კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინასაარჩევნო შეხვედრაზე ირაკლი ოქრუაშვილს ცეცხლი გაუხსნეს

3 ოქტომბერი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

2 ოქტომბერს, გორში, სადგურის დასახლებაში გორის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი მოსახლეობას ხვდებოდა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა მოხდა. დაჭრილია ოქრუაშვილის დაცვის წევრი კობა კოშაძე და  პარტიის წევრი ბიძინა თომაშვილი. ორივე დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც გორის ჰოსპიტალში განაცხადეს, დაჭრილებს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარიდან რამდენიმე საათში ირაკლი ოქრუაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და ის პირი დაასახელა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მათი მიმართულებით გაისროლა.

„დილიდან შეხვედრები გვქონდა ამომრჩეველთან. „ქართული ოცნების“ კოორდინატორი ედუარდ ნუცუბიძე კი ცდილობდა შეხვედრების ჩაშლას, როდესაც მას არაფერი გამოუვიდა, მოიყვანა მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის არაერთხელ ნასამართლევი ვინმე ალექსანდრე ინდუაშვილი, რომელიც ცნობილი კრიმინალია გორში. მასაც ჰქონდა სურვილი, შეხვედრა ჩაეშალა, თუმცა ჩემი დაცვის წევრებმა კორექტულად მიუთითეს, გაჩერებულიყო. ბოლოს ინდუაშვილმა ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და რამდენჯერმე მიზანმიმართულად გაისროლა ჩემი და ჩემი დაცვის წევრების მიმართულებით“,- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“-ა და კახი კალაძეს დააკისრა.

ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, კრიმინალებს კახი კალაძის ცოლის ძმა ჰპირდებოდა,  თუ იაქტიურებდნენ, მათ არავინ შეეხებოდათ. 

შსს-ს ინფორმაციით, ამოცნობილია პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. ამჟამად, კი მიმდინარეობს მისი ძებნისა და დაკავების ღონისძიებები. შსს-ს ინფორმაციითვე, გასროლას წინ უძღოდა შელაპარაკება.

ოქრუაშვილი აცხადებს, რომ იგი დაელოდება   პოლიციის მუშაობას, თუმცა ძალოვან უწყებას აფრთხილებს, რომ ინდუაშვილი საქართველოს დატოვებას ცხინვალის გავლით აპირებს.  

გორში მომხდარ ინცინდენტს გამოეხმაურა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი,  ირაკლი კობახიძე, მან პოლიტიკური მოტივი გამორიცხა,  მით უფრო  „ქართული ოცნების" ლიდერების მონაწილეობა.  

„გორში მოხდა სამწუხარო ინცინდენტი, რომელიც დაიწყო შელაპარაკების ნიადაგზე. ეს შელაპარაკება დაიწყო ირაკლი ოქრუაშვილს, მის მხარდამჭერებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. ჩვენთვის, ბუნებრივია, ეს ყველაფერი დასაგმობია, რაც იქ მოხდა, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით გავიმეორებთ, რომ ამას არ ჰქონდა პოლიტიკური სარჩული",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.  

სამართალდამცავებს გორში მომხდარი ინცინდენტის სწარაფად გამოძიებისკენ მოუწოდებს გორის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანია.
 
,,რატომ დადის იარაღით ხალხი წინასაარჩევნო შეხვედრებზე? უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ის, ვინც იყო ამ ინციდენტის სულისჩამდგმელი. უნდა გამოიკვეთოს ბრალეულობა, რადგან ეს უნდა იყოს მაგალითი სხვებისათვის, რომ არავინ არ გაბედოს იარაღის ენით ლაპარაკი წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ, რა მოგვიტანა 90-იან წლებში იარაღის ჟღარუნმა", - განაცხადა ალასანიამ. 

შსს-ს ამ დრომდე არ გაუვრცელებია განცხადება ოქრუაშვილის თანმხლები ორი პირის დაჭრაში ბრალდებული ალექსანდრე ინდუაშვილის დაკავების შესახებ.

ახალი ამბები