კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინციდენტი სობისში - ნაცემია ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი

30 ოქტომბერი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სობისში საარჩევნო უბანთან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ალბერტ მერებაშვილს სახის არეში დაზიანებები აღენიშნება. იგი  ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს ,,ქართული ოცნებიდან" კობა ბერიანიძეს ადანაშაულებს. როგორც მერებაშვილი განმარტავს, მას პოლიტიკური შეხედულების გამო გაუსწორდნენ.

„საარჩევნო უბანთან მისულს საკრებულოს დეპუტატმა კობა ბერიანიძემ მთხოვა, მანქანაში ჩავჯდომოდი, სადაც მან დაიწყო შეურაცხმყოფელი საუბარი.  მეკითხებოდა, რატომ ვუჭერდი მხარს ნაციონალურ მოძრაობას, შემდეგ კი მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მითხრა, რომ ვარ „მეცოცხე“ და ამის შემდეგ დამარტყა. შემდეგ მცემა ბერიანიძის თანმხლებმა პირებმაც. დაახლოებით, 10-15 ადამიანი იღებდა ჩემს ცემაში მონაწილეობას“, - განაცხადა ალბერტ მერებაშვილმა.

სობისში მომხდარ შემთხვევას „ქართული ოცნების" გორის ორგანიზაციაში ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ინციდენტი „ნაციონალური მოძრაობის" წევრის პროვოკაციულმა ქმედებებმა გამოიწვია. 

„ეს ადამიანი საარჩევნო უბანზე მოვიდა და ჩვენს მხარდამჭერებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჩვენი წევრები მაქსიმალურად ცდილობდნენ, სიმშვიდე შეენარჩუნებინათ, თუმცა მერებაშვილმა შეურაცხყოფა იქ შეკრებილ ადამიანებსა და მათ ოჯახებსაც მიაყენა, რის შემდეგაც მოხდა დაპირისპირება. თუმცა, ინცინდენტი მალევე აღმოიფხვრა. ეს ყველაფერი პროვოკაცია იყო. რაც შეეხება საკრებულოს წევრს, დადასტურებით შემიძლია, გითხრათ, რომ ის არ მონაწილეობდა ამ ინცინდენტში", - განაცხადა „ქართული ოცნების" გორის ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა, გელა კაპანაძემ. 

სობისის №45 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის, ნუნუ ცერცვაძის განცხადებით, ალბერტ მერებაშვილი საარჩევნო უბანზე მართლაც შეიჭრა და  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ქართული ოცნების წევრებს, თუმცა  ცერცვაძის თქმით, ამ დროს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი უკვე ნაცემი იყო.
 
„უბანზე როდესაც შემოვიდა, ტალახში იყო დასვრილი. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ქართული ოცნების კომისიის წევრებს. როდესაც დაწყნარებისკენ მოვუწოდეთ, დატოვა უბანი, თუმცა  კიდევ შემოვიდა და გააგრძელა შეურაცხყოფის მიყენება. ამის შემდეგ გამოვიძახეთ პოლიცია. რაც შეეხება ცემას, ეს უბანზე არ მომხდარა,  მის გარეთ მოხდა”, - განაცხადა ნუნუ ცერცვაძემ.

სობისში მომხდარ ინციდენტზე პოლიციამ გამოძიება სსკ-ის 155-ე მუხლით დაიწყო, სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს ალბერტ  მერებაშვილი.

,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, 8 ოქტომბერს, ,,ქართულმა ოცნებამ" და მაჟორიტარმა კანდიდატმა თემურ ხუბულურმა არჩევნები წააგეს და სწორედ ამით ხსნიან მმართველი პარტიის მხრიდან მხარდამჭერების მობილიზებას სობისში.

ახალი ამბები