კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ოთხ კედელს შორის ყოფნა რატომ უნდა მომესაჯოს?!“ - შშმ პირთა მტკივნეული პრობლემები

22 ივლისი, 2016
 
ნურანა მამმად

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  საქართველოში 2015 წლის 1 მარტისთვის  სახელმწიფო სოციალური დახმარების მიმღები 118 651 შშმ პირი იყო რეგისტრირებული. ეს საერთო მოსახლეობის  3 პროცენტია,  მაშინ, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ქვეყნების უმეტესობაში ეს რიცხვი საშუალოდ 10 პროცენტია.  

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირების ბედი არავის ანაღვლებს.  ჩვენც გვინდა ადამიანურად ვიცხოვროთ. თქვენც ხედავთ, აქ როგორი გზებია. შშმ პირი  აქ გადაადგილებას შეძლებს? გარეთ რომ გავიდე, აუცილებლად ვინმეს დახმარება მჭირდება. ჩემი მეუღლე მეხმარება ხოლმე. არ მინდა მას ტვირთად დავაწვე.  ოჯახის წევრები ვალდებულები არ არიან, ცხოვრება შემომწირონ. არადა, ეტლით ამ გზაზე მარტო გადაადგილება შეუძლებელია. ძველი ეტლია და სოფლის დანგრეულ გზებზე ხშირად ვყირავდები. აუცილებლად ვინმე უნდა დამეხმაროს.  პატარა ადგილი მაინც გაასწორონ, რომ ეტლით გასვლა შევძლოთ, ასეთი წვალება შეიძლებაა? გზისა და პანდუსის არარსებობის გამო ოთხ კედელს შორის ყოფნა რატომ უნდა მომესაჯოს? რა დავაშავე?“ -  კითხულობს მარნეულის რაიონის სოფელ ლეჟბადინში მცხოვრები ალლაჰგულუ საფაროვი, რომელიც წლებია, ეტლსაა მიჯაჭვული.

ქვემო ქართლში 8884 შშმ პირია  რეგისტრირებულია. თბილისში კი ეს მაჩვენებელი უფრო მეტია. შშმ პირები სახელმწიფოსგან პენსიის სახით 70-100 ლარს იღებენ. თანხის ოდენობას  შშმ პირისთვის მინიჭებული კატეგორია განსაზღვრავს. 

2013 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ „შშმ პირთა უფლებების“ კონვენცია მიიღო. ამ კონვენციას საქართველო 2013 წელსვე შეუერთდა. მიუხედავად ამისა,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაცია საქართველოში დღემდე ვერ ხერხდება. მთავარი პრობლემა შშმ პირებზე ადაპტირებული  ინფრასტრუქტურის არარსებობაა. ამ მხრივ ყველაზე მძიმე ვითარება რეგიონებშია. 

„შეზღუდული შესაძლებლობის გამო ოთხ კედელს შორის ვარ გამომწყვდეული. ხანდახან მგონია, რომ საპატიმროში ვიმყოფები. ფაქტობრივად,  ტუსაღი ვარ, დანაშაული კი არ ჩამიდენია. დამოუკიდებლად ქუჩაში გასვლა არ შემიძლია. მეუღლე მძიმე ავადმყოფია, ამიტომ ეზოდან გასვლაში მცირეწლოვანი შვილი მეხმარება. მის გარეშე არსად წასვლა არ შემიძლია. წარმოიდგინეთ, რამხელა ტვირთია ეს ბავშვისთვის. ამას ძალიან განვიცდი. იმის მაგივრად, რომ მე ვეხმარებოდე, ის აქეთ მეხმარება. ადამიანურად ცხოვრების უფლება ჩვენც გვაქვს. ბევრს არაფერს ვითხოვთ. როცა გზა გაჰყავთ, ისე გააკეთონ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანმა დამოუკდებლად გადაადგილება შეძლოს. შეზღუდული შესაძლებლობის გამო მთელი ცხოვრება ოთხ კედელს შორის უნდა გავატარო?“ - კითხულობს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახრალში მცხოვრები  აზად გოუშოვი. ის უსინათლოა და პირველი ჯგუფის ინვალიდი. 

საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ შშმ პირთა ასოციაციის თავმჯდომარე, როვშან ალიევი ამბობს, რომ შშმ პირებს ყველაზე მეტად ადაპტირებული გზების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა აწუხებთ: „გზები შშმ პირებზე გათვლილი არ არის: არც ეტლით მოსარგებლეთათვის და არც უსინათლოთათვის. უცხოეთში შუქნიშანზე გადასვლისას უსინათლოებისთვის სიგნალს იყენებენ. აქ გზაზე მარტო როგორ გადავალთ? ვერც ავტობუსით და ე.წ. მარშრუტკით ვსარგებლობთ. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ეტლით ასვლა წარმოუდგენელია. რაიონში რაიმე საბუთების მოსამზადებლად ან ექიმთან წასვლა თუ გვინდა, აუცილებლად ტაქსი უნდა დავიქირავოთ, რაც საკმაოდ ძვირია და შშმ პირების ისედაც მწირ ბიუჯეტს დიდ ტვირთად აწვება“, - აცხადებს ალიევი. 

ინკლუზიური საზოგადოება „საქართველოს“ ხელმძღვანელი გია ჯვარშეიშვილი წლებია უკვე შშმ პირების პრობლემებზე მუშაობს: „სამწუხაროდ, რეგიონებში არსებული ინფრასტრუქტურა შშმ პირებზე ადაპტირებული არ არის და და მისი ადაპტაცია არც უახლოეს მომავალში მოხდება. თბილისში შშმ პირებისთვის გარკვეული ინფრასტრუქტურა აქა-იქ მაინც არსებობს, რეგიონებში კი ამ მხრივ დღემდე არაფერი გაკეთებულა. წინ საპარლამენტო არჩევნები მოდის და არჩევნებისთვისაც კი ამ საკითხზე ყურადღებას არავინ ამახვილებს“. 

ჯვარშეიშვილი ამბობს, რომ შშმ პირების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის უზრუნველყოფისთვის ხელისუფლება თითქმის არაფერს აკეთებს, უმოქმედობა კი არა საბიუჯეტო თანხის, არამედ არასწორად განსაზღვრული პრიორიტეტების შედეგია. 

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

ახალი ამბები