კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეთნიკური აზერბაიჯანელები და საპარლამენტო არჩევნები

17 აგვისტო, 2016
 
ნურანა მამმად

მიიღებენ თუ არა მონაწილეობას 2016 წლის 8 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები - ამ კითხვით თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ჟურნალისტმა ქვემო ქართლში მცხოვრები მოქალაქეები გამოკითხა.  

2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის შედეგების თანახმად, ეთნიკური აზერბაიჯანელები  საქართველოს მოსახლეობის 6,3 %-ს შეადგენენ. საერთაშორისო ორგანიზაცია - უმცირესობათა საკითხთა ევროპული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების 40 % -ზე მეტმა მიიღო მონაწილეობა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მცხოვრები მაჰირ ხალილოვი 8 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე მისვლას არ აპირებს.

„ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი არცერთი პრობლემის მოგვარებაში არ დაგვხმარებია. გაზი და წყალი ისევ არ გვაქვს, გზები როგორ მდგომარეობაშია, თქვენ თვითონაც ხედავთ. წლებია,  პრობლემების მოგვარებას გვპირდებიან, მაგრამ არაფერს აკეთებენ. უმუშევრობა გვაწუხებს... არც თვითმმართველობის არჩევნების იმედი მაქვს და არც საპარლამენტოსი, არჩევნებზეც არ წავალ“, - განაცხადა მაჰირ ხალილოვმა.

მარნეულში მცხოვრები ასლან ბადალოვი კი აცხადებს, რომ ახლადშექმნილი პოლიტიკური  პარტიების შესახებ არაფერი იცის და არც საპარლამენტო არჩევნებს აქვს მისთვის დიდი მნიშვნელობა, რადგან მაჟორიტარი დეპუტატები მათი  პრობლემებით არ ინტერესდებიან: „პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებზე არაფერი ვიცით. სოფელში, ჩვენთან შესახვედრად არავინ მოსულა და არც ჩვენი პრობლემებით დაინტერესებულა ვინმე. რატომ უნდა მივცეთ ასეთ პარტიებს ხმა?“

ბოლნისის რაიონის სოფელ ფახრალში მცხოვრები სანან გურბანოვი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტია, ამბობს, რომ მოსახლეობის ნდობა პოლიტიკური  პარტიების მიმართ შემცირებულია.

„2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ეთნიკური აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში ამომრჩეველთა აქტივობა 50% იყო. გასულ წელს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზე კი ეს რიცხვი 32%-მდე დაეცა. მიზეზი ის არის, რომ კანდიდატებს, რომლებიც წინასაარჩევნოდ ბევრ დაპირებას იძლევიან, არჩევნების შემდეგ  ამ დაპირებების შესრულება ავიწყდებათ. ამიტომ პოლიტიკური პარტიების მიმართ მოსახლეობის ნდობა სულ უფრო მცირდება”, - აღნიშნა გურბანოვმა.

ელმედინ მამმადოვი მარნეულის რაიონის სოფელ დარბაზიდანაა. ის ილიას უნივერსიტეტის ევროპათმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობს. ამბობს, რომ არჩევნებში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას და ხმას  მაჟორიტარი დეპუტატობის რომელიმე ახალგაზრდა კანდიდატს მისცემს: „რამდენიმე პარტიის წინასაარჩევნო დაპირებებზე მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ბევრი პარტიის საარჩევნო პროგრამაზე არაფერი ვიცი. ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, რომლებმაც სახელმწიფო ენა არ იციან, პარტიებისა და მათი  პოლიტიკური პროგრამების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ამიტომაც არის, რომ ხალხი ძირითადად ხმას იმ პარტიას და კანდიდატს აძლევს, რომელსაც იცნობს ან რომლის შესახებაც ინფორმაცია აქვს.”

მარნეულში მცხოვრები ზიადხან გარახანოვი  არჩევნებზე წასვლას არ აპირებს. „პარტიების ლიდერები ძირითადად დიდ ქალაქებში ჩადიან, სოფლებში მცხოვრებ მოსახლოებას კი არ ხვდებიან. თუ პარტიის ლიდერი ჩვენთან შესახვედრად არ მოდის, რატომ უნდა დავიჯეროთ, რომ  არჩევნების შემდეგ ის ჩვენი პრობლემებით დაინტერესდება?  ეს არის მიზეზი, რის გამოც არჩევნებზე წასვლას არ ვაპირებ. არ მინდა ავირჩიო ისეთი პარტია და კანდიდატი, რომლისთვისაც ჩემი ხმა  მნიშვნელოვანი არ არის”,- განაცხადა ზიადხან გარახანოვმა.

ნაილი გოჯაევას, რომელიც დმანისის რაიონის სოფელ ორმაშენიდანაა, არჩევნებში მონაწილეობა აქამდე არასოდეს მიუღია: „არჩევნებზე წავალ, მაგრამ ჯერ არ ვიცი, ვის მივცემ ხმას. არ ვიცი, რომელი პარტიები და კანდიდატები იღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ეთნიკური აზერბაიჯანელი ქალების უმეტესობას პოლიტიკა არ აინტერესებს. ბევრ მათგანს განათლება არ აქვს, ბევრს კი ჩემ მსგავსად  - ინფორმაცია. ზოგადად, პარტიების დაპირებების არ მჯერა.“

ახალი ამბები