კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციელთა მხირდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

28 თებერვალი, 2017
 
 
ლანა გიორგიძე

„ნაცნობის თხოვნით მივედი ქ. რუსთავში ლესელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სადაც ჩემი მისვლის შემდეგ შემოცვივდნენ შეიარაღებული პირები, რომელთაგან ზოგი ნიღბით იყო. წამაქციეს, ხელები ამომიტრიალეს და ბორკილები დამადეს. ვკითხე, ვინ იყვნენ და რა უნდოდათ. მიპასუხეს, რომ პოლიციიდან იყვნენ და როგორც უნდოდათ, ისე მომექცეოდნენ. ამის შემდეგ სახეზე ბალიში დამაფარეს და დამიწყეს ცემა, როცა ვუთხარი, რომ ვუჩივლებდი, მითხრეს, რომ საწოლზე დაგდებული „შპრიცი“ ჩემი იყო და სსკ-ის 260-ე მუხლით დამაკავეს. (სსკ-ის 260-ე მუხლი -  ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება)“, - წერს მსჯავრდებული ლ.შ. ადამიანის უფლებათა ცენტრს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ეკა ლომიძის თქმით, მსჯავრდებულს 2013 წლის დეკემბერში რუსთავის შსს სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა დაკავებისას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.
„საქმის შესწავლა მსჯავრდებულის მომართვის შემდეგ დავიწყეთ და დავადგინეთ, რომ გამოძიება მსჯავრდებულ ლ.შ.-ს მიმართ განხორციელებულ ცემისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე არაეფექტურად და მიკერძოებულად წარიმართა“, - აღნიშნა ადვოკატმა ეკა ლომიძემ.

ლომიძის თქმით, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამსახურს არ შეუსწავლია ლ.შ. -ს დროებითი მოთავსების იზოლატორში გარეგნული დათვალიერების ოქმი, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ ლ.შ.-ს მარცხენა თვალთან აღენიშნებოდა შესიება, ჰქონდა შეწითლებული და სილურჯე, ხოლო შუბლზე აღენიშნებოდა სიწითლე. 

„ამავე ოქმში აღნიშნულია, რომ დაკავებულს გააჩნდა პრეტენზია პოლიციელების მიმართ, რომელთა ამოცნობასაც შეძლებდა. აღნიშნული დოკუმენტი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ჩატარებისას არ შეუსწავლიათ, რაც განსხვავებული დასკვნის დაწერის საფუძველს იძლეოდა“, - აღნიშნა ლომიძემ humanrights.ge-სთან საუბრისას.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ წერილობით მიმართა მსჯავრდებულ ლ.შ.-ს და განუმარტა, რომ ექსპერტმა ქეთევან ბედენაშვილმა 2014 წლის 21 თებერვალს პირადად გამოიკვლია მსჯავრდებული, რის შემდეგაც გაიცა შესაბამისი დასკვნა. დაკსვნის თანახმად კი, ექსპერტი ბედენაშვილი აღნიშნავს, რომ კანქვეშა სისხლნაჟღენთები განვითარებულია რაიმე ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას. 

„ხანდაზმულობით დაზიანება არ შეესაბამება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2013 წლის 24 დეკემბერს. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია 2013 წლის 21-22 დეკემბერს“, -ნათქვამია ექსპერტ ქეთევან ბედენაშვილის მიერ გაცემულ დასკვნაში. 
2013 წელს ლ.შ.-ს დაკავებისას მსჯავრდებულს ასევე გამოკვლევა ჩაუტარდა რუსთავის ცენტრალური საავამდყოფოს ექიმ-ტრავმატოლოგის მიერ, რომლის ახსნა-განმარტებითი ბარათის თანახმად, დაკავებულს აღენიშნებოდა შეშუპება სახის არეში, ხოლო კანქვეშა სისხლჩაქცევა არ აღენიშნებოდა. დაკავებულს შპს „ვექტორი“-ს დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემაც ჩაუტარა გამოკვლევები, რომლის მიერ გაცემული დასკვნის თანახმადაც, მსჯავრდებულის დაზიანება, მარცხენა თვალბუდის სისხლნაჟღენთი და ლოყის რბილი ქსოვილის შეშუპების სახით, შეესაბამება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2013 წლის 24 დეკემბერს. აღნიშნულ დასკვნას არ ენდობა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა და მსჯავრდებულისთვის გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ექსპერტ ქეთევან ბედენაშვილის მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა დაფუძნებულია მყარ არგუმენტებზე და გამორიცხავს ყოველგვარ ეჭვს. ხოლო დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ გაცემული დსკვნა დაფუძნებულია ვარაუდებსა და გამონაკლის შემთხვევებზე.
მსჯავრდებულის თქმით, რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოსა და დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ გაცემული დასკვნები კიდევ ერთი მტკიცებულებაა გამოძიების მოთხოვნით ჩატარებული ექსპერტიზის არაობიექტურობის. 

ის, რომ მსჯავრდებულს დაკავებამდე არ ჰქონდა სხეულის დაზიანებები, სასამართლო სხდომაზე მოწმე დ.ბ.-მაც დაადასტურა. პოლიციის თანამშრომლის თქმით, ლ.შ.-ს დაკავებამდე არავითარი დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ამის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ეკა ლომიძე მიიჩნევს, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის მიერ გაცემული დასკვნა წინააღმდეგობაში მოდის სასამართლოსთვის მოწმის მიერ მიცემულ ჩვენებასთან, ასევე საგამოძიებო ორგანოებში მოწმეთა მიერ მიცემულ ჩვენებებთან: „მოწმე რ.გ წერილობით ადასტურებს, რომ ლ.შ.-ს დაკავებისას არ ჰქონდა შპრიცი და ამასთან, პოლიციელებმა მის წინააღმდეგ გამოიყენეს ფიზიკური ძალა, მიაყენეს შეურაცხყოფა და გადაამეტეს უფლებამოსილება“.

ადვოკატის თქმით, საქმეზე არსებული არაერთი მტკიცებულება ადასტურებს იმას, რომ ლ.შ.-მ დაკავებისას მიიღო ფიზიკური დაზიანებები და გახდა პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებადე ლ.შ. ჯანმრთელი იყო, თუმცა დაკავებისას მიყენებული დაზიანებების შემდეგ მას განუვითარდა პოლინეიროპათია, მას არ შეუძლია ხელჯოხის გარეშე გადაადგილება, აქვს ტკივილი წელის არეში და საჭიროებს კვლევასა და მკურნალობას.

მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა სახალხო დამცველის აპარატმაც მიმართა და გამოითხოვა ინფორმაცია, არის თუ არა მსჯავრდებული უზრუნველყოფილი შესაბამისი მკურნალობით და კერძოდ რა სახის მკურნალობის კურსი ჩაუტარდა მას.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან ადამიანის უფლებათა ცენტრს ეცნობა, რომ მსჯარდებულს მრავალჯერადად გაეწია სამედიცინო მომსახურეობა. 

„მსჯავრდებულს ჩატარებული აქვს ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციები, კლინიკო-ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევები. დიაგნოზების მიხედვით უტარდებოდა და აჟამადაც გრძელდება ექიმის მიერ რეკომენდებული მკურნალობა. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, პაციენტი უარს აცხადებდა სამედიცინო მომსახურეობის მიღებაზე, რაზეც შედგენილია სათანადო აქტები. ნევროლოგის რეკომენდაციის თანახმად, ხერხემლის სვეტისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის ჩატარების მიზნით, პაციენტი დარეგისტრირებულია რეფერალთა ელექტრონულ ბაზაში და სამედიცინო მომსახურეობა გაეწევა გეგმიური წესით, რიგითობის შესაბამისად. ამ ეტაპზე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, სტაციონალური მკურნალობის საჭიროება არ დგას“, - ნათქვამია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გამოგზავნილ დოკუმენტში.
ადვოკატმა ეკა ლომიძემ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო არაერთხელ წერილობით მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს. მიაწოდა ინფორმაცია, რომ თვეების განმავლობაში ლ.შ.-ს უჭირს გადაადგილება, აქვს ხერხემლის გაუსაძლისი ტკივილი და არ შეუძლია პირადი ჰიგიენის დაცვაც კი.  ადვოკატი მოითხოვდა, ყურადღება მიექციათ მსჯავრდებულისთვის და მას დროულად ჩატარებოდა კვლევები, შესაბამისად, დანიშვნოდა მკურნალობაც.

მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაცია იურისტმა მიაწოდა საქართველოს მთავარ პროკურატურას და მოითხოვა, საქმის დროული და ობიექტური მოკვლევა. 

„ჩატარდეს განმეორებითი ექსპერტიზა სრული დოკუმენტაციის საფუძველზე, მათ შორის დროებითი დაკავების იზოლატორიდან ამოღებულ იქნას ფოტოსურათები, სადაც ნათლად ჩანს ლ.შ.-ს სხეულზე პოლიციელთა მიერ მიყენებული დაზიანებები. მოვითხოვთ, შეისწავლოთ მტკიცებულებები სრულად და გამოიძიოთ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი“, - ნათქვამია მიმართვაში, რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს გადაუგზავნა.

პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, პოლიციის საქმიანობა უნდა ემყარებოდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პრინციპს. ამავე კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, პოლიციის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და საკუთრების უფლებებს და სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 144' მუხლების შესაბამისად.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნა საქმის ხელახალი გამოძიების შესახებ დაკმაყოფილდა და გამოძიება  დაიწყო ლ.შ.-ს მიმართ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებით   ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების ფაქტზე. 

ახალი ამბები