კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საქმიანობისა და უცხოეთის მოქალაქეების უფლებათა დარღვევის შესახებ

22 დეკემბერი, 2016
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურება დისკუსიას კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით და საქართველოს ხელისუფლებას შეახსენებს უცხოეთის მოქალაქეთა სამართლებრივ პრობლემებს, რაც გამოწვეულია კანონებით - „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. 

2014  წლის 1 სექტემბრიდან, საიმიგრაციო პროცესების დარეგულირების მიზნით, ძალაში შევიდა კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. კანონით რეგულირდება უცხოელთა საქართველოში შემოსვლა, ყოფნა, ტრანზიტით გავლა და საქართველოდან გასვლა. კანონის ძირითად პრინციპებად აღიარებულია: ოჯახის ერთიანობის, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, არგაძევებისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპები. 
თუმცა, ერთია კანონით დაწესებული პრინციპები და მეორეა მათი შესრულების რეალური მდგომარეობა. სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო უგულვებელყოფს როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო დონეზე განმტკიცებულ ისეთ მნიშვნელოვან პრინციპს, როგორიცაა ოჯახი და მისი ერთიანობა. 

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, მუდმივი ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე. ადამიანის უფლებათა ცენტრს ათეულობით უცხოელმა მომართა, რომელთაც ბოლო პერიოდში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უარი უთხრა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. სააგენტოს მხრიდან უარის საფუძველს უმეტესად წარმოადგენს „უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა“ ადამიანის საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად. ასეთ უფლებამოსილ ორგანოს საქართველოში წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომლის „დასკვნა“ სულ რამდენიმე ზოგადი წინადადებისაგან შედგება და მთავრდება ვერდიქტით: „კონტრდაზვერვის დეპარტამენტს საქმეში მითითებული პირისთვის მუდმივი ბინადრობის მინიჭების უფლება მიზანშეუწონლად მიაჩნია“. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაში არსებულ არც ერთ საქმეში უცხოეთის მოქალაქისთვის არაფერია ცნობილი იმ „არგუმენტების“ შესახებ, რაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნაშია აღნიშნული. ამ ფაქტს არავითარ ყურადღებას არ აქცევს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და თავის მხრივ, ისიც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ეუბნება უარს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში დროებით ცხოვრებაზე.
პრობლემას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დასაბუთებული არგუმენტებით, ხშირ შემთხვევაში, არც სასამართლო ინტერესდება. ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც არავითარი ბოროტი განზრახვა არა აქვს, პატივისა და ღირსების შემლახავია „სტატუსი“, რომ იგი ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამავე დროს, ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს, იცოდეს იმ კონკრეტული საფუძვლებისა და მიზეზების შესახებ, თუ რატომ შერაცხა როგორც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, ასევე სასამართლომ საფრთხის შემცველ პიროვნებად. სასამართლოს გადაწყვეტილება სწორედ იმ ადმიანისთვის უნდა იყოს გასაგები, რომლის ინტერესებსაც იგი ეხება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაში არსებული საქმეებიდან ჩანს, რომ სასამართლო ხელმძღვანელობს კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით, რომლის შესაბამისადაც კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და არ შეიძლება გამოყენებული იქნას სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ  სახელმწიფო ორგანო გადაწყვეტილების მიღების ნებისმიერ ეტაპზე  ვალდებულია, დაიცვას  ოჯახის ერთიანობის პრინციპი და გაითვალისწინოს ოჯახის ინსტიტუტის მნიშვნელობა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია იცავს პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას და განმარტავს, რომ ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად. სწორედ ამიტომ, როდესაც არსებობს კანონით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევები, სახელმწიფო ვალდებულია, დაუსაბუთოს მხარეს, თუ რით არის გამოწვეული მის მიერ დაწესებული შეზღუდვები. 
ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს რამდენიმე უცხოელს, რომლებიც დაქორწინებული არიან საქართველოს მოქალაქეებზე. ზოგიერთს ჰყავს შვილები,  რომლებიც ქართულ სკოლაში დადიან და სურვილი აქვთ, ცხოვრობდნენ საქართველოში. შესაბამისად, როცა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დაუსაბუთებელი „დასკვნის“ საფუძველზე, სახელმწიფო მათ ბინადრობის ნებართვაზე უარს ეუბნება, ოჯახი დგება არჩევანის წინაშე - ან ოჯახი ინგრევა ან მიემგზავრება სხვა ქვეყანაში. ფაქტობრივად, სახელმწიფო აიძულებს თავის მოქალაქეს,  დაანგრიოს ოჯახი, ან უცხო ქვეყნის მოქალაქე მშობელი წავიდეს თავის ქვეყანაში და საქართველოს მოქალაქე მშობელი, შვილებთან ერთად დატოვოს საქართველოში. ეს კი უკვე არის ოჯახის ერთიანობის დანგრევა და არავის აქვს უფლება, ასე უხეშად ჩაერიოს ადამიანის პირად ცხოვრებაში. მით უმეტეს, ასეთ შემთხვევებზე, უკვე არსებობს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები ევროპის სხვადასხვა ქვეყნების წინააღმდეგ მოქალაქეთა სასარგებლოდ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს:

 საქართველოს პარლამენტს და მთავრობას - დაინტერესდეს უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობით და შეცვალოს როგორც კანონმდებლობა, ისე პრაქტიკა, რათა ქვეყანაში აღმოიფხვრას უცხოელთა უფლებების შელახვისა და დისკრიმინაციის ფაქტები.
 სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიაწოდოს რეალური ინფორმაცია და უცხოელ მოქალაქეთა საქართველოში ბინადრობაზე უარი გაამყაროს არგუმენტირებული დასკვნით.
 იუსტიციის სამინისტროს - გადახედოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მუშაობის პრაქტიკას და საქართველოში ბინადრობის ნებართვის განხილვისას გასცეს მხოლოდ დასაბუთებული უარი. 
 სასამართლოს - საქმის განხილვისას გაითვალისწინოს არამხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული საქმის მასალები, არამედ ყველა ფაქტობრივი  გარემოება და სამართლებრივი არგუმენტი და მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი  გასაგები  გახდეს მოქალაქისთვის.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები