კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეთნიკური აზერბაიჯანელები და არჩევნები

30 სექტემბერი, 2016
 
ნურანა მამმად 

2012 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტში ეთნიკური უმცირესობის 8 წარმომადგენელი მოხვდა. 2008-2012 წლებში მათი რაოდენობა 6 იყო, 2004-2008 წლებში – 12, ხოლო 1998-2004 წლებში - 16. „ქართულ ოცნებას" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ სიაში ეთნიკური უმცირესობის  7  წარმომადგენელი ჰყავს, მათგან პირველი მე-19 ადგილზე,  „ნაციონალურ მოძრაობას" კი - 13, აქედან პირველი რიგით 26-ე ადგილზე. 

რას  შეცვლის ეთნიკური აზერბაიჯანელების ყოფნა პარლამენტში? ჩვენ  მიერ გამოკითხული დეპუტატობის კანდიდატები  აქცენტს ამჟამად არსებულ პრობლემებზე აკეთებენ, მათი გადაწყვეტის გზებზე კი ნაკლებად საუბრობენ.
ბენიამინ კასიმოვი „თავისუფალი დემოკრატების” პარტიულ საარჩევნო სიაში რიგით მეთვრამეტეა. კასიმოვი ამბობს, რომ ეთნიკური  აზერბაიჯანელები საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არ არიან ჩართულნი, რისი მთავარი მიზეზიც  ქართული ენის არცოდნაა.

 „ერთია პოლიტიკაში ფორმალურად ყოფნა და მეორეა ეფექტური ჩართულობა. სამწუხაროდ, ეთნიკური აზერბაიჯანელები საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მხოლოდ ფორმალურად არიან ჩართულნი. დღეს ეს ტენდენცია იცვლება  და ახალგაზრდები პოლიტიკით უფრო მეტად ინტერესდებიან.  ეს კი იმის შედეგია, რომ მათ ქართული ენა წინა თაობასთან შედარებით უკეთესად იციან. იმისთვის, რომ აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონებში არსებული ადგილობრივი პრობლემები გადაიჭრას,  ცენტრიდან ლობირებაა საჭირო.  სახელმწიფო ენის არცოდნის პრობლემა მთლიანად რომ აღმოიფხვრას, ქართული ენის გაკვეთილები უფრო ინტენსიური უნდა გახდეს და მისი უკეთ შესწავლის მიზნით ეფექტური პროგრამები დაინერგოს. როცა სახელმწიფო ახორციელებს 4+1 პროგრამას (პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდა. აქ მოხვედრა მხოლოდ ერთი გამოცდით, ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტის ჩაბარებითაა შესაძლებელი. ჩარიცხვის შემდგომ სტუდენტი  ერთი წელი ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს, რაც ენის ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება, იმდენად, რომ მომდევნო ოთხი წელი სწავლა ბაკალავრიატის საფეხურზე შეძლოს ), გათვალისწინებული უნდა იყოს  განათლების უფლება: სახელმწიფო ენის შესწავლისთვის სახელმწიფო საკუთარი მოქალაქისგან ფულს არ უნდა იღებდეს“, - აღნიშნა ბენიამინ კასიმოვმა.

აზერ სულეიმანოვი  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრია. იყო რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი. ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ სიაში ეთნიკური უმცირესობების პირველი წარმომადგენელია  - რიგით 26-ე. სულეიმანოვი ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმატებად პროგრამის - 4+1 ამოქმედებას მიიჩნევს,  არსებული პრობლემებიდან ყველაზე დიდ გამოწვევად კი უმუშევრობას ასახელებს:  „2003 წელს უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ 7 ეთნიკური აზერბაიჯანელი  სწავლობდა. უმაღლესი განათლების მიღების გზაზე მათთვის ყველაზე დიდი დაბრკოლება ქართული ენის არცოდნა იყო. ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით სახელმწიფომ დაიწყო პროგრამა -  4+1. ამჟამად სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში 3000-მდე  ეთნიკური აზერბაიჯანელი სწავლობს. დღეს ძალიან ბევრმა ეთნიკურმა აზერბაიჯანელმა იცის  კარგად ქართული ენა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის სამსახურს ვერ შოულობს. საქართველოში შემოსული აზერბაიჯანული კომპანიები რომ არა, აქ ვერცერთი ეთნიკური აზერბაიჯანელი სამსახურს ვერ იშოვიდა.“

სამირა ისმაილოვაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ბოლნისში. ისმაილოვა ამბობს, რომ ბოლნისში ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში, შეჩერებულია წარმოება, არის დასაქმებისა და ეკონომიკურ-სოციალური პრობლემები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აქცენტს ნაადრევ ქორწინებასა და ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებზე აკეთებს: „ქალებს არ აქვთ ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ. ისინი ხშირად არიან ძალადობის სხვადასხვა ფორმის მსხვერპლნი, მაგრამ ამ ძალადობის შესახებ ღიად არ საუბრობენ. მიზეზი არის ის, რომ მათ განათლება არ აქვთ.  გოგონებს აქვთ განათლების მიღების უფლება და მათი  ეს უფლება სახელმწიფომ უნდა დაიცვას. კვლავ გადაუჭრელია ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემა. ბოლო 4 წლის მონაცემები გვიჩვენებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს ამ საკითხის მიმართ  არ აქვთ მგრძნობიარობა. კანონის აღსრულება არაეფექტურია -  ხშირ შემთხვევებში არასრულწლოვანთან ქორწინებაში ბრალდებულებთან  ფორმდება საპროცესო გარიგება  და მათ არ აპატიმრებენ. შესაბამისად, ასეთ კანონს არ აქვს პრობლემის პრევენციის ფუნქცია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელი მის მიერ შემოღებული კანონის აღსრულებას და მის ეფექტიანობას არ აკვირდება და არც მოსახლეობას აწვდის საჭირო ინფორმაციას.”

ისრაფილ ბაირამოვი ბლოკის - „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია მარნეულის N36  საარჩევნო ოლქში. ის ყურადღებას აზერბაიჯანულენოვანი სკოლების შენარჩუნებასა და ამ სკოლების ახალი კადრებით უზრუნველყოფაზე ამახვილებს: „პედაგოგობის მსურველი ახალგაზრდები სასწავლებლად  აზერბაიჯანში უნდა გაიგზავნონ ან კიდევ საქართველოში უნდა გაიხსნას აზერბაიჯანულენოვანი პედაგოგიური ფაკულტეტები.  მასწავლებლები მაქსიმალურად უნდა მუშაობდნენ იმისთვის, რომ ბავშვებს ქართული ენა კარგად შეასწავლონ. ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში აზერბიჯანული  მეორე ენა უნდა გახდეს, პარლამენტში კი ეთნიკური აზერბაიჯანელებისათვის დაწესებული კვოტა გაუქმდეს.” 

პარლამენტარი ალი ბაბაევი ამბობს, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ეთნიკური აზერბაიჯანელების  ჩართულობა ნელა, მაგრამ მაინც იზრდება: „ვითარება იცვლება, ხალხი უფრო მეტად ინტერესდება პოლიტიკით. სხვადასხვა პარტიების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად და  საარჩევნო სიებში  უკვე ბევრი ეთნიკური აზერბაიჯანელია."

რა აფერხებს ეთნიკური აზერბაიჯანელების საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრირებას?

ეთნიკური აზერბაიჯანელების საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში სრული ინტეგრირებისთვის  მხოლოდ მათი საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა საკმარისი არ არის. საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელთა კონგრესის ხელმძღვანელი  და ქვემო ქართლის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე, ჰუსეინ იუსიფოვი  მიიჩნევს, რომ  ამ პრობლემის გადასაჭრელად მოსახლეობის განათლების, მათ შორის პოლიტიკური განათლების დონე ამაღლდეს და მათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შეძლონ: "შევარდნაძის დროს გავრცელდა მითი, რომ ეთნიკური უმცირესობები ხმას მხოლოდ სამთავრობო პარტიას აძლევენ  და მათთან  სხვა პარტიების მუშაობას აზრი არა აქვს. ამ მოსაზრებას რეალობასთან არაფერი აქვს საერთო. მოსახლეობის დიდ ნაწილს სხვადასხვა პარტიების არსებობის შესახებ ინფორმაციაც კი არ ჰქონდა. ქვემო ქართლში მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლობა იყო, სხვა პარტიებს კი ოფისებიც არ ჰქონდათ. ხალხი ხმას აძლევს იმ პარტიას, რომლის შესახებაც ინფორმაცია აქვს. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პერსონალურ ურთიერთობებს. ეთნიკური აზერბაიჯანელები ძირითადად ხმას იმ პარტიებს აძლევენ, სადაც მათი ნათესავები და ნაცნობები არიან. მოსახლეობის დიდი ნაწილი საერთოდ არ ინტერესდება  მათი საარჩევნო პროგრამით. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონებში არჩევნებში ძირითადად ისეთი პარტიები იმარჯვებენ, რომელთა საარჩევნო პროგრამაშიც ეთნიკური უმცირესობების შესახებ არაფერი წერია. ეს პოლიტიკური გაუნათლებლობის ბრალია."

„ქართული ოცნების" მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ამირან გიორგაძე აცხადებს, რომ  ეთნიკური აზერბაიჯანელების საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრირებისთვის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს:  „ეთნიკური აზერბაიჯანელები მონაწილეობენ არჩევნებში. ისინი წარმოდგენილები არიან როგორც საარჩევნო კომისიებში, ისე პოლიტიკურ პარტიებში.  ჩვენი პარტიის საარჩევნო პროგრამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ მოსახლეობას აზერბაიჯანულ ენაზეც ვაწვდით. იმისთვის, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელები დასაქმდნენ ან პოლიტიკაში იყვნენ ჩართულები, ქართული ენა უნდა იცოდნენ. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ეთნიკურმა უმცირესობებმა ქართული ენა ისწავლონ. ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა არის ქართულ ენაზე. ამ მიზნით შექმნილია ძალიან ბევრი სახელმწიფო პროგრამა.  თუ არ სწავლობენ, ეს მათი პრობლემაა. სახელმწიფომ მათ ქართული ენის სწავლისთვის ყველა პირობა შეუქმნა."

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ეთნიკური უმცირესობების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირების გზაზე მთავარი დაბრკოლება ქართული ენის არცოდნაა, არჩევნებში მათი ჩართულობის მხრივ კი -  განათლების დეფიციტი." მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის შემდეგ საარჩევნო დოკუმენტები ეთნიკური უმცირესობების ენებზე ითარგმნება, ცხადი გახდა, რომ მხოლოდ თარგმანი უმცირესობების ინფორმირებისა და ჩართულობისთვის საკმარისი არ არის. 2012 წელს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიკაციასა და სამოქმედო გეგმის შექმნაზე მუშაობდა, " - აცხადებენ ცესკო-ში. 

როგორც ცესკო-ში აღნიშნეს, პრობლემების იდენტიფიკაციის შემდეგ  ეთნიკური უმცირესობების განათლების და ინფორმირების ამაღლებისთვის მთელი რიგი ღონისძიებები განხორციელდა: ცესკო-ს საინფორმაციო ცენტრებში ეთნიკური აზერბაიჯანელები და სომხები დასაქმდნენ, რომელთაც არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაციის ამომრჩევლამდე მიტანა დაევალათ, ცესკო-ს ოფიციალურ გვერდს კი კატეგორია - "ეთნიკური უმცირესობები" დაემატა, სადაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის და ვიდეოკლიპების ნახვა უმცირესობების ენებზეც შეიძლება. 

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა, არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს  პოზიციას.

ახალი ამბები