კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატ მდინარაძის სასამართლო პროცესზე დაკითხული ბრალდების მოწმეები ბრალდებას მხარს არ უჭერენ

17 ნოემბერი, 2016
 
ლანა გიორგიძე 

14 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსის ლაშა კვირკვაიას სასამართლო პროცესის მორიგი სხდომა გაიმართა. საქმე ეხება პოლიციის განყოფილებაში ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის გახმაურებულ ფაქტს, რის გამოც კვირკვაიას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ძალადობით.  

სასამართლო სხდომამდე 2 დღით ადრე ადამიანის უფლებათა ცენტრმა საქართველოში მოქმედ მედიასაშუალებებს მოუწოდა, დაინტერესებულიყვნენ და გაეშუქებინათ ადვოკატზე ძალადობის ფაქტის სასამართლო განხილვა.

„არსებობს რეალური საფრთხე, რომ ვაკე-საბურთალოს მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა, ყოფილი უფროსის ინტერესების დასაცავად, კვლავ განაგრძონ ცრუ ჩვენებების მიცემა და ამ გზით გავლენა მოახდინონ სასამართლოზე. ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ წინა სასამართლო სხდომებზე, ბრალდების მოწმეებმა განზრახ მიაწოდეს სასამართლოს მცდარი ინფორმაცია, რომ თითქოს ადვოკატმა მდინარაძემ გამომძიებელსა და პოლიციის უფროსს, ლაშა კვირკვაიას განყოფილებაში „ყური აუწია“ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლაშა კვირკვაიას საქმის განხილვამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, სასამართლო დარბაზში დამსწრეთა დიდი რაოდენობის გამო შეუძლებელი გახდა პროცესის ჩატარება, რის გამოც საქმის განხილვა სხვა, დიდ დარბაზში გაგრძელდა. პროცესს ესწრებოდნენ: არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ადვოკატთა ასოციაციის წევრები, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.

14 ნოემბრის სასამართლო სხდომის დაწყებისთანავე ბრალდებულმა ლაშა კვირკვაიამ შუამდგომლობა დააყენა მოსამართლის აცილების მოთხოვნით.

„20 წლიდან ვემსახურები შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიუხედავად ამისა, ყველამ გამწირა: ჩემიანებმაც და სხვებმაც. ჩემთვის სიმართლის დასადგენად მხოლოდ ერთი გზა რჩება - სასამართლო, მაგრამ აქაც იმის განცდა მიჩნდება, რომ გადაწყვეტილება წინასწარ არის გამოტანილი. თქვენ, მოსამართლე ლილი მსხილაძე 5 წელი მუშაობდით, როგორც ადვოკატი. ხართ ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ზაზა ხატიაშვილის მეგობარი, როგორც რეალურ ცხოვრებაში, ასევე სოციალურ ქსელში, სადაც იგი გუშინ ზონდერს და მოძალადეს მიწოდებდა. თქვენ ყოველდღიურად თვალს ადევნებთ მის განცხადებებს, რაც თქვენზე აუცილებლად იქონიებს გავლენას. 20 წლიდან ქვეყნის სამსახურში მყოფი იმის ღირსი არ ვარ, რომ სასამართლოს იმედი მქონდეს? ადამიანურად გთხოვთ, ჩემს ადგილზე დააყენოთ თავი და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ბრალდებულმა.

ბრალდებულის შუამდგომლობა მოსამართლე ლილი მსხილაძემ არ დააკმაყოფილა. მან აღნიშნა, რომ ზაზა ხატიაშვილის ახლო მეგობარი არ არის და ისიც კი არ იცის, სად ცხოვრობს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი. მსხილაძის თქმით, არ შეიძლება, შეიქმნას პრეცენდენტი, რითაც მსგავსი გარემოებები გახდება მოსამართლის აცილების განმაპირობებელი.  მსხილაძემ ასევე განმარტა, რომ იგი არაა სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი და საქმის კურსში არაა, რას წერენ მისი „ფეისბუკ-მეგობრები“. 

სასამართლო სხდომაზე ბრალდების ორი მოწმე დაიკითხა - ორივე ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების თანამშრომელი. წინა სხდომისგან განსხვავებით, პოლიციის თანამშრომლებმა, ამჯერად, ადვოკატი მდინარაძე ძალადობაში პირდაპირ არ დაადანაშაულეს, მაგრამ არც ბრალდების პოზიციები გაუმყარებიათ. Humanrights.ge-მ მოწმეთა ჩვენებები სასამართლო პროცესზე სრულად ჩაწერა. გთავაზობთ მნიშვნელოვან ფრაგმენტებს ამ ჩვენებებიდან.

გივი ლომიძე, ბრალდების მოწმე: „2015 წლის 7 ნოემბერს მოხდა ძარცვა და ვიყავი შემთხვევის ადგილზე, სადაც ავიყვანე ბრალდებული და განყოფილებაში გადავიყვანე. ბრალდებული არასრულწლოვანი იყო. მისი დაკითხვა გამომძიებელმა ნინო ზანგურაშვილმა დაიწყო. ღამით განყოფილებიდან გავედი. დილით დამირეკეს, რომ დროებით მოთავსების იზოლატორში უნდა გადამეყვანა არასრულწლოვანი. გავიგე, რომ რაღაც შელაპარაკება მომხდარა, მაგრამ დეტალებით არ დავინტერესებულვარ, რადგან დაღლილი ვიყავი და ნამდვილად არ მაინტერესებდა, რა მოხდა“. 

კვირკვაია: „თქვენ ამბობთ, რომ მეორე დღეს გაიგეთ ფაქტის შესახებ, ასეა?“ 
ლომიძე: „დიახ, ასეა“.
კვირკვაია: „გაიგეთ თუ არა, რომ მდინარაძემ თვითდაზიანებები მიიყენა?“
ლომიძე: „დიახ, გავიგე“.

მიხეილ წერეთელი, ბრალდების მოწმე: „განყოფილებაში რომ მივედი, დავინახე გამომძიებელი არასრულწლოვანს კითხავდა, იქ იმყოფებოდა ადვოკატიც, როგორც შემდეგ გავიგე - გიორგი მდინარაძე. ნულოვან სართულზე ვიყავი, როდესაც ყვირილის ხმა შემომესმა. თანამშრომლის ხმა არ მეცნო, ამიტომ კიბეზე ამოვედი, რათა გამეგო, რა მოხდა. გავიგონე „ლანძღვითი“ სიტყვები: გაუნათლებლებო და ა.შ.  თანამშრომელმა მითხრა, ადვოკატიაო. ამის შემდეგ კვლავ დავბრუნდი ნულოვან სართულზე. იქიდან როცა ამოვედი, მდინარაძე აღარ მინახავს. იმ დღეს ალკოტესტზე შეგვამოწმეს. რას ემსახურებოდა შემოწმება, არ ვიცი, მაგრამ ჩემი ვარაუდი იყო, რომ იმ ხმაურის გამო გვამოწმებდნენ. შემდეგ თანამშრომლებისგან გავიგე, რომ ადვოკატმა შეურაცხყოფა მიაყენა ჩემს თანამშრომლებს და მოხდა ინცინდენტი“. 

ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ზაზა ხატიაშვილმა, რომელიც 14 ნოემბრის სასამართლო სხდომას დაესწრო, პოლიციელების მიერ მიცემული ჩვენებები შეაფასა, როგორც მცდელობა, რომ მეგობრებმა ბრალდებულს შეუმსუბუქონ სასჯელი.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო იქნება ობიექტური და მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დააყენა შუამდგომლობა მოსამართლის აცილების, რადგან იგი ჩემი მეგობარია. კვირკვაიას ადვოკატიც ჩემი მეგობარია, ამიტომ ისიც უნდა აიცილოს? მოსამართლე სწორად მოიქცა, როდესაც ბრალდებულის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მსგავსი პრეცენდენტი არ უნდა დაფიქსირდეს. სასაცილოა ის, რომ პოლიციის თანამშრომლები საუბრობენ მდინარაძის მიერ მიყენებულ თვითდაზიანებებზე. იმედი მაქვს, რომ ეს ფაქტი შეფასდება, როგორც დანაშაული“, - განაცხადა humanrights.ge-სთან საუბრისას ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ზაზა ხატიაშვილმა.

ბრალდებულმა ლაშა კვირკვაიამ humanrights.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ზაზა ხატიაშვილი ცხოვრების პრინციპად და ადვოკატთა ღირსების საქმედ მიიჩნევს ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დადგომას. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი საქმე განზრახ მოხვდა ყოფილ ადვოკატთან განსახილველად, რადგან წინასწარ ყოფილიყო ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო. 

ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსი ლაშა კვირკვაია სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით 2015 წლის ნოემბრის თვეში დააკავეს. თუმცა, 2015 წლის 29 დეკემბერს ადვოკატის ცემაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ლაშა კვირკვაიას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალეს.

მორიგი სასამართლო სხდომა 25 ნოემბერსაა ჩანიშნული.

ახალი ამბები