კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების შესახებ დაზარალებულები ინფორმაციას არ ფლობენ

25 იანვარი, 2017
 
ნათია გოგოლაშვილი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს. ადამიანის უფლებათა ცენტრმა სასამართლოს 193 დაზარალებულის განაცხადი მიაწოდა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) რომის სტატუტის საფუძველზე მოქმედებს და არის საერთაშორისო ხელშეკრულებაზე დაფუძნებული პირველი საერთაშორისო სისხლის სამართლის მუდმივი სასამართლო, რომელიც დაარსებულია ყველაზე სერიოზული დანაშაულების დაუსჯელობასთან ბრძოლის მიზნით. 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა 2008 წლის 14 აგვისტოს (ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 2 დღის შემდეგ) განაცხადა, რომ იწყებს საქართველოს სიტუაციის წინასწარ მოკვლევას. წინასწარი მოკვლევის დასრულების შემდეგ ეტაპზე, ICC-ს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ ოფიციალური შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს I წინასასამართლო პალატას გამოძიების ხანგრძლივი პროცესის დაწყების ნებართვის მოსაპოვებლად. 2016 წლის 27 იანვარს - აგვისტოს კონფლიქტიდან 8 წლის შემდეგ - ICC-ს მოსამართლეებმა პროკურორის  შუამდგომლობა დააკმაყოფილეს.

2016 წლის 21 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები წეროვანის დასახლებაში იმყოფებოდნენ და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ. მათ შორის იყვნენ ის პირები, რომელთა სახელითაც ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2015 წელს განცხადებით მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჰააგაში, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით.

წეროვანში მცხოვრებ დევნილებთან გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა, რომ გამოძიების ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლების საგამოძიებო ორგანოები არანაირ კომუნიკაციაში არ იმყოფებიან ომის შედეგად დაზარალებულებთან. დევნილების თქმით, არც სახელმწიფოს მხრიდან ექცევათ ყურადღება. ამასთან, უმრავლესობამ არ იცის, აქვს თუ არა დაზარალებულის სტატუსი.

წეროვანში მცხოვრები ს. მ. Humanrights.ge-სთან საუბრისას იხსენებს, რომ ის და მისი მეგობრები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კასპის ბატალიონში იყვნენ გაწევრიანებულები. მისთვის მძიმეა 2008 წლის აგვისტოს დღეების გახსენება. ერთ დღეს, როდესაც მანქანით მიდიოდნენ, რამდენიმე ადამიანი მათ გზაზე დახვდა და ცეცხლი გაუხსნა. სამი ადამიანი ცოცხლად დაწვეს, თვითონ კი მკლავებში დაიჭრა და 23 დღე-ღამე გორის ჰოსპიტალში გაატარა. ჩვენთან საუბრისას, ს. მ. აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას არ იღებს. რამდენჯერმე დახმარების სახით, მხოლოდ ფქვილი მიიღო. მის ოჯახში ახლა მხოლოდ რძალი მუშაობს, ისიც - მცირე შემოსავალზე. სერგო მ.-ს შემოსავლის წყარო პენსია - 180 ლარი და ვეტერანობის 22-ლარიანი დახმარებაა. მისი თქმით, კომუნალური გადასახადების გადახდას ვერ ახერხებს. 

რ. მ.-მ, ოჯახის წევრებთან ერთად, სოფელი ქემერტი 8 აგვისტოს დატოვა. „ჩემი მეუღლე იქ დარჩა, სახლი ვერ დატოვა. 14 აგვისტომდე თავისი დამწვარი სახლის სარდაფში იმალებოდა. მეზობლად სოფელში მოხუცი ქალებიც იყვნენ. 14 აგვისტოს გარეთ გამოსულა, რა დროსაც შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს. ერთ-ერთ მოხუც ქალს დაუნახავს და გვამი სახლში ჩუმად დაუსვენებია. 6 დღე ჩემი მეუღლის გვამი ასე უპატრონოდ იყო. მე მისი გარდაცვალების ამბავი 20 აგვისტოს გავიგე, მას შემდეგ, რაც, წითელი ჯვრის დახმარებით, მოხუცებმა სოფელი დატოვეს. სახელმწიფოსგან ერთჯერადად 10 000-ლარიანი კომპენსაცია ავიღეთ. მას შემდეგ აღარავის ვახსოვართ. არც პროდუქტით გვეხმარებიან და არც არაფრით. გამგეობიდან 100 ლარს ვიღებდით, რომელიც წელს (2016 წ.) მოიხსნა“, - გვითხრა რ. მ.-მ.

რ. მ.-ს მეუღლის მკვლელობის მოწმე, 100 წელს მიღწეული ქალბატონი მ. მ. მეუღლესთან ერთად 24 აგვისტომდე სოფელ ქემერტში იმყოფებოდა. „ჩემი ქმარი სამამულო ომის ინვალიდი იყო, ფეხი არ ჰქონდა და ვერ წამოვედით. 24 აგვისტომდე სოფელ ქემერტიში დავრჩით. მახსოვს, ოთხი სახლი იწვოდა ჩვენი სახლის გარშემო. სახლების დასაწვავად რომ მოდიოდნენ, ჩვენ სახლს არ გვიწვავდნენ, ვებრალებოდით. სარდაფში ვიმალებოდით, წყალიც კი ვერ ჩამომქონდა დასალევად. დაობებულ, გამხმარ პურს ქვაბში ვინახავდი და დაორთქლილ პურს ვაჭმევდი ჩემს მეუღლეს. ირგვლივ სახლებს ცეცხლი ეკიდა, სულ წითლად იყო ცა. ახლა საღამოს რომ დავწვები, სულ ჭერს ვუყურებ, ხანძრის ძალიან მეშინია. ერთი ძროხა გვყავდა, გარეთ ვერ ვუშვებდით და ბაღში ვაძოვებდით. სოფლის ქუჩაზე გატაცებული საქონელი ჩაატარეს და ჩვენმა ძროხამ იმ საქონელს შებღავლა. გამტაცებლებმა ხმა რომ გაიგონეს, ჩვენს ბაღშიც გადმოვიდნენ და ჩვენი ძროხაც წაიყვანეს“, - ისხენებს 100 წელს მიღწეული დევნილი ქალბატონი. 

მ.მ. ამჟამად წეროვანის დასახლებაში ცხოვრობს და ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, ვინც უშუალოდ თვითმხილველია იმ დანაშაულებებისა, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩაიდინეს დაპირისპირებულმა მხარეებმა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის თანადირექტორის, ნინო ცაგარეიშვილის თქმით, წეროვანში ვიზიტმა ნათლად წარმოაჩინა, რომ ომის დანაშაულების გამოძიების კუთხით, სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ საწყისი, უმნიშვნელო სამუშაოებია ჩატარებული. დევნილებთან საგამოძიებო ორგანოებს ურთიერთობა, სავარაუდოდ, ჰქონდათ მხოლოდ ერთხელ - 2008-2009 წლებში, როდესაც მოქალაქეებმა შეადგინეს პირველადი განცხადებები პროკურატურის ან პოლიციის სახელზე. ამის შემდეგ საგამოძიებო ორგანოებს დაზარალებულთათვის, არასოდეს მიუწოდებიათ ინფორმაცია, თუ რა სტადიაზეა გამოძიება და რა კონკრეტული მოქმედებები მიმდინარეობის ომის დანაშაულების გამოსაძიებლად. 

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოძიების დაწყება არ ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება გათავისუფლებულია ვალდებულებისაგან, გამოიძიოს 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულები. რომის სტატუტიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას მიეკუთვნება „საერთაშორისო სამართლის ყველაზე სერიოზული დანაშაულები“, როგორიცაა - გენოციდი, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები და ომის დანაშაულები. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებულთა ნაწილი კი, შესაძლოა, არ პასუხობდეს აღნიშნულ კრიტერიუმებს, მაგრამ მათ უმძიმესი ზარალი განიცადეს ომის შედეგად - დაუზიანდათ ჯანმრთელობა, დაკარგეს უძრავ-მოძრავი ქონება, საკუთრება და ა.შ. საერთაშორისო სისხლის სამართლის კომპლემენტარულობის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, შესაბამისი შესაძლებლობების ფარგლებში აწარმოოს გამოძიება. საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა ომის დანაშაულების გამოძიების კუთხით არღვევს აღნიშნულ პრინციპს და მრავალი დაზარალებულის უფლებას“, - აღნიშნა ნინო ცაგარეიშვილმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერესების დაცვის ქვეშ მყოფი 193 აპლიკანტიდან საქართველოს საგამოძიებო ორგანოების მიერ დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ 32 ადამიანს აქვს მინიჭებული. თუმცა, ამ პირებსაც კი არა აქვთ საქმის მასალებზე ხელმისაწვდომობა. დაზარალებულთა დიდ ნაწილს საერთოდ არ სმენია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ და არც ის იციან, რომ სასამართლოს დაწყებული აქვს 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება. 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გააჩნია უფლება, განიხილოს მოვლენები ყველა სახელმწიფოში, რომელმაც მოახდინა რომის წესდების რატიფიცირება. საქართველო გახდა რომის წესდების მონაწილე სახელმწიფო 2003 წელს და ამით, რატიფიცირების დღიდან, სასამართლოს მიეცა სავარაუდოდ ჩადენილი გენოციდის,  კაცობრიობის წინაშე დანაშაულებებისა და სამხედრო დანაშაულებების გამოძიების, ბრალდებულთა სისხლის სამართლებრივი დევნისა და გასამართლების უფლება, თუ ასეთი დანაშაული ჩადენილია საქართველოს ტერიტორიაზე, ან საქართველოს მოქალაქეების მიერ. ამჟამად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამფუძნებელი რომის წესდების რატიფიცირება მოახდინა 123-მა სახელმწიფომ.  

ახალი ამბები