კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„თითქმის ააშენეს და შემდეგ მიატოვეს“

12 იანვარი, 2017
 
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

ქალაქ რუსთავში 8 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ფეხბურთის ფედერაციას 2015 წლის იანვარში გადაეცა,  ნახევრადაშენებული შენობა დგას. 2015 წლის იანვარში იმჟამინდელმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიას ახალი ინიციატივა გააცნო: „სახელმწიფო მფლობელობაში არსებული მიწა გადაეცემა ფეხბურთის ფედერაციას და რუსთავში აშენდება ფეხბურთის თანამედროვე აკადემია".

მიწის ნაკვეთი მართლაც გადეცა ფეხბურთის ფედერაციას. გაკეთდა განცხადებები ფედერაციის მხრიდან, რომ  რუსთავში საფეხბურთო აკადემიის ტერიტორიაზე მშენებლობის დასრულების შემდეგ განთავსდებოდა 140 კაცზე გათვლილი სასტუმრო, სამედიცინო, აღსადგენი და ფიტნეს-ცენტრებით, იქნებოდა 6 საფეხბურთო მოედანი, აქედან სამი ხელოვნურ და სამი ბუნებრივ საფარიანი. აგრეთვე ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზი, ხელბურთის, კალათბურთის და მინიფეხბურთის მოედანი, ჩოგბურთის ერთი დახურული და ორი ღია კორტები.

განცხადებების შემდეგ პროექტის განხორციელებაც დაიწყო, თუმცა რამდენიმე თვეში აკადემიის მშენებლობა შეჩერდა. ამჟამად ობიექტი დაუმთავრებელ მდგომეობაშია. არშემდგარი აკადემიის რკინის ჭიშკარს ბოქლომი ადევს. 

„აქვე ვცხოვრობ და ყოველდღე ვუყურებ ამ შენობას. ალბათ, ნახევარი წელია, აქ არაფერი ხდება. ასე ვთქვათ, თითქმის ააშენეს და შემდეგ მიატოვეს“, - გვიამბობს ადგილობრივი ხათუნა გოგიტიძე. 

ფეხბურთის ფედერაციაში დამაიმედებელს ვერაფერს ამბობენ. ფედერაციის წარმომადგენლების თქმით, პროექტის ფინანსური მხარე თავიდანვე არასწორად იყო გათვლილი.

„უეფას მიერ გამოყოფილი თანხით მოხდა მხოლოდ პროექტის ნაწილობრივი ფინანსური უზრუნველყოფა. ხელმძღვანელობაში მოსვლის დროს დაგვხვდა შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულებები სამშენებლო კომპანიების წინაშე. პირველ ეტაპზე აუცილებელი გახდა ამ ვალის გასტუმრება, რათა პროექტი გაგრძელებულიყო. დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიების შედეგად ჩვენ დავფარეთ არსებული დავალიანება, რომელიც 2 მილიონ ლარამდე იყო და აგრეთე განვახორციელეთ პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა სამშენებლო სამუშაო. აკადემიის დასასრულებლად საჭიროა დამატებითი თანხები, რომელთა მოძიებაზეც ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად მუშაობს, რათა პროექტი, რომლის გახსნა ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის მიერ დაანონსებული იყო 2015 წლის აგვისტოში, ჩვენ დავასრულოთ მაქსიმალურად სწრაფად“, - აცხადებენ ფეხბურთის ფედერაციაში.

ახალი ამბები