კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საარჩევნო რეალობა და ეთნიკური აზერბაიჯანელები

7 ოქტომბერი, 2016
 
გულნურ ქაზიმოვა

„არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი, ჩვენ კი ისიც არ ვიცით, ჩვენს რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის რამდენი კანდიდატი იყრის კენჭს. ამ ხნის განმავლობაში ერთი აზერბაიჯანელი კანდიდატი  ქალი ვნახეთ, რომელიც ხალხს ხვდებოდა და ესაუბრებოდა და ერთიც დეპუტატობის ქართველი კანდიდატი, რომელიც შეხვედრას სკოლაში მართავდა. სიმართლე გითხრათ, სულაც არ მოველი, რომ რომელიმე მათგანი ჩვენს სასარგებლოდ რამეს გააკეთებს,“ - ამბობს ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში მცხოვრები ვაჰიდ ჰუმბეთოვი.

8 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და მასში მონაწილე პარტიების შესახებ სრულფასოვანი ინფორმაცია ვაჰიდ ჰუმბეთოვის მსგავსად არც ბოლნისისა და მარნეულის  რაიონებში მცხოვრებ  სხვა ეთნიკურ აზერბაიჯანელებს აქვთ. 

2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით,  საქართველოს მოსახლეობის 6,3% ეთნიკური აზერბაიჯანელია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში 344 საარჩევნო უბანია შექმნილი, აქედან 207 ქართულ-აზერბაიჯანულია. 

სოფელ ნახიდურში მცხოვრები ჯამილა აბბასლი ამბობს, რომ დღემდე ჩატარებულ არცერთ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია და არჩევნებზე წასვლას არც ახლა აპირებს: „ჩვენთვის არჩევნებს მნიშვნელობა არ აქვს. ვინც ხელისუფლებას უნდა, იმას აირჩევენ, არჩეული კი საკუთარი ცხოვრების მოწყობაზე ფიქრობს და  არა ხალხზე. ამ არჩევნებისთვის არცერთ პარტიას არ გავახსენდით და ერთი ბროშურაც კი არ მოგვიტანეს სახლში. არჩევნებზე რომც წავიდეთ, ისიც კი არ ვიცით, ჩვენთან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭს ვინ იყრის.“

ნახიდურში ერთადერთი ადგილი, სადაც წინასაარჩევნო ვითარება იგრძნობა, სოფლის ცენტრია. აქ ძირითადად ასაკოვანი მამაკაცები იკრიბებიან. ახლა ისინი არჩევნებზე საუბრობენ.

„რა არჩევნები? თითქოს არც კი არიან დაინტერესებულები, რომ არჩევნების შესახებ რამე ვიცოდეთ. ასაკოვანი ადამიანი ვარ. წლებია, ვხედავ, რომ ხელისუფლებას ეთნიკური უმცირესობების განათლება არ აინტერესებს. არჩევნებამდე ჩვენთან არავინ მოდის, რომ რამე აგვიხსნას და ინფორმაცია მოგვაწოდოს. არჩევნებამდე 10 დღით ადრე კი ჩვენი მხარდაჭერის მოსაპოვებლად გზების მოასფალტება დაიწყეს - ასე სურთ ჩვენი ხმების მოპოვება. ხალხს რა აწუხებს და რა უნდა, ამის გასაგებად აქ არავინ მოდის,“ - ამბობს 79 წლის რაშიდ ალიევი. 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ არჩევნებში ეთნიკური უმცირესობების  ჩართულობის მხრივ მთავარი დაბრკოლება  განათლების დეფიციტი და ქართული ენის არცოდნაა. 

„მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის შემდეგ საარჩევნო დოკუმენტები ეთნიკური უმცირესობების ენებზე ითარგმნება, ცხადი გახდა, რომ მხოლოდ თარგმანი უმცირესობების ინფორმირებისა და ჩართულობისთვის საკმარისი არ არის. 2012 წელს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიკაციასა და სამოქმედო გეგმის შექმნაზე მუშაობდა, " - აცხადებენ ცესკო-ში. 

როგორც ცესკო-ში აღნიშნეს, პრობლემების იდენტიფიკაციის შემდეგ  ეთნიკური უმცირესობების განათლების და ინფორმირების ამაღლებისთვის მთელი რიგი ღონისძიებები განხორციელდა: ცესკო-ს საინფორმაციო ცენტრებში ეთნიკური აზერბაიჯანელები და სომხები დასაქმდნენ, რომელთაც არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაციის ამომრჩევლამდე მიტანა დაევალათ, ცესკო-ს ოფიციალურ გვერდს კი კატეგორია - „ეთნიკური უმცირესობები" დაემატა, სადაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის და ვიდეოკლიპების ნახვა უმცირესობების ენებზეც შეიძლება. 

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, კოტე კანდელაკი ამბობს, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში აქტიური წინასაარჩევნო პროცესი მიმდინარეობს: ,,არჩევნებში ეთნიკური აზერბაიჯანელების ნაკლები ჩართულობის მთავარი მიზეზი ინფორმაციის დეფიციტია. თუმცა, წელს,  2012 წელს ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით უფრო დიდი კონკურენციაა. ამიტომ,  „ნაციონალური მოძრაობის’’ კანდიდატები ეთნიკური უმცირესობების უფრო მეტი  წარმომადგენლის მოზიდვას ცდილობენ ამ არჩევნებში.”

2016 წლის 8 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს 30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების  - ISFED-ის პროექტის ოფიცერი, ნინო ხითარიშვილი აცხადებს, რომ მათ ორგანიზაციას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მნიშვნელოვანი დარღვევა, ჯერჯერობით, არ დაუფიქსირებია: ,,წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ამომრჩევლის მოსყიდვის და საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტები. თუმცა, არ ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევა, რომელიც გავლენას მოახდენდა თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო გარემოსა და ზოგადად, არჩევნებზე. რეგიონებში უფრო მნიშვნელოვანი დარღვევები, შესაძლოა, არჩევნების დღეს  დაფიქსირდეს.”

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 73 ერთმანდატიან ოლქში 800–ზე მეტი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყრის კენჭს. მათ შორის 136 ქალია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით,  საქართველოში 3 537 719 ამომრჩეველია, არჩევნებში კი 25 პოლიტიკური პარტია და 8 ბლოკი მონაწილეობს. 

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა, არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს  პოზიციას.

ახალი ამბები