კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეკა ქობესაშვილი: „უდოს კომისიის გადაწყვეტილებები კანონმდებლობას ეწინააღმდეგება"

24 იანვარი, 2017
 
ლანა გიორგიძე

გ.ჩ.-ს პატიმრობის ვადის ამოწურვამდე 2 წელი დარჩა. იგი 2009 წლის აპრილიდან განთავსებულია ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და სასჯელს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვა და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანისთვის იხდის. 2016 წლის 27 ოქტომბერს გ. ჩ.-ს პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე შეიკრიბა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო, რომელმაც გ. ჩ.-ს პირობით ვადამდე გათვისუფლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

კომისიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი, რომელიც მიიჩნევს, საბჭოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. ქობესაშვილის თქმით, გ. ჩ.-ს პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდლომლობა საბჭოს უნდა დაეკმაყოფილებინა, რადგან მან მოიხადა სასჯელის არანაკლებ ორი მესამედი.

პატიმრობის კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:
ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ,,პატიმრობის კოდექსის“ მე-40 მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მექანიზმი შესაძლებლობას იძლევა ეფექტურად და ობიექტურად იქნეს განხილული თითოეული მსჯავრდებულის პირადი საქმე და საჭიროების შემთხვევაში, საბჭომ უშუალოდ მსჯავრდებულთან გასაუბრების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება. თუმცა, მიუხედავად გ.ჩ. -ს საქმის შესწავლისა, იურისტ ეკა ქობესაშვილის თქმით, საბჭო არასწორ ინფორმაციას ფლობდა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. 

ქობესაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ საბჭომ არ გაითვალისწინა სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია მისი ოჯახის წევრებისა და საცხოვრებელი ფართის შესახებ. 

მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში ჩაერთო სხვადასხვა აქტივობაში: გაიარა სასტუმროს საქმის წარმოება, თექა/ბატიკა/ქუილთი-ს შემსწავლელი, მასაჟის, ჭრა-კერვის, კოსმეტოლოგიის, ტყავის აქსესუარების დამზადების შემსწავლელი კურსები, ასევე ესწრებოდა სპორტულ-გამაჯანსაღებელ კურსს. შეისწავლა ხატვა, ქარგვა, ესწრებოდა: ხატწერის, ქორეოგრაფიის, სანერგე მეურნეობის, მებაღეობისა და სტილისტობის კურსებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მსჯავრდებული მისდევს ხელსაქმეს და თავის ხელნაკეთ ნივთებს წარმოადგენს გამოფენებზე. მან ასევე გაიარა ინგლისური ენის კურსები და დაესწრო სხვადასხვა ტრენინგს, რისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც აქვს მსჯავრდებულს.

იურისტის თქმით, გარდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სანიმუშო ქცევისა, მსჯავრდებულს აქვს საცხოვრებელი ფართი, იგი იცხოვრებს ძმის ოჯახში, სადაც ოჯახის ყველა წევრი დასაქმებულია. თავად მსჯავრდებულსაც, შეუძლია, დაკავდეს სავაჭრო საქმიანობით. 

მსჯავრდებულის შესახებ აღნიშნული ინფორმაცია სოციალური მუშაკის დასკვნაშია მოცემული, რომელიც მსჯავრდებულთან და მისი ოჯახის წევრებთან ვიზიტის შედეგად გაიცა. სოციალური მუშაკი დასკვნაში აგრეთვე აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს კარგი ურთიერთობა აქვს სხვა მსჯავრდებულებთან, თავაზიანია თანამშრომლებთან და ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვალეობებს.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო გ. ჩ.-ს საქმეზე იღებს გადაწყვეტილებას, რომ საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, თუმცა ყურადღება გაამახვილა ჩადენილი დანაშაულის ხასიათზე. 

„საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 და 72-ე მუხლებით, საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-40 და 42-ე მუხლებით, ასევე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულებით და მიღებული საერთო ანალიზის საფუძველზე: შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ. ჩ.-ს პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, მოცემულ ეტაპზე, არ დააკმაყოფილა. 
ეკა ქობესაშვილის თქმით, საბჭოს გადაწყვეტილება კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
„ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს მიერ არ  არის არგუმენტირებული, თუ რამ ჩამოუყალიბა საბჭოს შინაგანი რწმენა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისას. ეს კიდევ უფრო ბუნდოვანია იმის გათვალისწინებით, რომ საქმეების დიდ უმრავლესობაში წარმოდგენილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული მსჯავრდებულის დადებითი დახასიათების მიუხედავად, საბჭო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და უარს აცხადებს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდება არის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში მსჯავრდებულის ძირითადი უარყოფითი მახასიათებელი. ბუნებრივია, მხოლოდ ამ საფუძვლით მიღებული გადაწყვეტილება პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებულად ვერ ჩაითვლება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, ყველა სახის დანაშაულისათვის, მსჯავრდებულ პირს ენიჭება უფლება, გათავისუფლდეს პირობით ვადაზე ადრე“, - აღნიშნა ქობესაშვილმა.
მსჯავრდებულს უფლება ჰქონდა აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წესით გაესაჩივრებინა, თუმცა მსჯავრდებულს შეეზღუდა სასამართლოს ხელმისაწვდომობა, რადგან არ ჰქონდა თანხა ასი ლარის ოდენობით, რათა გადაეხადა ბაჟი. 
„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სოციალურად დაუცველი პირი თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟისგან, თუცა იგივე პირი პატიმრობისას ვერ სარგებლობს მსგავსი შეღავათით, რადგან მას ავტომატურად უჩერდება სოციალურად დაუცველის სტატუსი, რაც კანონმდებლობის ხარვეზია“, - განაცხადა ეკა ქობესაშვილმა.
გ. ჩ. 6 თვის გასვლის შემდეგ კვლავ ელოდება ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებას. იურისტი იმედს იტოვებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება დადებითი და გ.ჩ.-ს შუამდგომლობა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ დაკმაყოფილდება. 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ humanrights.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილების საფუძველზე, პირობით ვადამდე გათავისუფლდა 959 მსჯავრდებული. მათ შორის: 903 სრულწლოვანი მამაკაცი, 46 სრულწლოვანი ქალი და 10 არასრულწლოვანი ვაჟი.

ეკა ქობესაშვილი მიიჩნევს, რომ საბჭოს მუშაობა ცალსახად არაეფექტურია. ხოლო სამინისტროს მიერ მოყვანილ სტატისტიკაში გასათვალისწინებელია, თუ როდის მოხდა მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლება: „ჩემი ინფორმაციით, საბჭო მსჯავრდებულებს პირობით ვადამდე ათავისუფლებს მაშინ, როდესაც სასჯელის მოხდამდე რამდენიმე თვე ან კვირაა დარჩენილი, რაც არასწორი მიდგომაა“. 

ახალი ამბები