კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღნაღის ყოფილ გამგებელს და მის მოადგილეებს ხელფასი თანამდებობის დატოვების შემდეგაც მისცეს

6 იანვარი, 2017
 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

სიღნაღის ყოფილ გამგებელს რამაზ პოპიაშვილს და მის მოადგილეებს, რომლებსაც უფლებამოსილება 2014 წლის ივლისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შეუწყდათ, თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 10 300 ლარი ჩაურიცხეს. ამ თანხიდან 8 000 ლარი „შვებულების გამოუყენებლობის“ გამო გაიცა, რაც მოქმედი კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

2016 წლის 14 დეკემბერს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შემოწმების ანგარიში გამოქვეყნდა, რომელიც 2014-2015 წლების პერიოდს მოიცავს.

აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად საჯარო რესურსების არამიზნობრივად ხარჯვის არაერთი ფაქტი გამოვლინდა.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2014 წლის ივლისში, ყოფილ გამგებელს რამაზ პოპიაშვილს, გამგებლის მოადგილეებს - ბერდო ასანიშვილს, ნუგზარ ბურდულს და რამაზ გოზალიშვილს, ასევე ერთ-ერთ შტატგარეშე მოსამსახურეს (მძღოლს) სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მუნიციპალიტეტმა გადაურიცხა 10 300 ლარი.

თანხის ჩარიცხვის საფუძველი იყო იმავე პირების განცხადება, რათა თანამდებობების დატოვების შემდეგ გამგეობას მოეხდინა მათთან საბოლოო ანგარიშსწორება. ჩარიცხული თანხიდან უშუალოდ შრომის ანაზღაურებისთვის განკუთვნილი იყო 2 300 ლარი, ხოლო დანარჩენი 8 000 ლარი გაიცა როგორც გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება. აღსანიშნავია, რომ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს მიიღოს შრომითი გასამრჯელო მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე, ხოლო გამოუყენებელი შვებულებისთვის რაიმე დამატებით ანაზღაურებას კანონმდებლობა საერთოდ არ ითვალისწინებს.

2015 წლის 27 თებერვალს გამგეობამ სასამართლოს მიმართა და უკანონოდ გაცემული თანხების უკან დაბრუნება მოითხოვა. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ გამგეობის მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა აუდიტის მიმდინარეობის პერიოდისთვის ბიუჯეტში მხოლოდ 1 300 ლარის დაბრუნება მოხერხდა.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი გამგებლის მოადგილეებიდან ბერდო ასანიშვილი დღემდე იმავე პოზიციაზე მუშაობს, ხოლო ნუგზარ ბურდულს გამგეობაში იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობა უკავია. 2015-2016 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში მათ მიერ არასწორად მიღებული თანხების უკან დაბრუნების შესახებ ინფორმაცია მითითებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ამავე პერიოდში ბერდო ასანიშვილს გასამრჯელოს სახით 36 400 ლარი აქვს მიღებული (მათ შორის, 5 200 ლარი პრემიის სახით), ხოლო ნუგზარ ბურდულს - 29 100 ლარი (აქედან 5 100 ლარი პრემია).

გარდა ამისა, აუდიტის დასკვნაში მითითებული სხვა კანონდარღვევების შესახებაც, რომელთა არასრული ჩამონათვალი ასეთია:
- 2014 წელს სიღნაღის გამგეობამ ხელშეკრულება გააფორმა ერეკლე მეორის ქუჩისა და ჩიხის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საერთო ღირებულებით 212 700 ლარი. ერეკლე მეორის ქუჩაზე დაგებული ასფალტო-ბეტონის საფარი მთელ სიგრძეზე დაზიანებულია, რაც გამოწვეულია 2016 წელს შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განხორციელებული წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებით. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებდა წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროცესში დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენას, მუნიციპალიტეტს კომპანიისთვის არ მიუმართავს დაზიანებული ასფალტის შეკეთების მოთხოვნით.

- 2014-2015 წლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 470 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწას და 12 შენობა-ნაგებობას იყენებდნენ არაუფლებამოსილი პირები, რომლებსაც მუნიციპალიტეტთან არ ჰქონდათ გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები და არ იხდიდნენ საიჯარო ქირას. მათ შორისაა „ადვოკატების ოფისი“ ქალაქ სიღნაღში და სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული „ლიბერთი ბანკის“ ოფისები. აუდიტის ჯგუფის მიერ საკითხით დაინტერესების შემდგომ გამგეობამ ხელშეკრულებები გააფორმა და იჯარით გასცა 2 ობიექტი, საიდანაც ქირის სახით მისაღები შემოსავლები წლიურად შეადგენს 3 600 ლარს. კერძო აუდიტის შეფასების მიხედვით, დანარჩენი ქონების იჯარით გაცემის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტს ქირის სახით ყოველწლიურად დამატებით უნდა მიეღო 31 700 ლარზე მეტი შემოსავალი.

- 2014-2015 წლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით გაფორმებული 127 ხელშეკრულების ფარგლებში შესყიდულია 1 496 000 ლარის სამშენებლო სამუშაოები. საანგარიშო პერიოდში გამგეობა არ ითხოვდა მიმწოდებლებისგან ფაქტობრივი დანახარჯების შესახებ დოკუმენტაციას, რაც წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს, რომ საბიუჯეტო სახსრები ზედმეტად იქნა დახარჯული. მხოლოდ აუდიტის ჯგუფის მიმართვის საფუძველზე, გამგეობამ მიმწოდებლებისგან მოითხოვა დოკუმენტაცია შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივი დანახარჯების შესახებ, მაგრამ ეს დოკუმენტაცია არ იქნა წარმოდგენილი.

- 2014-2015 წლებში იურიდიული პირებისგან მისაღები დასუფთავების მოსაკრებელი განსაზღვრული იყო 112 200 ლარით, ფაქტობრივად კი ამოღებულ იქნა მხოლოდ 25 600 ლარი, ანუ 23 %.
- 2014 წელს ქვემო მაჩხაანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამგეობამ არასწორად გაიანგარიშა მიმწოდებელზე - შპს „კლოტოიდა 2009“-ზე დასარიცხი ჯარიმა და ნაცვლად 61 500 ლარისა, იგი დააჯარიმა 44 000 ლარით, რის გამოც მუნიციპალიტეტმა დაკარგა დამატებითი შემოსავალი 17 500 ლარის ოდენობით.

- 2014-2015 წლებში სამი ხელშეკრულების ფარგლებში მუნიციპალიტეტმა სამუშაოების შემსრულებელ კომპანიებს (შპს „გუმბათი“, შპს „ბურჯი+“, შპს „თელა“) მიწოდების ვადების დარღვევისათვის არ დაარიცხა პირგასამტეხლო - ჯამში 46 000 ლარის ოდენობით.
- 2014 წელს მუნიციპალიტეტმა გააფორმა ორი ხელშეკრულება სანიაღვრე არხისა და კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, - საერთო თანხით 27 000 ლარი. გამგეობამ მიმწოდებელს დაგვიანებით გადაურიცხა შესრულებული სამუშაოების ღირებულება, რის შედეგადაც, სამუშაოების ღირებულებასთან ერთად, მუნიციპალიტეტს დამატებით მოუწია პირგასამტეხლოს გადახდა, - ჯამში 6 900 ლარის ოდენობით.
- 2014-2015 წლებში სიღნაღის საკრებულოს არაანაზღაურებად დეპუტატებზე შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე გაცემულია 52 000 ლარი.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში მითითებული არ არის გადაეგზავნა თუ არა იგი შემდგომი რეაგირებისათვის საგამოძიებო ორგანოებს, თუმცა აშკარაა, რომ ზოგიერთი სამართალდარღვევა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.


ახალი ამბები