კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველმა თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული მდგომარეობა შეაფასა

18 თებერვალი, 2017
 
ლანა გიორგიძე 

„საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის №196 დადგენილების მიხედვით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში თამბაქოს აქტიური და პასიური მოხმარების გამო ყოველწლიურად 9 000 - დან 11 000 -მდე ადამიანი იღუპება, მათ შორის 3 000 -მდე პასიური მწეველობის მსხვერპლია“, - აღნიშნულის შესახებ ვკითხულობთ სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ სპეციალურ ანგარიშში, რომლის პრეზენტაცია 15 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართა.

ანგარიშის თანახმად, სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ 2016 წელს ჩატარებული კვლევით დასტურდება, რომ საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 30.6% მწეველია. ამ მონაცემებით საქართველო ყველაზე მწეველ ქვეყნებს შორისაა, როგორც ევროპის, ისე გლობალური მასშტაბით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეგულარული მწეველია მამაკაცების 56%, ქალების კი, მხოლოდ 9,6 %. მოსახლეობის კიდევ 38% თამბაქოს მეორადი კვამლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება.  

სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის თქმით, ქვეყანაში მოქმედი ნორმები ვერ უზრუნველყოფს თამბაქოსგან თავისუფალი გარემოს შექმნას: „არ არსებობს თამბაქოს რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის ყოვლისმომცველი აკრძალვა. ასევე არ არსებობს რეგულაციები, რომელიც ეხება ელექტრონული სიგარეტის რეკლამისა და რეალიზაციის საკითხებს. რეგულაციები კი, რაც არსებობს, მათი აღსრულება არ ხდება“.

„გასულ წელს საპარლამენტო ანგარიშში ვეცადეთ, აგვესახა ეს საკითხი. მოკლედ გავაანალიზეთ ეროვნული კანონმდებლობა, ასევე ვალდებულებები, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია ამ მიმართულებით. ვმუშაობდით არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც გაერთიანებული არიან „ნუ მაბოლებ“ კამპანიის ირგვლივ“, - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

აპარატის წარმომადგენლის, თამარ გუგუტიშვილის განცხადებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, ანგარიშის შექმნის პერიოდში, იხელმძღვანელა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევებით: „სპეციალურ ანგარიშში  განხილულია თამბაქოს კონტროლის სფეროში დადგენილი საერთაშორისო სტანდარტები და ეროვნული კანონმდებლობის ხარვეზები, სახელმწიფოს უწყებების მხრიდან თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების ეფექტურობა, მოზარდ თაობაში თამბაქოს პროდუქციის რეკლამირებითა და თამბაქოს პროდუქციის მოხმარებით გამოწვეული საფრთხეები, საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება თამბაქოსგან თავისუფალ გარემოზე და სხვა საკითხები“.

გუგუტიშვილის თქმით, 2013 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოში თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის აღსრულების საჭიროებები შეაფასა და ჩატარდა თამბაქოს კონტროლის სტატუსის, ძირითადი გამოწვევებისა და სავარაუდო საჭიროებების პირველადი ანალიზი, რის შემდეგაც შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც ნაწილობრივ გაითვალისწინა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ. 2014 წლის 27 ივნისს კი ხელი მოეწერა „ერთი მხრივ საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირის და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას“, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 18 ივლისს იქნა რატიფიცირებული. 

„კონვენციის რატიფიცირების შემდეგ ავიღეთ რიგი ვალდებულებები სხვადასხვა ღონისძიების განხორციელების, რაც შეამცირებს თამბაქოსგან გამოწვეულ ზიანს. ასეთი ღონისძიებებია: თამბაქოზე გადასახადების გაზრდა, თამბაქოს რეკლამისა და პოპულარიზაციის აკრძალვა, თამბაქოს სპონსორობის აკრძალვა, თამბაქოს კვამლით გამოწვეული ზიანის შემცირება, მოსახლეობის ინფორმირება და ხელმისაწვდომი სერვისების შექმნა, რაც დაეხმარება თამბაქოს მომხმარებლებს, თავი დაანებონ მოწევას.  კონვენციის რატიფიცირების შემდეგ საკმარისი დროა გასული, რათა სახელმწიფოს ეფექტური ნაბიჯები გადაედგა, თუმცა, დღესდღეობით, არ გვაქვს არც სრულყოფილი კანონმდებლობა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტს დააკმაყოფილებს და არც მოქმედი ნორმების აღსრულება ხდება ეფექტურად“, - განაცხადა გუგუტიშვილმა.

სახალხო დამცველის წარმომადგენლის თქმით, საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობა მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს, რაც დადგენილია თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით.

ომბუდსმენის აპარატის მიერ მომზადებული სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები. 

ადგილობრივი ორგანიზაციის „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ წარმომადგენლის, კახა ღვინიანიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თამბაქოს კონტროლის საკითხების მონიტორინგის პროცესში ჩაერთო ომბუდსმენი: „ვისურვებდი, რომ სახალხო დამცველის აპარატმა მომავალში ყურადღება გაამახვილოს უკანონო სპონსორობის შემთხვევებზე. ვგულისხმობ თამბაქოს ინდუსტრიის მიერ სასწავლო დაწესებულებების, თეატრებისა და თუნდაც სახელმწიფო უწყებების სპონსორობას“.

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრ, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, იგი შეუვალი იქნება თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრების: „საერთოდ აკრძალვების მომხრე არ ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა, რომ თამბაქოს შესახებ კანონპროექტი რაც შეიძლება, სწრაფად დამტკიცდეს. ჩემი კოლეგების იმედი მაქვს, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ცვლილებებს“.

პარლამენტის წევრ გიორგი ბეგაძის თქმით, იგი, როგორც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წარმომადგენელი, განსახილველ კანონპროექტს მხარს დაუჭერს: „დღეს ჩვენ გვჭირდება თამამი ნაბიჯები და ამას არ უნდა შევუშინდეთ, მით უფრო, რომ ეს ეხება ადამიანების ჯანმრთელობასა და მომავალ თაობას“.

თამბაქოს შესახებ კანონპროექტი ჯერ კიდევ მე-8 მოწვევის პარლამენტის კომიტეტებს წარედგინათ განსახილველად, თუმცა განხილვა გაჭიანურდა და პროცესმა ერთი წლით გადაიწია. 

თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენლის, გიორგი ბახტურიძის თქმით, კანონპროექტის განხილვას თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რაც  პროცესს ართულებდა და აჭიანურდება. მან იმედი გამოთქვა, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტი აღნიშნული კანონის პროექტს მხარს დაუჭერს და ამ მიმართულებით ეფექტური და რეალური ნაბიჯები გადაიდგმება.

სახალხო დამცველმა ანგარიშის პრეზენტაციის დასასრულს ისაუბრა აპარატის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ.
„იმედს გამოვთქვამ, რომ ის რეკომენდაციები, რომელიც შეიმუშავა სახალხო დამცველმა და სხვა ორგანიზაციებმა, ძალიან მალე რეალურად შესრულდება“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ახალი ამბები