კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის საბავშვო ბაღებში საკვების შემცირებას პრემიერ–მინისტრი გამოეხმაურა

12 დეკემბერი, 2016
 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

„მინდა განვაცხადო სრული სერიოზულობით, რომ არვიცი, რომელ ჩინოვნიკს მოუვიდა თავში, თუ ეს რეალობაა, ამ გადაწყვეტილების მიღება. თუ ასეთი ჩინოვნიკი არსებობს, მე მინდა, რომ ის ხვალ აღარ იყოს თავის თანამდებობაზე“, – ასე გამოეხმაურა პრემიერ – მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის სხდომაზე, ქალაქ თელავის საბავშვო ბაღებში ხორცისა და რძის პროდუქტების შემცირებასთან დაკავშირებით კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

გიორგი კვირიკაშვილმა საკითხის შესწავლა ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებს დაავალა, ასევე რეაგირებისაკენ მოუწოდა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას.
„ცოტა ხნის წინ გარცელდა თელავის საბავშვო ბაღების სისტემაში კვების რაციონთან დაკავშირებული საკითხის შესახებ ინფორმაცია, რომლის თანახმად, რაციონის გადახედვა მოხდა და ამოღებული იქნა მნიშვნელოვანი საკვები სახეობები. ეს არის ალბათ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საქმე, მაგრამ მე მინდა ჯანდაცვის და განათლების მინისტრებს ვთხოვო, რომ ჩაერიოთ ამ საკითხში. მინდა განვაცხადო სრული სერიოზულობით, არვიცი, რომელ ჩინოვნიკს მოუვიდა თავში, თუ ეს რეალობაა, ამ გადაწყვეტილების მიღება, თუ ასეთი ჩინოვნიკი არსებობს, მე მინდა, რომ ის ხვალ აღარ იყოს თავის თანმდებობაზე. თუ ვინმემ ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია გაიგო ისე, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვებს რაციონი უნდა შევუმციროთ, ეს არის დანაშაულებრივი გადაწყვეტილება“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ქალაქ თელავის საბავშვო ბაღებში ხორცისა და რძის პროდუქტები რომ შეამცირეს, ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს აღსაზრდელების მშობლებმა აცნობეს. მათი ინფორმაციით, უკვე რამდენიმე დღეა მენიუში აღარ არის ხორცის გუფთა, ბავშვებს აღარ აჭმევენ ასევე არაჟანსა და ხაჭაპურს. მათივე ინფორმაციით, ხორცის გუფთა ბრინჯიანი სუპით ჩაანაცვლეს, ხაჭაპური კი ყველიანი მაკარონით. მენიუში ცვლილებების შესახებ ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრთან სატელეფონო საუბარში რამდენიმე საბავშვო ბაღის მენეჯერმაც დაადასტურა. მათი თქმით, მენიუს შეცვლის გადაწყვეტილება საბავშვო ბაღების გაერთიანებამ მიიღო.

ქალაქ თელავის საბავშვო ბაღების გაერთიანების დაქვემდებარებაში 9 საბავშვო ბაღია. გაერთიანების დირექტორმა თეონა მიქელაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს თავდაპირველად უთხრა, რომ მენიუ საერთოდ არ შეუცვლიათ, მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ ხორცის გუფთა მენიუდან საბავშვო ბაღების მენეჯერების თხოვნით ამოიღეს. „გვითხრეს, რომ ბავშვები წვენს ხვრეპდნენ და ხორცის გუფთას არ ჭამდნენ“, – აღნიშნა თეონა მიქელაძემ.

პრემიერ–მინისტრის გამოხმაურების შემდეგ, კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილი გახდა რომ გაერთიანების დირექტორი საბავშვო ბაღების მენეჯერებისგან ინფორმაციის უარყოფას ითხოვს.

ქალაქ თელავის მერის, პლატონ კალმახელიძის განცხადებით, საბავშვო ბაღების მენიუში ცვლილება კი განხორციელდა, მაგრამ ხორციანი საკვების შემცირება არ მომხდარა. „ინფორმაცია გავრცელდა არასწორად. ხორცის გუფთას ბავშვები არ ჭამდნენო და ჩაანაცვლეს კატლეტით. ხაჭაპურიც ისევ შედის და არაჟანიც. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაპირებთ რომ პრემიერსაც მივწეროთ და მედიასაც ავუხსნათ სიმართლე“, – განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.

ქალაქ თელავის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი თეონა მიქელაძე ქალაქის მერის პლატონ კალმახელიძის მეუღლის, შორენა გრიშიკაშვილის ახლო მეგობარია.
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა საბავშვო ბაღების გაერთიანებიდან დოკუმენტაცია წერილობით გამოითხოვა.
მანამდე, ჩვენ ქალაქ თელავის საბავშვო ბაღებიდან მოვიპოვეთ 2016 წლის მენიუ და ამავე წლის დეკემბრის თვის მენიუ ცალკე. თუ 2016 წლის მენიუში, ორშაბათობით, სადილისთვის გათვალისწინებული იყო ბოსტნეულის ბორში, პური, ხორციანი ღვეზელი / კატლეტი პიურეთი, სამშაბათობით კი – წვნიანი გუფთით, პური და ბანანი, დეკემბრის თვის მენიუში ორშაბათობით მხოლოდ ბოსტნეულის ბორში და პურია დარჩენილი, კატლეტი და პიურე სამშაბათს არის გადატანილი, წვნიანი გუფთით კი მენიუში აღარ გვხვდება. მენიუში დარჩენილია არაჟანიც და ხაჭაპურიც, მაგრამ აღსაზრდელთა მშობლების მტკიცებით, ბავშვებს არც არაჟანი და არც ხაჭაპური რამდენიმე დღეა აღარ მიეწოდებათ.
საკვების შემცირების შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს საბავშვო ბაღების თანამშრომლებმაც უკვე კონფიდენციალობის პირობით.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი თელავის საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით მუშაობას აგრძელებს და ვრცელ მასალას შემოგთავაზებთ, მათ შორის ბავშვთა უფლებების დარღვევის თაობაზეც.


ახალი ამბები