კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნებზე დაკვირვებისას ითანამშრომლებენ

2 სექტემბერი, 2016
 
ლანა გიორგიძე 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლეს ორგანოში (ცესკო), 2016 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, რეგისტრირებულია 25 საერთაშორისო და 48 ადგილობრივი ორგანიზაცია. დამკვირვებელთა რეგისტრაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ამის გათვალისწინებით, სიაში დამკვირვებელ ორგანიზაციათა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს.

30 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველი არჩევნების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს შეხვდა და საარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების მონიტორინგის შესახებ პროექტი წარუდგინა. ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატის 8 რეგიონულ ოფისში რეაგირების 26 ჯგუფი იმუშავებს, დაინიშნება 8 სასამართლო მონიტორი და ამდენივე რეგიონული კოორდინატორი. 

„საქართველოს სახალხო დამცველს არ აქვს დამკვირვებლის მანდატი, განსხვავებით არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა. არ გვაქვს უფლებამოსილება, უშუალოდ საარჩევნო უბნებზე დავაკვირდეთ არჩევნების პროცესის მიმდინარეობას, მაგრამ სახალხო დამცველს, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ ინსტიტუტს, აქვს შესაბამისი რესურსები იმისთვის, რომ ყველა შესაძლო დარღვევის ფაქტზე მოახდინოს რეაგირება. ამის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, რომ მოვიცვათ საქართველოს ყველა რეგიონი“, - განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველის თქმით, მომავალი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობის გათვალისწინებით, სახალხო დამცველის აპარატმა უკვე დაიწყო მობილური ჯგუფების შექმნა.

„სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებთან ერთად იმუშავებს 26 მობილური ჯგუფი. ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ არჩევნების დღის მონიტორინგი, არამედ წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგიც. ასევე, ჩვენი მიზანია, ინფორმაციის ეფექტური გაცვლა იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ჩართული არიან სადამკვირებლო საქმიანობაში“, - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

ომბუდსმენმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველის აპარატს ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა გეგმები აქვს სადამკვირებლო საქმიანობაში ჩართულ ორგანიზაციებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის, ლევან ნატროშვილის თქმით, ორგანიზაციას უკვე დაწყებული აქვს წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგი: „ძირითადად ვაკვირდებით პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით მომიჯნავე საკითხებსაც, რომელიც არჩევნებს უკავშირდება. წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგის შესახებ ანგარიშს სექტემბერში გამოვაქვეყნებთ. რაც შეეხება არჩევნების დღეს, ჩვენ ასევე გვეყოლება დამკვირვებლები, რომელთა რაოდენობა, დაახლოებით, 350-ია. მთელი ქვეყნის მასშტაბით გვეყოლება მობილური ჯგუფები. ვეცდებით, დავფაროთ პრობლემური უბნები და პრობლემური რეგიონები“.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს 1 ივლისიდან ახორციელებს. 

„გვყავს 68 გრძელვადიანი დამკვირვებელი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც 1 ივლისიდან აკვირდებიან საარჩევნო პროცესებს. „სამართლიანი არჩევნები“ აკვირდება, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას, ასევე პოლიტიკური პარტიების ამომრჩევლებთან შეხვედრებს. ორგანიზაცია ასევე აკვირდება პოლიტიკური პარტიების მიერ გაცემულ დაპირებებსა და ასევე - სავარაუდო დარღვევის ფაქტებს, რომლებიც შემდეგ ჩვენს ანგარიშებში აისახება. რაც შეეხება არჩევნების დღეს, ორგანიზაციას ეყოლება 800 -დან 1 000-მდე დამკვირვებელი უშუალოდ უბნებზე, ასევე გვეყოლება საოლქო კომისიების დამკვირვებლებიც. ამასთან, თბილისში იფუნქციონირებს ცენტრი, რომელიც შეაგროვებს რეგიონებიდან მოწოდებულ ინფორმაციებს და მიაწოდებს საზოგადოებას“, - განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა, მიხეილ ბენიძემ.

წინასაარჩევნო პროცესსა და არჩევნების დღეს აკვირდება ადამიანის უფლებათა ცენტრიც. ორგანიზაციის წარმომადგენლის, თამარ ავალიანის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ცენტრი საარჩევნო გარემოს დააკვირდება კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და ეთნიკური/რელიგიური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. 

„ადამიანის უფლებათა ცენტრი არჩევნებს დააკვირდება: შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, იმერეთსა და კახეთში. დამკვირვებლებს კოორდინაციას გაუწევს იურისტი. ასევე, თბილისის ოფისში განლაგდება საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც მიიღებს ყველა მონაცემს სამიზნე რეგიონებში მყოფი დამკვირვებლებისგან. მომზადდება ახალი ამბები და ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი მონაწილეობას მიიღებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ ბრიფინგებში, რათა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება“, - აღნიშნა თამარ ავალიანმა. 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს 120 დამკვირვებლითა და 5 მობილური ჯგუფით დააკვირდება საზოგადოებრივი დამცველი. ირინა ფუტკარაძის თქმით, დამკვირვებლები მობილიზებული იქნებიან შიდა ქართლის კონფლიქტისპირა სოფლებში, დევნილთა ჩასახლებებსა და თბილისში.

თუ სხვა ორგანიზაციები საქართველოს მასშტაბით აკვირდებიან წინასაარჩევნო და არჩევნების დღეს მიმდინარე პროცესს, მათგან განსხვავებით, გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ უბნებს ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ დააკვირდება.

„ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს განსხვავებული სპეციფიკით. ვაკვირდებით გამონაკლის შემთხვევბში შექმნილ ყველა უბანს, რომელთა რაოდენობა 23 სექტემბერს იქნება ცნობილი. წინა წლებისგან განსხვავებით, თავდაცვის სამინისტრო არ აპირებს, სპეც-უბნების შექმნას სამხედრო ბაზებზე, მაგრამ სამხედროები მიმაგრებული იქნებიან ახლომდებარე უბნებზე. ამიტომ, ორგანიზაცია დააკვირდება, როგორც სპეც-უბნებს, ასევე  - სამხედრო ბაზების მიმდებარე უბნებს“, - განაცხადა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის წარმომადგენელმა, მარი ბენდელიანმა.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, საარჩევნო კომისია ვალდებულია, შექმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ დამკვირვებელს შეეძლოს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება საარჩევნო კომისიაში მიმდინარე ყველა პროცედურასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები