კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის შეფასება

30 ოქტომბერი, 2016
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურს დღეს საქართველოს სამ რეგიონში დააკვირდნენ. 

ორგანიზაციის მონიტორები და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ: ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში; შიდა ქართლში, კონფლიქტისპირა სოფლებში და ქალაქ ხაშურში; კახეთის რეგიონში - პანკისის ხეობაში, ასევე - თელავის მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში.

დამკვირვებელთა ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესმა, ძირითადად, მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩაიარა. დაფიქსირებული დარღვევები, ძირითადად, პროცედურული და ტექნიკური ხასიათისაა და დიდწილად, გამოწვეულია საარჩევნო კომისიების წარმომადგენელთა არაკვალიფიციურობით. ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ცენტრის დაფიქსირებულ დარღვევები არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის 9 დამკვირვებელმა და არჩევნებზე აკრედიტებულმა ჟურნალისტმა, რომლებიც სამ რეგიონში სამ მობილურ ჯგუფად იყო განაწილებული, ჯამში 4 საჩივარი დაწერა და რამდენიმე შენიშვნა შეიტანა ჩანაწერთა წიგნში. 

პირველ ტურთან შედარებით, შეინიშნებოდა ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა, რაც ალბათ იმითაც უნდა აიხსნას, რომ მეორე ტური მხოლოდ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ჩატარდა და საარჩევნო ბრძოლაც, ძირითადად, ორი პოლიტიკური პარტიის კანდიდატებს შორის მიმდინარეობდა. 

ამომრჩევლებისგან განსხვავებით, ისევე როგორც არჩევნების პირველ ტურში, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ გადამეტებულად აქტიურობდნენ „ქართული ოცნებისა“ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები და აგიტატორები, რომლებიც აღწერდნენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს და ირიბად ახდენენ ზემოქმედებას მათ არჩევანზე. აღნიშნული ფაქტების არსებობა ხელს უშლის საარჩევნო პროცესში მოქალაქეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენას. ამავე დროს, როგორც ეს 8 ოქტომბრის კენჭისყრისას გამოვლინდა, საარჩევნო უბანთან შეკრებილი სხვადასხვა პარტიების აგიტატორები, კოორდინატორები და მხარდამჭერები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ და ზოგჯერ მსგავსი დაპირისპირება ფიზიკური შეხლა-შემოხლით მთავრდებოდა. მსგავსი კონფლიქტები კი ხელს უშლის კენჭისყრის პროცესის მშვიდ გარემოში ჩატარებას.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ყიზილაჯლო დამკვირვებელთა და მედიის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო მოქცეული. ამ სოფლისადმი გაზრდილი ინტერესი გამოწვეული იყო პირველ ტურში 48-ე უბანზე კენჭისყრის პროცესის ჩაშლის გამო.

აღნიშნულ უბანზე, დღის განმავლობაში, ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა მარკირებაგავლილი ამომრჩევლების უბანზე შეღწევის ათობით ფაქტი დააფიქსირა. მათი უმეტესობა უკან გააბრუნეს. თუმცა, ორმა მარკირებაგავლილმა ამომრჩეველმა მაინც მოახერხა ხმის მიცემა, რაზეც ადამიანის უფლებათა ცენტრმა დაწერა საჩივარი.

ხმაური ყიზილაჯლოს 50-ე საარჩევნო უბანზე

დილიდანვე შეინიშნებოდა დაძაბულობა ყიზილაჯლოს 50-ე საარჩევნო უბანზე. შუადღის 13:00 საათზე კი ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პოლიცია გამოიძახა და უბანი რამდენიმე წუთით დაკეტა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა ერთ-ერთი დამკვირვებლის მიერ საარჩევნო კაბინის ფარდის გადაწევას, რის შემდეგაც, მან დაიწყო ყვირილი, რომ კაბინაში 41 რიცხვი იყო დაწერილი. დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ კაბინაში 41 რიცხვი მართლაც იყო დაწერილი, რაც წარმოადგენს უბანზე კანონსაწინააღმდეგო აგიტაციას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. თუმცა, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს არის პროვოკაცია და კაბინაში ციფრები თვითონ იმ დამკვირვებელმა დაწერა, ვინც კაბინის ფარდა გადაწია. 

დამკვირვებელსა და კომისიის წევრებს შორის კამათი უბანზე აურზაურში გადაიზარდა, რის გამოც გაიზარდა უბნის მიმდებარედ მყოფი მედიის წარმომადგენლების ინტერესი უბანში მიმდინარე პროცესისადმი. თუმცა, ამ დროს უბანში შესასვლელ კარში ჩადგნენ კომისიის ერთ-ერთი წევრი და ერთ-ერთი დამკვირვებელი, რომლებიც ჟურნალისტებს და ოპერატორებს უბანში არ უშვებდნენ. როგორც შემდგომ კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, მედიის წარმომადგენელთა ერთბაშად შეშვება უბანზე კენჭისყრის პროცესს ჩაშლიდა, რის გამოც კომისიამ რამდენიმე წუთით მედიის წარმომადგენელთა უბანში ყოფნა შეზღუდა. 

კომისიის თავმჯდომარემ დახმარებისათვის პოლიციას მიმართა. პოლიციელები უბნის შესასვლელთან განლაგდნენ და კომისიის თავმჯდომარის მითითებისამებრ მოქმედებდნენ. 

დამკვირვებელმა, რომლის რეპლიკასაც უბანზე აურზაური მოჰყვა, უბანი მალევე დატოვა. იქ მყოფთათვის ცნობილი არ არის, თუ რომელ პარტიას ან ორგანიზაციას წარმოადგენდა იგი.

მცირე და არაადაპტირებული საარჩევნო უბნები

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელთა ინფორმაციით რამდენიმე საარჩევნო უბანი მცირე ფართშია მოწყობილი, რაც ართულებს კენჭისყრის მიმდინარეობას.

თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ ყარაჯალაში,  39-ე საარჩევნო უბანი იმდენად მცირეა, რომ დამკვირვებლებს საშუალება არა აქვთ, სრულფასოვნად დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესს. ამასთან, უბანს ორი კარი აქვს, რადგან ერთი კარიდან ამომრჩეველთა შესვლა და გამოსვლა ვერ ხერხდება. 

მსგავსი ტექნიკური პრობლემაა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისშიც, მე-5 საარჩევნო უბანზე.

ასევე პრობლემაა შშმ პირთათვის არაადაპტირებული საარჩევნო უბნები. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს 50-ე საარჩევნო უბანში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველი ეტლით შესვლას ვერ ახერხებდა. მან მხოლოდ რამდენიმე პირის დახმარების შემდეგ შეძლო უბანში შესვლა და კენჭისყრაში მონაწილეობა.

პარლამენტის დეპუტატი უბანზე პირადობის მოწმობის გარეშე შედიოდა

შიდა ქართლში, ზემო ნიქოზის საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი პირადობის მოწმობის გარეშე ცდილობდა შესვლას. ამის გამო, მას კომისიამ უბანზე შესვლის უფლება არ მისცა, რამაც დამკვირვებლის გაღიზიანება გამოიწვია. მან განაცხადა, რომ იგი არის პარლამენტის დეპუტატი, თამაზ შიოშვილი, კენჭისყრის მეორე ტურს 7 ოლქში დააკვირდა და მისთვის არსად მოუთხოვიათ პირადობის მოწმობა, რადგან მას ისედაც ყველა ცნობს. 

პირადობის მოწმობის წარმოდგენის შემდეგ, დამკვირვებელი უბანზე დაუშვეს.

დეპუტატი თამაზ შიოშვილი ბოლო მოწვევის პარლამენტში ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი იყო.

* * *

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მიმდინარეობისას დაფიქსირებული დარღვევებისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაცია შევა ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში, რომელიც მომზადდება ქართულ და ინგლისურ ენებზე. ადამიანის უფლებათა ცენტრის ვიდეოსტუდია hridc.tv, ასევე, მოამზადებს დოკუმენტურ ფილმს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის შესახებ.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა საპარლამენტო არჩევნებზე მონიტორინგი ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტთან და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოსთან“ პარტნიორობით განახორციელა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები