კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს-ს ინიციატივის განსახორციელებლად თანხები თვითმმართველობების ბიუჯეტიდან დაიხარჯება

18 ნოემბერი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

„უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა" -ასე ჰქვია შსს-ს ახალ პროექტს, რომელიც  დანაშაულის პრევენციას, მომხდარ დანაშაულზე ოპერატიული რეაგირებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენასა და აღკვეთას, ასევე, სატრანსპორტო ნაკადების მართვას და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვების უზრუნველყოფას ეხება. პროექტის მიზანია პოლიციის საქმიანობაში მაღალი ტექნოლოგიების როლის გაზრდა და დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება. 

პროექტის მიზნებისა და განხორციელების გზების განხილვა საკონსულტაციო შეხვედრაზე მოხდა, რომელსაც შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის თანამშრომლები და საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდა  ქ. გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ როსებაშვილი. მისი თქმით, პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა შსს-სა და თვითმმართველობის ურთიერთთანამშრომლობა და ფინანსური მონაწილობა. ზურაბ როსებაშვილის განცხადებით, შსს-ს პროექტის განხორციელებისთვის ქ. გორის ბიუჯეტის მომავალი წლის პროექტში 150 000 ლარია გათვალისწინებული. სიჩქარმზომი ერთი რადარის შეძენა ადგილობრივ ბიუჯეტს 40 000 ლარი უჯდება. გორის მერიას ორი რადარის შეძენა აქვს განსაზღვრული, ხოლო მორჩენილი თანხით - ე.წ. ,,ჭკვიანი კამერების".

„გორი კიდევ უფრო უსაფრთხო ქალაქი გახდება. უკვე გამოყოფილია ადგილები, სადაც მოხდება კამერების და რადარების დამონტაჟება,  პროექტის განხორციელებისთვის კამერების და რადარების შესაძენად ადგილობრივ ბიუჯეტში 150 ათასი ლარია გათვალისწინებული", - აცხადებს როსებაშვილი.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიმართ შენიშვნები აქვს საკრებულოს წევრს ,,თავისუფალი დემოკრატებიდან" თამარ თედლიაშვილს. მისი თქმით, მაშინ, როდესაც შსს-ს ბიუჯეტი ნახევარ მილიარდზე მეტია, ხოლო ქ. გორის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით  16 220 000 ლარით განსაზღვრა, შსს-ს პროექტების განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ უნდა იხარჯებოდეს თანხები.

,,150 ათასი ლარი გორის ბიუჯეტისთვის სერიოზული თანხაა მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრებიდან გამომდინარე, შს სამინისტროსთვის კი ისე მნიშვნელოვანი არა, როდესაც ნახევარ მილიარდზე მეტი აქვს ყოველწლიური დაფინანსება. რაც შეეხება პროექტს, მისი განხორციელება მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არის თვითმმართველობის პირდაპირი მოვალეობა, ამ 150 ათასი ლარით ასევე მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა შეიძლება,  რომელიც პირდაპირ გორის მერიის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. მაგალითად, საბავშვო ბაღებისთვის ვაუჩერის დაფინანსების გაზრდა, 60 ლარიან ვაუჩერს დაემატოს წლის განმავლობაში 5 ლარი,  ესა არის 198 000 ლარი", - აცხადებს თედლიაშვილი. 

შსს-ს პროექტი მოსწონთ არასამთავრობო სექტორშიც, თუმცა პროექტით გათვალისწინებული ტექნიკის შესაძენად ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტიდან თანხების დახარჯვას არამიზნობრივად მიიჩნევენ.

,,მიზანშეუწონელია, ადგილობრივმა თვითმმართველობის ორგანომ შეუძინოს და გადასცეს ქონება სახელმწიფო ორგანოს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული რადარები და კამერები მონტაჟდება გორის ტერიტორიაზე, მათი ექსპლუატაცია (მართვა, გამოყენება, კონტროლი, მოვლა-შენახვა) უნდა განახორციელოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. შესაბამისად, მისი შეძენა უნდა განახორციელოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და არა - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ. ხარჯი, რომელსაც ამ მიზნით გასწევს მერია, იქნება არამიზნობრივი", - აცახდებს ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის იურისტი ალექსი მერებაშვილი.

ახალი ამბები