კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს აფასებს

9 ოქტომბერი, 2016
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს ოთხ რეგიონში დააკვირდა. ცენტრის მონიტორები და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ: შიდა ქართლის კონფლიქტისპირა სოფლებსა და ქალაქ გორში; იმერეთის რეგიონში, საჩხერის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში; ქვემო ქართლში, გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებსა და ქალაქ რუსთავში; კახეთის რეგიონში - პანკისის ხეობაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, არჩევნები ძირითადად მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდა. დაფიქსირებულ ცალკეულ დარღვევებს არ შეუძლიათ, არსებითი გავლენა მოახდინონ არჩევნების საბოლოო შედეგებზე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის 41-მა დამკვირვებლებმა, საერთო ჯამში, საარჩევნო უბნებზე დაარეგისტრირა 14 საჩივარი და 10-ზე მეტი შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.

დარღვევების აბსოლუტური უმრავლესობა გამოწვეულია საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელთა არაკვალიფიციურობით, საარჩევნო კანონმდებლობის არცოდნით. ეს პრობლემები განსაკუთრებით ქვემო ქართლის რეგიონში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში გამოვლინდა, სადაც კომისიის წევრთა არაკომპეტენტურობის გამო საარჩევნო უბნებზე იქმნებოდა დაძაბულობა და ზოგჯერ კონფლიქტები.

სწორედ ერთ-ერთ ასეთ კონფლიქტურ სიტუაციაში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში, 37-ე საარჩევნო უბანზე დაზარალდა ადამიანიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი. მან შენიშნა, რომ ამომრჩეველს კონვერტის გარეთ გატანა სურდა, რის შესახებაც შენიშვნა მისცა კომისიის თავმჯდომარეს. საპასუხოდ, კომისიის თავმჯდომარემ, თაია ძველიევმა და მისმა მოადგილემ, სამედ გაჯიევმა დამკვირვებელს უყვირეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. უბანზე მომხდარი ინციდენტი გადაიღო საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მომხდარის შესახებ ინფორმაცია პოლიციას და ცესკოს მიაწოდა. ორგანიზაციის დაზარალებული დამკვირვებელი და მოწმეები მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის პოლიციის განყოფილებაში გუშინ საღამოს 19:00 საათიდან გვიან ღამემდე, 01.00 სააღამდე იკითხებოდნენ. პოლიციამ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება სსკ-ის 162(პრიმა) მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო: „კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს შსს-ს სწრაფად მოახდინოს რეაგირება ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე და პასუხისგებაში მიცეს მარნეულის 35-ე საარჩევნო ოლქის, სოფელ ქეშალოს 37-ე საუბნო კომისიის თავმჯდომარე და მისი მოადგილე. ამავე ფაქტზე ადმინისტრაციული წესით სასწრაფო რეაგირება უნდა მოახდინოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც, რომელმაც გუშინ, სამწუხაროდ, მედიის წინაშე უარყო დამკვირვებლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს ყველა ძალადობრივი შემთხევვა და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავე პირები, რომლებიც შეეცადნენ არჩევნების მიმდინარეობის ხელის შეშლას და ზოგჯერ - კენჭისყრის პროცესის ჩაშლას.

შემაშფოთებელია ზოგიერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიების კოორდინატორებისა და აგიტატორების გადამეტებული აქტიურობა და ამომრჩეველთა კონტროლის მცდელობა. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსი არ კრძალავას საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიათა კოორდინატორების ყოფნას და აგიტაციას, ადამიანის უფლებათა ცენტრი ანგარიშში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასახავს თითქმის ყველა საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე საარჩევნო სუბიექტების, განსაკუთრებული ოდენობით კი - მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მობილიზებას, რომლებიც აღწერდნენ მოსულ ამომრჩევლებს. რამდენიმე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა აგიტაციასაც. იყო შემთხვევები, როდესაც საარჩევნო უბანთან შეკრებილი სხვადასხვა პარტიების აგიტატორები, კოორდინატორები და მხარდამჭერები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ და ზოგჯერ მსგავსი დაპირისპირება ფიზიკური შეხლა-შემოხლით მთავრდებოდა. აღნიშნული ფაქტების არსებობა ხელს უშლის საარჩევნო პროცესში მოქალაქეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენას.

2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა საპარლამენტო არჩევნებზეც დააფიქსირეს, რომ ბევრ საარჩევნო უბანზე მიღებული ბიულეტენების რაოდენობა ნაკლები იყო სიაში არსებული ამომრჩევლის რაოდენობაზე. მართალია, უბნებზე ყველა ამომრჩეველი არ მისულა, მაგრამ მნიშვნელოვანია, კანონით დადგენილი ნორმები შესრულდეს და აცილებული იყოს ყველა რისკი, რაც შეიძლება შეექმნათ ამომრჩევლებს კენჭისყრის პროცესში.

არჩევნების დღეს და მეორე ტურების დროს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრი მოამზადებს ანგარიშს ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც მიეწოდება საზოგადოებას, მედიას, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ასევე, ადამიანის უფლებათა ცენტრის ვიდეოსტუდია hridc.tv მოამზადებს დოკუმენტურ ფილმს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის შესახებ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს ახორციელებს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტთან და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოსთან“ პარტნიორობით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები