კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კანდიდატები წინასაარჩევნო სამზადისში და ამომრჩევლები ინფორმაციის გარეშე

30 სექტემბერი, 2016
 გულნურ ქაზიმოვა 

„წინა არჩევნებზე ვინც ავირჩიეთ, რა გაგვიკეთა? ჩვენთან არასოდეს მოსულა და ჩვენი პრობლემებით არ დაინტერესებულა. გზა არ გვაქვს, წყალი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი ბედი არავის აღელვებს. იყვნენ ერთი პარტიის წარმომადგენლები ჩვენთან მოსულები და გვარწმუნებდნენ, რომ ხმა მათთვის  და მათი  ქართველი კანდიდატისთვის მიგვეცა. მე სხვა კანდიდატისთვის მინდა ხმის მიცემა. მინდა პარლამენტში ჩემი ეროვნების წარმომადგენელი ავირჩიო. ამ არჩევნებში აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას,” - ამბობს მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მცხოვრები 81 წლის ჯამილ ალასგაროვი. 
8 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში  ქვემო ქართლში, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონებში - გარდაბანში, ბოლნისში, დმანისსა  და მარნეულში კენჭს მაჟორიტარი დეპუტატობის 54 კანდიდატი იყრის. 
დეპუტატობის კანდიდატთა სანახევროდ ჩამოხეულ პლაკატებს ყველგან ნახავთ - რაიონულ ცენტრებში, სოფლების ცენტრალურ გზებთან არსებული  შენობების კედლებზე, ავტობუსების გაჩერებებსა და დენის გადამცემი ხაზების საყრდენებზეც კი. 
ყიზილაჯლოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან საუბარში გაირკვა, რომ მოსახლეობას პარტიების და მათი საარჩევნო პროგრამების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. აქ მცხოვრები ადამიანები არჩევნებზე საუბარს გაურბიან. სამაგიეროდ, ბევრს საუბრობენ წლების განმავლობაში დაგროვებულ პრობლემებზე.
„გაზი ძვირია,  ერთი მანქანა შეშა 400 ლარი ღირს. პენსიონერი ვარ, ზამთრის სამყოფი შეშა პენსიით როგორ უნდა ვიყიდო? ქვემოთ სოფლებში ტყე არის, იქ შეშის დამზადების უფლებას აძლევენ, ჩვენ კი არა,“- აღშფოთებას ვერ მალავს საჰინ ნურიევი.
სამია გალანდაროვა პენსიაზე გასვლამდე ყიზილაჯლოს სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. სამია ამბობს, რომ მათ სოფელში გზაზე ასფალტის საფარის დაგება ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაახსენდა:
„წლებია  ეს გზა საშინელ მდგომარეობაში იყო. ამის გამო აქ რამდენი მანქანა დაზიანდა, ვინ დათვლის. არჩევნებამდე  ორი კვირით ადრე დააგეს ასფალტი.  მარტო არჩევნების წინ ვახსენდებით. შემდეგი  4 წლის განმავლობაში  კი იკარგებიან  და მარტო იმაზე ფიქრობენ, საკუთარი თავისა და ოჯახისთვის ბევრი ფული როგორ იშოვონ. იმ დეპუტატობის კანდიდატებზე, რომლებიც კენჭს ჩვენს რაიონში იყრიან, არაფერი ვიცით.”
ალადდინ მურადოვი მმართველი პარტიის კანდიდატის, თამაზ ნავერიანის საარჩევნო შტაბში მუშაობს. მურადოვი ამბობს, რომ წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში მიმდინარეობს: “მას შემდეგ, რაც წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, საარჩევნო ბროშურებს ვარიგებთ და პლაკატებს ვაკრავთ. არანაირი პრობლემა არ დაფიქსირებულა. არავისი დისკრიმინაცია  არ ხდება.“
მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ძირითადად სკოლებში მართავენ შეხვედრებს. ყიზილაჯლოს სკოლაშიც ახლა დეპუტატობის კანდიდატთან შეხვედრისთვის ემზადებიან. სკოლის მთელი პერსონალი დასუფთავების სამუშაოებშია ჩართული. მასწავლებლებიდან ერთ-ერთი, რომელიც  ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს, ამბობს, რომ დირექტორმა სკოლაში საგანგებო შეხვედრა გამართა და თანამშრომლებს მმართველი პარტიის კანდიდატურისათვის  ხმის მიცემისკენ მოუწოდა: „დირექტორი გვეუბნება, რომ მმართველი პარტია ხელფასებს გაგვიზრდის. სხვა რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, ის სხვა გაზრდის თუ არა ჩვენს ხელფასებს, არ ვიცით-ო. მართალია, მასწავლებლებს ამ შეხვედრებში მონაწილეობის მიღებას გვაიძულებენ და ეს ჩვენზე ზეწოლაა, მაგრამ მთავარი მაინც ჩვენი გადაწყვეტილებაა: კაბინაში ვის მივცემ ხმას, ვინ გაიგებს?“
რამდენიმე დღეში ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები რომ უნდა ჩატარდეს, ეს ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში საერთოდ არ იგრძნობა. ამ სოფელში ისეთი  ოჯახებიც არსებობენ, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობა არასოდეს მიუღიათ. 
„ჩვენი მეზობელი მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისთვის მუშაობს. გვთხოვს, რომ ჩვენც ხმა მას მივცეთ. გვეუბნება, 8 ოქტომბერს  შევიკრიბებით, არჩევნებზე “მარშრუტკით”  წაგიყვანთ და  ჩვენს შორის ხომ ურთიერთპატივისცემა არსებობს, სიტყვა არ გატეხოთ-ო,“ - ამბობს  ნახიდურში მცხოვრები დურდანა ალიევა.
49 წლის ვაჰიდ ჰუმბათოვს არჩევნებზე მეტად სასმელი წყლის საკითხი აწუხებს. ვაჰიდი აცხადებს, რომ სოფელი წლების განმავლობაში  სასმელი წყლით მძიმე მეტალებით დაბინძურებული მდინარე მაშავერადან მარაგდება: „ბავშვებს ხშირად ინფექციური დაავადებები ემართებათ. რა არჩევნები? ყოველდღე მოწამლულ წყალს ვსვამთ!“
ერთადერთი ადგილი, სადაც ამ სოფელში საარჩევნო განწყობა იგრძნობა, ბირჟაა. აქ ასაკოვანი მამაკაცები ხშირად იკრიბებიან და არჩევნების შედეგებზეც ყველას თავისი პროგნოზი აქვს. თუმცა, საუბარი და კამათი, რომელიც ბოლო დღეებში მუდმივად არჩევნებით იწყება,  თითქმის ყოველთვის სოციალურ პრობლემებზე  მსჯელობით მთავრდება. 

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა, არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს  პოზიციას.
 

ახალი ამბები