კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თუკი ბოშები არ მიდიან სახელმწიფოსთან, სახელმწიფო უნდა მივიდეს მათთან

20 ივლისი, 2016
 
 
ალეკო ცქიტიშვილი

ბოშები საქართველოშიც ისეთივე ჩაკეტილ და მარგინალიზებულ ჯგუფებად ცხოვრობენ, როგორც სხვა ქვეყნებში. ევროპაში მცხოვრებმა ბოშებმა კარგა ხანია, ხმა აიმაღლეს საკუთარი უფლებების დასაცავად. საქართველოში მათი სამოქალაქო პროტესტი ჯერ არ ისმის. საზოგადოებაში გაბატონებული სტერეოტიპები, სახელმწიფოსთან და კანონთან ხშირი კონფლიქტი, დისკრიმინაციულ და მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრება ბოშების თანმდევი პრობლემებია. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2003 წელს გამოაქვეყნა ანგარიში „ბოშათა უფლებები საქართველოში“, რომელშიც ასახულია ბოშების უფლებების მძიმე მდგომარეობა. ორგანიზაციის შეფასებით, პრობლემების უმეტესობა დიდწილად საქართველოს სახელმწიფოს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით არის გამოწვეული. მას შემდეგ 13 წელი გავიდა, მაგრამ ანგარიშში ასახული პრობლემები ძალაში რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ეკონომიკურად თვალშისაცემად განვითარდა და სოციალური გარემოც გაუმჯობესდა. ეს გარემოება მიგვანიშნებს, რომ ბოშათა უფლებების მძიმე მდგომარეობა მრავალი რთული ფაქტორითაა განპირობებული. 

საქართველოში მცხოვრები ბოშების რაოდენობის ოფიციალური სტატისტიკა ყოველთვის მიახლოებითია, რადგან მათ ნაწილს არც მოქალაქეობა აქვთ და არც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც მათი საცხოვრებელი სახლებიც არ არის რეგისტრირებული და შესაბამისად, ამ სახლებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია, წყალი და სხვა კომუნიკაციები. ბოშა  ბავშვები ხშირად არ ან ვერ დადიან სკოლაში. მარგინალიზებული ჯგუფისთვის უმეტესწილად ხელმისაწვდომი არ არის ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამები და სხვადასხვა სოციალური დახმარებები.

ამ და სხვა პრობლემების აღმოფხვრის გზებზე იმსჯელა სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის თემატურმა ჯგუფმა სხდომაზე, რომელიც 4 ივლისს სასტუმრო „რუმს თბილისში“ გაიმართა. ჯგუფის მუშაობას ფასილიტაციას უწევს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ ბოშათა სრულფასოვანი სამოქალაქო ინტეგრაცია კომპლექსური ღონისძიებების შედეგად იქნება შესაძლებელი. 

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორი, ბელა ოსიპოვა ბოშების პასიურობაზე ამახვილებს ყურადღებას: „ბოშები იშვიათად მიმართავენ სახელმწიფო ორგანოებს თავიანთი პრობლემების მოგვარების თხოვნით, რადგან დაკარგული აქვთ რწმენა, რომ ამ გზით მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება. ბოშების ნაწილი ცხოვრობს პირადობის დამადასტურებელი საბუთების გარეშე. ხშირია სახლში მშობიარობის შემთხვევები, რის გამოც ბავშვებს არა აქვთ დაბადების მოწმობა. ვინაიდან ბოშები არ მიდიან სახელმწიფო ორგანოებთან დახმარების თხოვნით, ამ ორგანოების წარმომადგენლები თავად უნდა მივიდნენ ბოშებთან, მოახდინონ მათი პრობლემების აღნუსხვა და შემდეგ გაუწიონ შესაბამისი დახმარება. ეს არის საუკეთესო გამოსავალი“.

მსგავსი მიდგომით მუშაობის კარგ მოდელად დასახელდა მობილური სკოლების კონცეფცია, რომლის დანერგვაც იგეგმება. განათლების სამინისტროს წარმომადგენელი ლელა ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ჯერ კიდევ ვერ ახერხებს სრულყოფილად ბოშა ბავშვების ჩართვას სასწავლო პროცესში: „კანონი ცალსახად ამბობს, რომ ყველა ბავშვმა უნდა მიიღოს განათლება, მაგრამ რეალობა გვიჩვენებს, რომ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არიან ბავშვები, რომლებიც ვერ იღებენ განათლებას. არიან ბავშვები, რომელთა მშობლებს ურჩევნიათ, შვილები ამუშაონ საველე პირობებში, ვიდრე ასწავლონ. მობილური სკოლა ამ პრობლემის აღმოფხვრას ხელს შეუწყობს“. 
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი ბოშებს სამართლებრივ დახმარებას უწევს აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - PROLoG-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში. პროექტი ითვალისწინებს სტრატეგიული სამართალწარმოების გზით, საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. პროექტში ადამიანის უფლებათა ცენტრის პარტნიორია უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი (ECMI),  რომლის წარმომადგენელი, ელენა პროშიკიანი იურისტებს ბოშათა თემთან კომუნიკაციასა და პრობლემების იდენტიფიცირებაში ეხმარება. 

ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრის ხელმძღვანელის, გიორგი სორდიას თქმით, ორგანიზაცია ფლობს მეტნაკლებად სრულ ინფორმაციას, სად და რამდენი ბოშა ცხოვრობს საქართველოში: „ბოშათა თემის საზოგადოებაში ინტეგრაციას ხელს უშლის მათ შესახებ დამკვიდრებული არასწორი ინფორმაცია, გაბატონებული სტერეოტიპები და წარმოდგენები. მაგალითად, თბილისში ლოტკინზე არის ე. წ. „ციგანსკი პოსიოლოკი“ ანუ ბოშათა დასახლება, მაგრამ სინამდვილეში აქ მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობას ბოშათა თემთან კავშირი არა აქვს და არც ბოშურ ენაზე საუბრობენ. ასევე, გვხვდება ბოშური ცხოვრების წესით მცხოვრები ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული ეთნიკური ჯგუფი, რომლის წარმომადგენლებიც ქურთულ ენაზე საუბრობენ და ძირითადად, ქურდობით ირჩენენ თავს. ქუთაისში მათ კონფლიქტი აქვთ იქაურ ბოშებთან. მსგავსი გაუგებრობები იწვევს საზოგადოების ნეგატიურ განწყობებს, რაც შეიძლება აგრესიაშიც გადაიზარდოს. მაგალითად, საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობისას, იყო სამწუხარო შემთხვევა, როდესაც გურჯაანში მცხოვრები ბოშები თავიანთი საცხოვრებელი ბანაკიდან აყარეს და მათ სახლებს ტრაქტორებით გადაუარეს“. 

სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის თემატური ჯგუფის სხდომაზე ელენა პროშიკიანმა კონკრეტული მაგალითების მოხმობით ისაუბრა ადგილობრივი ადმინისტრაციული ორგანოების არაეფექტურ მუშაობაზე. ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის ფარგლებში გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც გაჩიანში, ბოშათა დასახლებაში მცხოვრებ ბავშვებს რუსთავის სკოლაში მისაყვანად ფასიანი მიკროავტობუსი ემსახურება. ბავშვების ოჯახებს თვეში 40 ლარის გადახდა ძალიან უჭირთ, სკოლის დირექციას კი აქამდე არ მიუმართავს განათლების სამინისტროსთვის, უფასო ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით, რათა ბავშვებმა შეუფერხებლად შეძლონ განათლების მიღება. ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატირების შედეგად, განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლიდან უფასო ტრანსპორტს გამოყოფს ბოშათა დასახლებისთვის.

ახალი ამბები