კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ

30 სექტემბერი, 2016
 
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

„თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვახტანგ ბეჟიტაშვილი მუნიციპალიტეტის გამგებელს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. ბეჟიტაშვილის თქმით, გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი სამსახურეობრივი ავტომობილით „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან მივიდა, რისი ამსახველი ვიდეომასალა ბეჟიტაშვილმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. 

„როდესაც ვკითხე, რას აკეთებდა ოცნების კანდიდატის საარჩევნო შტაბთან სამსახურეობრივი ავტომობილით, მან მიპასუხა, რომ კარი აერია და აფთიაქში მიდიოდა. ეს არის ტყუილი. კასპის მოსახლეობას კი არ სჭირდება ისეთი გამგებელი, რომელიც აფთიაქისა და შტაბის კარს ვერ არჩევს ერთმანეთისგან. ჯობდა, ეღიარებინა კანონდარღვევა“,- განაცხადა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას უარყოფს. იგი ,,თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარ კანდიდატს მისი სამსახურეობრივი ავტომობილის საბურავების დაშვებაში ადანაშაულებს და ამ ფაქტის დასადასტურებლად ფოტო-მასალას აქვეყნებს. პასუხად ბეჟიტაშვილმა განაცხადა, რომ ფოტო იმ დროს არის გადაღებული, როდესაც იგი თასმებს იკრავდა.

„შტაბთან ავტომობილი იმიტომ გავაჩერე, რომ სხვაგან ადგილი არ იყო, ამის შემდეგ წავედი სხვა ავტომობილით აგიტაციის ჩასატარებლად. ბეჟიტაშვილმა კი ჩემს სამსახურეობრივ ავტომობილზე საბურავები დაუშვა, რათა ჟურნალისტებს დაეფიქსირებინათ ჩემი ავტომობილი შტაბის წინ. დეპუტატობის კანდიდატს ისე რომ გაუჭირდება, რომ ავტომობილის საბურავები დაუშვას, ესაა განსახილველი და არა ის, გამოვიყენე თუ არა ადმინისტრაციული რესურსი“,- აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გოჩა გოჩიტაშვილმა.

ვახტანგ ბეჟიტაშვილი ასევე საუბრობს გამგებლის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სხვა ფაქტებზე. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის აიპ-ის თანამშრომელმა „ქართული ოცნების“ კანდიდატის ბილბორდის გამაგრებითი სამუშაოები ჩაატარა, რაშიც მაჟორიტარ კანდიდატსა და პარტიას საფასური არ გადაუხდია. კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი კი აცხადებს, რომ სახელისუფლებო კანდიდატის საარჩევნო ბილბორდი ქარმა დააზიანა და უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა.

ახალი ამბები