კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხმაური ყიზილაჯლოს 50-ე საარჩევნო უბანზე

30 ოქტომბერი, 2016
 
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს 50-ე საარჩევნო უბანზე 13:00 საათზე ვითარება დაიძაბა, რის გამოც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პოლიცია გამოიძახა და უბანი რამდენიმე წუთით დაკეტა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა ერთ-ერთი დამკვირვებლის მიერ საარჩევნო კაბინის ფარდის გადაწევას, რის შემდეგაც, მან დაიწყო ყვირილი, რომ კაბინაში 41 რიცხვი იყო დაწერილი. დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ კაბინაში 41 რიცხვი მართლაც იყო დაწერილი, რაც წარმოადგენს უბანზე კანონსაწინააღმდეგო აგიტაციას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. თუმცა, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს არის პროვოკაცია და კაბინაში ციფრები თვითონ იმ დამკვირვებელმა დაწერა, ვინც კაბინის ფარდა გადაწია. 

დამკვირვებელსა და კომისიის წევრებს შორის კამათი უბანზე აურზაურში გადაიზარდა, რის გამოც გაიზარდა უბნის მიმდებარედ მყოფი მედიის წარმომადგენლების ინტერესი უბანში მიმდინარე პროცესისადმი. თუმცა, ამ დროს უბანში შესასვლელ კარში ჩადგნენ კომისიის ერთ-ერთი წევრი და ერთ-ერთი დამკვირვებელი, რომლებიც ჟურნალისტებს და ოპერატორებს უბანში არ უშვებდნენ. როგორც შემდგომ კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, მედიის წარმომადგენელთა ერთბაშად შეშვება უბანზე კენჭისყრის პროცესს ჩაშლიდა, რის გამოც კომისიამ რამდენიმე წუთით მედიის წარმომადგენელთა უბანში ყოფნა შეზღუდა. 

კომისიის თავმჯდომარემ დახმარებისათვის პოლიციას მიმართა. პოლიციელები უბნის შესასვლელთან განლაგდნენ და კომისიის თავმჯდომარის მითითებისამებრ მოქმედებდნენ. 

დამკვირვებელმა, რომლის რეპლიკასაც უბანზე აურზაური მოჰყვა, უბანი მალევე დატოვა. იქ მყოფთათვის ცნობილი არ არის, თუ რომელ პარტიას ან ორგანიზაციას წარმოადგენდა იგი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ყიზილაჯლო დამკვირვებელთა და მედიის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა. ამ სოფლისადმი გაზრდილი ინტერესი გამოწვეულია პირველ ტურში 48-ე უბანზე კენჭისყრის პროცესის ჩაშლის გამო.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები