კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი: „საარჩევნო ოლქების დაკომპლექტებისას რეგიონების თავისებურებები არ იყო გათვალისწინებული“

7 სექტემბერი, 2016
 
გიორგი ჯანელიძე

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, თავისი მანდატის ფარგლებში. სახალხო დამცველის ოფისი დააკვირდება. 25 აგვისტოს „ქორთიარდ მარიოტში“ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა მოახლოებულ არჩევნებსა და ომბუდსმენის აპარატის გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველმა Humanrights.ge-ს რამდენიმე კითხვას უპასუხა. 

- სახალხო დამცველი პირველად აკვირდება საარჩევნო პროცესსა და არჩევნებს, თავისი მანდატის ფარგლებში. კონკრეტულად, რა გეგმები გაქვთ? 

- სახალხო დამცველს არა აქვს უფლება, რომ უშუალოდ არჩევნების დღეს დამკვირვებლის ფუნქცია შეასრულოს. სახალხო დამცველი გეგმავს, რომ საქართველოს ყველა რეგიონში შექმნას სპეციალური მობილური ჯგუფები და მოახდინოს რეაგირება ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევებზე. ჩვენ ვიწყებთ, ასევე, პროექტს, რომლის ფარგლებშიც რეაგირება მოხდება იმ სავარაუდო დარღვევებზე, რომელთაც ადგილი ექნება როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, უშუალოდ, არჩევნების დღეს. მათ შორის, დაკვირვება მოხდება, სასამართლოში მიმდინარე საარჩევნო დავებზე. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად მეტი რეგიონი მოვიცვათ. აქედან გამომდინარე, გვექნება როგორც არსებული რესურსის გამოყენების შესაძლებლობა, რათა ჩვენი თანამშრომლები ჩართულნი იყვნენ ამ პროცესში, ასევე, მოგვეცემა პროექტის ფარგლებში დამატებით, სხვა პირების მოზიდვის საშუალება, რომლებიც უშუალოდ ჩაერთვებიან მონიტორინგის განხორციელებაში.    

- საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა თქვენი და მიხეილ შარაშიძის ერთობლივი სარჩელი საარჩევნო ოლქების ახალი წესით დაყოფასთან დაკავშირებით. საზოგადოების დიდი ნაწილი ამ სიახლეს მიესალმება, მაგრამ ხედავენ ხარვეზებსაც. რამდენად სწორად მიგაჩნიათ, მაგალითად, ნინოწმინდისა და ახალქალაქის, ტყიბულისა და თერჯოლის საარჩევნო ოლქების გაერთიანება ან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებით დასახლებული ერთი სოფლის მიეთება სხვა ეთნოჯგუფით დასახლებულ ოლქთან? 

- შეიძლება ითქვას, რომ ძველი სისტემა იყო დისკრიმინაციული. 5000 ამომრჩეველს ჰყავდა ერთი მაჟორიტარი წარმომადგენელი პარლამენტში და ამავდროულად, 150 000 ამომრჩეველსაც პარლამენტში ჰყავდა ერთი მაჟორიტარი დეპუტატი. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო პროგრესული, რათა ზოგადად, ეს პროცესი უფრო სამართლიანი გამხდარიყო. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვდით ისეთი მოდელის შექმნას, რითაც მომავალში სისტემა შეიცვლებოდა. სამწუხაროდ, მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, პარლამენტმა ასევე, მხედველებაში არ მიიღო, მათ შორის ჩვენი რეკომენდაციები, რომ გარკვეული საკითხები გათვალისწინებული ყოფილიყო მაჟორიტარული ოლქების დაკომპლექტებისას. მაგალითად, ის გეოგრაფიული არეალი, ის თავისებურებები, რაც გარკვეულ რეგიონებში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ან, თუნდაც, მაღალმთიან რეგიონებში არსებობს. ზოგადად, ამ საარჩევნო ოლქების დაკომპლექტების დროს უნდა ყოფილიყო ეს თავისებურებები გათვალისწინებული, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა.  რეალურად მოხდა ხელოვნური დაყოფა და შექმნა ამ საზღვრების, ამ ოლქების. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის ინტერესები უგულებელყოფილა და ამ მხრივ, შეიქმნა სერიოზული პრობლემები. მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად, გადაიხედოს მაჟორიტარული ოლქების ჩამოყალიბების წესი და ის თავისებურებები იქნას გათვალისწინებული, რაც ქვეყანაში არსებობს. პირველ რიგში, ისევ მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს ვუსვამ ხაზს ან თუნდაც იმ რეგიონებს, რომლებიც გარკვეულწილად ერთიან გეოგრაფიულ არეალს ქმნიან. არის რამდენიმე ასეთი რეგიონი ქვეყანაში. ამდენად, მოსახლეობის ინტერესი მაქსიმალურად უნდა იქნას გათვალისწინებული და არა, ისეთი ხელოვნური და ფორმალური დაყოფა, რაც სამწუხაროდ, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით განხორციელდა. 

- ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩმა“ უარი განაცხადა თქვენი რეკომენდაციის/მოთხოვნის შესრულებაზე საარჩევნო ვიდეორგოლის ინტერნეტ-სივრციდან მოხსნის შესახებ იმ არგუმენტით, რომ მასში ვერ ხედავენ რაიმე სახის დისკრიმინაციის შემცველ ელემენტებს. რა კომენტარს გააკეთებდა სახალხო დამცველი? 

- ჩვენ გავავრცელეთ განცხადება და რეკომენდაცია მივეცით ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომ მომხდარიყო ამ კონკრეტული ვიდეორგოლის მოხსნა ინტერნეტიდან, ვინაიდან სამწუხაროდ, ასეთი ტიპის რეკლამა ზოგადად, არღვევს გარკვეული ჯგუფის უფლებებს. შეიძლება ითქვას, რომ ასაკოვანი ხალხის მიმართ დისკრიმინაციულ განწყობას უფრო მეტად ამყარებს და ხელს უწყობს ასეთი მიდგომების ჩამოყალიბებას. აქედან გამომდინარე, ჩვენი საუბარი შეეხებოდა არა იმას, რომ ზოგადად, კლიპი იყო დისკრიმინაციული, არამედ, იმას, რომ ასეთი ტიპის რეკლამა, ზოგადად, რომელიც ვრცელდება ინტერნეტითა და მასმედიის სხვადასხვა საშუალებით, არღვევს მოქალაქეთა ამ ჯგუფის ინტერესებსა და უფლებებს, რადგანაც ხელს  უწყობს გარკვეული სტიგმებისა და საზოგადოებაში ამ ხალხის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის გამყარებას უწყობს ხელს. სამწუხაროა, როცა პოლიტიკური ორგანიზაცია არ ითვალისწინებს ჩვენს რეკომენდაციას. ეს ასაკობრივი ჯგუფი დგას, რეალურად, რისკის ქვეშ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მოხდეს მათი ერთგვარი დისკრიმინაცია.  

- როგორ შეაფასებდით საარჩევნო გარემოს, პროვოკაციებისა და კონფლიქტური ეპიზოდების თვალსაზრისით. კორცხელში მომხდარი შეტაკების შემდეგ მსგავსი ინციდენტებისგან რამდენად დაცულია წინასაარჩევნო პროცესი?  

- სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს პრაქტიკა, როდესაც წლების განმავლობაში არჩევნების დროს თუ წინასაარჩევნო პერიოდში არაერთი მსგავსი ინცინდენტი მომხდარა. ასეთ ფაქტებზე, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა ადეკვატური რეაგირება. ჩვენ განცხადება კორცხელში მომხდართან დაკავშირებითაც გავაკეთეთ, სადაც სამართალდამცავებს ადეკვატური რეაგირებისკენ მოვუწოდეთ, მაგრამ რადგანაც პოლიციის მხრიდან ჩართულობა (განსაკუთრებით - პირველ ეტაპზე), შეიძლება ითქვას, რომ იყო ნულის ტოლი, დაგვიანებული და რეალურად, კონკრეტულად არ დამდგარა მონაწილე პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ძალადობის წახალისება ხდება მსგავსი ფაქტებით, როდესაც არ ხდება კონკრეტული დამნაშავეების დასჯა. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება პირველი და უკანასკნელი შემთხვევა და შემდგომში აღარ მოხდება მსგავსი ინციდენტების გამეორება. თუმცა, რა თქმა უნდა, დაზღვეული არავინაა. ასეთ ფაქტებს როცა აქვს ადგილი, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ მოხდეს რეაგირება სამართალდამცავების მხრიდან და ეს იქნება ერთგვარი პრევენცია იმისთვის, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტიპის ძალადობის ფაქტები წინასაარჩევნო პერიოდში. 

- ცოტა ხნის წინ პოლიტიკურ ორგანიზაცია „ცენტრისტებს“ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდა. ცესკო და ხელისუფლება ამ პრორუსული ორგანიზაციის დარეგისტრირებას ერთმანეთს აბრალებენ. როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს და რა მექანიზმია საჭირო, მომავალში მსგავსი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად? 

- ეს მიუთითებს იმაზე, რომ საარჩევნო კანონმდებლობა დასახვეწია. არის ძალიან ბევრი ხარვეზი. აქედან გამომდინარე, ამ პროცესმაც კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ ზოგადად, კანონმდებლობა უნდა იყოს დახვეწილი, ისევე, როგორც ცესკოს საქმიანობა გარკვეულ რეგულაციებში უნდა იჯდეს და მეტი რამ არის გასაკეთებელი, რათა გამოკვეთილი იყოს, ვინ რას აკეთებს ამ პროცესებში. ამ საკითხის განხილვის დროს აღმოჩნდა, რომ ყველა ერთმანეთისკენ იშვერდა ხელს და საბოლოოდ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რამაც გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა საზოგადოებაში. ასეთი ფაქტები რომ არ განმეორდეს, აუცილებელია, კანონმდებლობა იყოს მაქსიმალურად დახვეწილი, რაც სამწუხაროდ, დღემდე არ არის განხორციელებული მთელი რიგი მიმართულებით.  

- რამდენად მომწიფებულია ქვეყანა და საზოგადოება იმისთვის, რომ არჩევნები არ გაყალბდეს? 

- მე ვფიქრობ, რომ ბოლო წლებში არჩევნები საკმაოდ დემოკრატიულად ჩატარდა. შეიძლება ითქვას, რომ არის საგრძნობი პროგრესი - აქ საუბარია როგორც საპრეზიდენტო, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, გარკვეულწილად, სადაც მნიშვნელოვნად, თავისუფალი გარემო იყო უზრუნველყოფილი. მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული დარღვევები, გარკვეულ ძალადობრივ ფაქტებსაც ჰქონდა ადგილი, მთლიანობაში გარკვეული პროგრესი შეინიშნება წინა წლების არჩევნებთან შედარებით. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის პროცესი-საზოგადოებაც ვითარდება, ხელისუფლების როლსაც აქვს გარკვეულწილად დიდი მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარებულია, რომ არჩევნებმა ჩაიაროს ნაკლები პრობლემებით, რომ არ იყოს ისეთი ფაქტები, როგორსაც ადგილი ჰქონდა წინა წლებში. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერს გვიჩვენებს დრო. ამიტომაც, არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოება იყოს მობილიზებული, არასამთავრობო ორგანიზაციები იქნება ეს თუ ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები და მედია აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესების გაშუქებასა და დაკვირვებაში და აქედან გამომდინარე, საზოგადოების თითოეული წევრის საქმიანობასა და პოზიციაზე, ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული.  

ახალი ამბები