კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,სუფთა გარემო ბავშვებს” - აქცია კასპში

8 თებერვალი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

„დაგვიბრუნეთ სუნთქვის უფლება“, „ჩვენი ქუჩები ცემენტმზიდების გარეშე“, „ხელისუფლება ხალხის გვერდით“, „სუფთა გარემო ბავშვებს“  - ამ მოთხოვნებით 5 თებერვალს კასპში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები   რამდენიმე საკითხის მოგვარებას დაუყონებლივ ითხოვდნენ. ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა იყო  ცემენტმზიდი ავტომანქანების ქარხნიდან გამოსვლამდე გარეცხვა, რათა გადაადგილების დროს წარმოქმნილი მტვერის რაოდენობა შემცირებულიყო. აქციის მონაწილეების განცხადებით,  ავტომანქანები  მათ საცხოვრებელ სახლებთან გადაადგილდებიან, რასაც თან ახლავს მტვერი, რომლიც ცემენტის  ქარხნის გამონაბოლქვს ემატება. 

,,ჩვენი მოთხოვნაა, მოირწყას ქუჩა და მოწესრიგდეს საგზაო ინფრასტრუქტურა. ზაფხული მოდის და თუ პრობლემა არ მოგვარდება, ბავშვები ვეღარ გაუძლებენ არსებულ მდგომარეობაში ცხოვრებას", - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ანი ხარგელიამ.

ადგილობრივების თქმით,  სატვირთო ავტომანქანების ინტენსიური გადაადგილებისას წარმოქმნილი ბიძგებით მათი საცხოვრებელი სახლები ყოველდღიურად ზიანდება.

„მოგვაქციონ ყურდღება და მოგვეცეს მშვიდად და უსაფრთხოდ ცხოვრების საშუალება", - აღნიშნა აქციის მონაწილე ლენა დვალიძემ.

აქციის მონაწილეების თქმით, ცემენტის მტვრისგან გამოწვეული დაავადებები ხშირია, დაფიქსირდა ასთმის შემთხვევებიც.

,,ცემენტმზიდების  გადაადგილებით გამოწვეული სახლების ზანზარი და ხმაური განსაკუთრებით აუტანელია ღამის საათებში, ზოგჯერ საერთოდ ვერ ვიძინებთ. ფანჯრებს  ვერ ვაღებთ, რადგან ქარხნიდან წამოსული მტვერი ცვივა, ამას სატვირთო ავტომანქანების მოძრაობაც ემატება და ვართ გაუსაძლის მდგომარეობაში. მეზობლის ბავშვს ასთმა დაემართა, თითქმის უმრავლესობას ყელის ტკივილი აწუხებს", - აღნიშნა ლელა მამულაშვილმა.

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი  გოჩა გოჩიტაშვილი humanrights.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ პრობლემა ფარნავაზის ქუჩის მასშტაბებს ცდება, რადგან ცემენტით დატვირთული ავტომანქანები მთელ კასპს გადიან. 

,,ჩვენ გვქონდა ქარხნის ადმინისტრაციასთან აღნიშნულ პრობლემაზე საუბარი, შეთანხმების მიხედვით, პირველ ეტაპზე, ცემენტმზიდი მანქანები დატვირთვის შემდეგ უნდა გაირეცხოს და ასე უნდა გადაადგილდნენ დასახლებულ ტერიტორიაზე. ასევე დავიწყეთ საუბარი ალტერნატიულ გზაზე, რომელიც დასახლებული ადგილებს გარკვეულწილად გვერდს აუვლის და პრობლების მასშტაბები შემცირდება.  ერთ-ერთი პრობლემა კიდევ არის ცემენტმზიდი მანქანების დასაშვებზე მეტი ტვირთით გადაადგილება, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურას ანადგურებს. ყველა პრობლემას განვიხილავთ ,,ჰაიდელბერგ ცემენტის" ქარხნის მენეჯმენტთან, რომლებიც 200 მილიონ ინვესტიციას ახორციელებს  და უნდა ვნახოთ ოქროს შუალედი რომ არც ერთი მხარე არ დარჩეს დაზარალებული", განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

აქციის მონაწილეებმა სიტუაციის გამოსწორების მოთხოვნებით პეტიცია შეიმუშავეს, რომელიც ,,კასპიცემეტის" ქარხანაში მიიტანეს, თუმცა ადმინისტრაციამ პეტიცია არ ჩაიბარა.

ახალი ამბები