ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი
4 ოქტომბერს, გორის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ოქრუაშვილის თანმხლები ორი პირის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრისთვის ბრალდებული, ალექსანდრე ინდუაშვილი პოლიციას ჩაბარდა.
„შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ი. გორში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ი.-მ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს გორში, რკინიგზის დასახლებაში, გორის მაჟორიტარობის კანდიდატის - ირაკლი ოქრუაშვილის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრის დროს, მოქალაქეების მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 2 პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოცხადდა, სადაც ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-109-ე და 236-ე მუხლებით)“,- ნათქვამია შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.