კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის ფაქტებზე საუბრობს

7 სექტემბერი, 2016

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი 

„ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საარჩევნო კამპანიაში ხელს გვიშლიან. პირველი შემთხვევა სოფელ ნახიდურში მოხდა, ხოლო მეორე შემთხვევა სოფელ მამხუტში განმეორდა“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატმა სამირა ისმაილოვამ.

სამირა ისმაილოვას თქმით, მაჟორიტარობის კანდიდატი 20 კაციან ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა სოფელ მამხუტში, სადაც მოსახლეობისთვის ინფორმაცია უნდა მიეწოდებინათ პარტიის პროგრამის შესახებ. 

„დაახლოებით 5-10 წუთის შემდეგ ყვირილის ხმა მოგვესმა. ჩვენი ორი აქტივისტი მორბოდა და ყვიროდა - გვიშველეთო. მათ უკან მოსდევდათ ოპელის მარკის ავტომობილი, რომლის მძღოლი ცდილობდა, ჩვენს აქტივისტს დაჯახებოდა. მე აქტივისტებისკენ გავიქეცი და მძღოლმა მანქანა პირდაპირ ფეხებთან გამიჩერა. ავტომობილიდან გადმოსულმა მძღოლმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა. მისი თქმით, უფლება არ გვქონდა სოფელში კარდაკარ სიარულის“, - განაცხადა სამირა ისმაილოვამ.

ისმაილოვას თქმით, ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლი აივაზ გუსეინოვია. 
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალურ გვერდზე მითითებულია, რომ იგი არის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ მამხუტში. თუმცა, თვითონ იმასაც ამობდა, რომ იგი სოფელში „ქართული ოცნების“ კოორდინატორია“,- აღნიშნა სამირა ისმაილოვამ.

ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატმა შემთხვევის დროს პოლიციაც გამოიძახა. პოლიციამ ყველა მათგანი განყოფილებაში გადაიყვანა. პოლიციის განყოფილებაში, ისმაილოვას თქმით, აივაზ გუსეინოვს საკრებულოს ერთი წარმომადგენელი ახლდა და ამხნევებდა.

ბოლნისის გამგეობაში განაცხადეს, რომ აივაზ გუსეინოვი წელიწადზე მეტია, მათი თანამშრომელი აღარაა. მათი თქმით, გამგეობის ოფიციალურ საიტზე ძველი ინფორმაციაა მითითებული.  

„ქართული ოცნების“ ბოლნისის ორგანიზაციაშიც აცხადებენ, რომ აივაზ გუსეინოვი  მათი პარტიის წევრი არაა.
შსს-ს ინფორმაციით, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ხელის შეშლის ფაქტებზე პოლიციამ რეაგირება მოახდინა და საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს.

ახალი ამბები