კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი პროკურატურამ დაზარალებულად არ ცნო

27 დეკემბერი, 2016
 
ლანა გიორგიძე

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის გიორგი ტყებუჩავას საქმეზე მარნეულის რაიონულმა პროკურატურამ დადგენილება მიიღო, რომლის თანახმადაც გიორგი ტყებუჩავა დაზარალებულად არ არის ცნობილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი გიორგი ტყებუჩავა 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრას მარნეულის #35 საარჩევნო ოლქში, ქეშალოს #37 საარჩევნო უბანზე აკვირდებოდა, სადაც მას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ფაიაზ ველიევმა და თავმჯდომარის მოადგილემ საამედ გაჯიევმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ინცინდენტი ვიდეოკამერით გადაიღო საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა, სადაც ჩანს, თუ როგორ უყვირის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, საამედ გაჯიევი ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელს და ხელითაც ეხება. 

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა საარჩევნო უბანზე გიორგი ტყებუჩავასთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების, ასევე რაიმე სახის ძალადობის განხორციელების ფაქტი. რაც შეეხება გ. ტყებუჩავას სხეულზე არსებულ დაზიანებებს, აღნიშნული დაზიანებები მას წარმოეშვა იმ მომენტში, როდესაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო უბნის კომისიის წევრმა სამედ გაჯიევმა გიორგი ტყებუჩავას მოკიდა მარჯვენა ხელი მარცხენა მკლავზე და დააპირა მისი მიყვანა სკამთან, რომ დამჯდარიყო და ხელი არ შეეშალა საარჩევნო პროცესისთვის, რასაც ადასტურებს კომისიის წევრთა მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებები“, - ნათქვამია მარნეულის რაიონული პროკურატურის მიერ ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის გამოგზავნილ დადგენილებაში. 

ქეშალოს #37-ე საარჩევნო უბანზე ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რის შემდეგაც მოწმეები გამოიკითხნენ ალგეთის პოლიციის დეპარტამენტში. პოლიციის განყოფილებაში განაცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 1621- მუხლის საფუძველზე („კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა“).

საქმეზე ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის თანახმად, გიორგი ტყებუჩავას აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა მარცხენა მხარის ზემო მესამედის უკანა ზედაპირზე. 

გიორგი ტყებუჩავას ადვოკატის, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ეკა ქობესაშვილის თქმით, საქმის გაჭიანურების გამო ადამიანის უფლებათა ცენტრმა სხვა დამკვირვებელ ორგანიზაციებთან ერთად 24 ოქტომბერს გამართა პრესკონფერენცია, სადაც საგამოძიებო ორგანოებს მოსთხოვეს, დროულად და ობიექტურად გამოეძიებინათ ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი.

„არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართული პრესკონფერენციის შემდეგ დაგვიკავშირდა გამომძიებელი და გვთხოვა, რომ შემჭიდროვებულ ვადებში მივსულიყავით მასთან, რათა საგამოძიებო მოქმედებები ჩაეტარებინა. გამომძიებელთან მისვლის შემდეგ გიორგი ტყებუჩავა დამატებით გამოკითხეს, დაუსვეს საქმესთან დაკავშირებით დამაზუსტებელი კითხვები. ასევე, გაგვაცნეს ექსპერტიზის დასკვნა. ჩვენ მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რა დრო სჭირდებოდათ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას, გამომძიებელმა გვითხრა, რომ დავალებული ჰქონდა, მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაესრულებინა გამოძიება და უახლოეს დღეებში დაგვიბარებდნენ, რათა გიორგი ტყებუჩავა ეცნოთ დაზარალებულად. აღნიშნული ფაქტის შემდეგ მივმართე საქართველოს მთავარ პროკურორს და ვთხოვე, საქმის დროული და ეფექტური წარმართვის მიზნით პირად კონტროლზე აეყვანა საქმე. ჩემი წერილის პასუხად მარნეულის პროკურორიდან მივიღე პასუხი, რომ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და გიორგი ტყებუჩავა დაზარალებულად არ სცნეს. ამასთან, არც კომისიის მოძალადე წევრებს წაუყენეს ბრალი“, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ეკა ქობესაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება გრძელდება, ადვოკატს საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღების იმედი არა აქვს. ეკა ქობესაშვილი მიიჩნევს, რომ გამოძიება მიკერძოებულია, რადგან არსებობს ყველა მტკიცებულება, საქმეზე შემაჯამებელი, სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად. 

2016 წლის 24 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა განცხადებით მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა მხედველობაში მიეღოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და გაეტარებინათ ადმინისტრაციული ზომები საარჩევნო მოხელეების მიმართ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თანდართული დოკუმენტით მიეწოდა ფაქტების ამსახველი ვიდეომასალა. ცესკომ განცხადება გადააგზავნა მარნეულის №22 საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელმაც განიხილა განცხადება და ადამიანის უფლებათა ცენტრს აცნობა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ჩამოერთვათ ახსნა-განმარტება, რომელთა თანახმად,  განცხადებაში მოყვანილი ფაქტები არ დადასტურდა. საოლქო საარჩევნო კომისიის განცხადების თანახმად, ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ წარმოდგენილ ვიდეომასალაშიც არ დასტურდება დამკვირვებლის ფიზიკური შეურაცხყოფა. შესაბამისად, არ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. 

„დავის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რადგან ნათელი იყო საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი, ადამიანის უფლებათა ცენტრმა შედეგი მიუღებლად მიიჩნია და საოლქო კომისიის გადაწყვეტილება  გაასაჩივრა ადმინისტრაციული წესით - მიმართა ცესკოს, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის ზემდგომ და საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ და მაკონტროლებელ ორგანოს, რათა განეხილა ადამიანის უფლებათა ცენტრის ადმინისტრაციული საჩივარი, გამოეკვლია  გარემოებები და ამის შესაბამისად მიეღო გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც   დადგებოდა კანონდამრღვევი პირების ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის საკითხი“, - აღნიშნა humanrights.ge-სთან საუბრისას ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ანა გურიელმა.

2016 წლის 9 ნოემბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ადამიანის უფლებათა ცენტრის საჩივარი არ დააკმაყოფილა. განკარგულების შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია დაეყრდნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს, ალგეთის პოლიციის განყოფილების უფროსის მიერ გამოგზავნილ წერილს, რომლის მიხედვითაც, გიორგი ტყებუჩავას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე 1 მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება არ არის დასრულებული. 

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის დათქმის შესაბამისად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ ეს დარღვევები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“, - ნათქვამია ცესკო-ს მიერ გამოცემულ განკარგულებაში. 

ცესკოს განკარგულება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად არ ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, როგორც დაზარებულის ადვოკატი, ეკა ქობესაშვილი აცხადებს, გამოძიება ჯერ არ შეწყვეტილა და მარნეულის რაიონული პროკურატურის დადგენილება მას შეუძლია, გაასაჩივროს საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის ზემდგომ პროკურორთან, მათ შორის დაზარალებულად ცნობაზე უარი შეუძლია, გაასაჩივროს საქართველოს სსკ-ის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.

ახალი ამბები