „რაც მოითხოვეს, ყველა საბუთი გადაგზავნილია და  დადებით პასუხს ველოდებით.“

გერგიძეს თქმით, ბუნებრივი აირის შეყვანა ზიარსა და ფხოველში ჯერჯერობით გეგმაში არ არის, რადგან ჯერ დიდ სოფლებში მიმდინარეობს მშენებლობა. იქ რომ დასრულდება შესაძლებელია, „სოკარმა“  სხვა სოფლებზეც იზრუნოს.

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა გარკვეული შეღავათებით ისარგებლებს. რეგიონებში მცხოვრები ოჯახები პირველ და მეორე ბავშვზე სახელმწიფოსგან ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიური დანამატის სახით, 100 ლარს მიიღებენ; მესამე და ყოველ შემდგომ ბავშვზე - ორი წლის განმავლობაში არანაკლებ 200 ლარის დახმარებას; ფიზიკური პირი თავისუფლდება საშემოსავლო და ქონების გადასახადებისგან, მეწარმე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსით, თავისუფლდება მოგების და ქონების გადასახადებისგან; პენსიებზე ყოველთვიური დანამატი იქნება არანაკლებ 20%, სოციალური პაკეტი 20%-ით გაიზრდება.

თუმცა, მიუხედავად პრიორიტეტებისა, სოფელ ზიარში არსებული პრობლემების გამო, სოფლის მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ „ზიარი“ დაცლილი სოფლების ნუსხაში მოხვდეს. 

ახალი ამბები