კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციები უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას აფასებენ

13 დეკემბერი, 2016
 ლანა გიორგიძე

სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის მინისტრის 29 ივნისის ბრძანებით შეიქმნა. მის მიზანს წარმოადგენდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საჯარო მოხელეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა. 

კომისიის სხდომები ტარდებოდა რეგულარულად, ორ კვირაში ერთხელ, ხოლო სექტემბრის დასაწყისიდან კვირაში ერთხელ შეხვედრებს ესწრებოდნენ კომისიის წევრები (საქართველოს შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; განათლებისა და მეცნიერების; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები; აგრეთვე, მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი), კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის შუალედური ანგარიშის თანახმად, 2016 წლის 29 ივნისის №140 ბრძანების საფუძველზე, კომისია საწყის ეტაპზე 13 წევრისგან (სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები) შედგებოდა. წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების ეფექტურად განხორციელების მიზნით, კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა და მის საქმიანობაში ორი დამატებითი უწყება ჩართო − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი და სახელმწიფო აუდიტის წარმომადგენელი. ამასთან, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, განისაზღვრა კომისიის თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია, რომელიც, კომისიის საქმიანობის კიდევ მეტი ეფექტურობისათვის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაიკავა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი დადებითად აფასებს იმ გარემოებას, რომ პოლიტიკურ პარტიებსა და სადამკვირებლო ორგანიზაციებს რეალურად ჰქონდათ შესაძლებლობა, უშუალოდ დაეყენებინათ საარჩევნო პერიოდთან დაკავშირებული, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები კომისიის წინაშე და კომისიის წევრებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით.

„კომისიის სხდომები, ძირითადად, კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობდა, მაგრამ კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად, პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა განხილვების პოლიტიკურ დებატებში გადაყვანის მცდელობას. ძირითადი პრობლემა და საფრთხე, რასაც შეიძლებოდა, მოჰყოლოდა გამწვავებები, იყო კონტრაქციები და პროვოკაციები, რომელთა პრევენციის მიზნითაც კომისიამ გამოსცა რეკომენდაციები და მიმართა პოლიტიკურ პარტიებს (საარჩევნო სუბიექტებს), გაეცათ მკაფიო მითითება, რომ მათ აქტივისტებს თავი შეეკავებინათ კონკურენტი პოლიტიკური პარტიის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებისაგან კონტრაგიტაციის, შეფასებების გაკეთების თუ სიტყვით გამოსვლის მიზნით, რათა გამორიცხული ყოფილიყო პოლიტიკურ ნიადაგზე თუნდაც სიტყვიერი დაპირისპირება და კანდიდატებს შეფერხების გარეშე მიცემოდათ ამომრჩეველთან კონტაქტის საშუალება“,- ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებულ ანგარიშში - „2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშის - „2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი“ თანახმად, უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის დადებითი შეფასებისა და მის მიერ გამოცემული, პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე რეკომენდაციების მიუხედავად, არაერთი დარღვევა რეკომენდაციების შემდგომაც დაფიქსირდა. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ საქმიანობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვიტა. 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში უწყებათაშორის კომისიას 4-ჯერ მიმართა განცხადებით. საიას საარჩევნო პროექტის იურისტის, რატი თინიკაშვილის თქმით, განცხადებებში საუბარი იყო შესაძლო სამართალდარღვევის 17 ფაქტის შესახებ: „უწყებათაშორისი კომისია ჩვენს მიმართვებზე სწრაფად რეაგირებდა, თუმცა რეაგირება შემოიფარგლებოდა იმით, რომ ფაქტების შესახებ ინფორმაციები ეგზავნებოდა შესაბამის უწყებებს. ეს გამოწვეულია იმითაც, რომ უწყებათაშორისი კომისიის მანდატი არის მხოლოდ ის, რომ მან გამოსცეს რეკომენდაცია შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებზე.“

რატი თინიკაშვილმა humanrights.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უწყებათაშორისი კომისიის არსებობა. ეს არის პლატფორმა, სადაც საარჩევნო სუბიექტებს, დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა, დააფიქსირონ შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტები და ზეპირი მსჯელობა წარიმართოს ამის შესახებ.

„საერთო ჯამში უწყებათაშორისმა კომისიამ გამართა 14 სხდომა და გამოსცა 4 რეკომენდაცია. ეს რეკომენდაცია ძირითადად იყო მიმართული პოლიტიკური პარტიებისთვის, საარჩევნო სუბიექტებისთვის და ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის. თუმცა, მეორე საკითხია, რამდენად ასრულდებდნენ ადრესატები რეკომენდაციებს პრაქტიკაში. მიმდინარე წელს, ძირითადად, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 20 რეკომენდაცია გამოსცა უწყებათაშორისმა კომისიამ, თუმცა ფაქტია, რომ ამის მიუხედავად, ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა, ძალადობრივი ფაქტების, როგორც წინასაარჩევნო, ასევე კენჭისყრის დღეებში.

ჩვენი რეკომენდაციაა, უწყებათაშორისი კომისიის მანდატი შეიცვალოს, თუმცა ამას რიგი საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება“, - აღნიშნა საიას საარჩევნო პროექტის იურისტმა, რატი თინიკაშვილმა.
უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას დადებითად აფასებს ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ იურისტი ნინო რიჟამაძე, humanrights.ge-სთან საუბრისას, თუმცა რიჟამაძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად პოზიტიური ასპექტებისა, უწყებათაშორისი კომისიის მუშაობისას დაფიქსირდა ხარვეზებიც.

„უწყებათაშორისი კომისია დროულად შეიქმნა და კომისიის მუშაობა არ შეფერხებულა, რაც დადებითად შეიძლება, რომ შევაფასოთ. ხარვეზების თვალსაზრისით, უნდა აღვნიშნოთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში უწყებათაშორის კომისიას ახალი რეკომენდაციები არ გამოუცია, ძირითადად, ძველი რეკომენდაციები გაიმეორეს. უწყებათაშორისი კომისიის ყველაზე სერიოზულ ხარვეზად მიგვაჩნია ის, რომ მას არ აქვს ბერკეტი, კონტროლი გაუწიოს მის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებას. ამასთანავე, ხშირად, უწყებათაშორისი კომისიის სხდომები პარტიების წარმომადგენლებისთვის დებატების გასამართი სივრცე უფრო იყო, ვიდრე საგნობრივი მსჯელობის ადგილი. ამის გათვალისწინებით, გვინდა, რომ უწყებათაშორის კომისიას ჰქონდეს მკაფიოდ გაწერილი უფლება-მოვალეობები. ასევე, შევიდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რის თანახმად, უწყებათაშორის კომისიას ექნება ვალდებულება, განახორციელოს მის მიერ გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგი“, - აღნიშნა სამართლიანი არჩევნების იურისტმა, ნინო რიჟამაძემ.

ახალი ამბები