კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

განცხადება „რუსთავი 2”-ის საქმის მოსამართლეებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე

6 მარტი, 2017
 განცხადება „რუსთავი 2”-ის საქმის მოსამართლეების კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობასა და მათზე სავარაუდო ზეწოლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე

უკანასკნელ პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია „რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლეების კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობასა და მათზე სავარაუდო ზეწოლასთან დაკავშირებით. როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არაერთხელ იქნა აღნიშნული მოცემულ საქმეში ხელისუფლების შესაძლო პოლიტიკური ინტერესის არსებობის თაობაზე. მიგვაჩნია, რომ „რუსთავი 2"-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვა მნიშვნელოვანია ქვეყანაში პლურალისტური მედია გარემოს არსებობისა და საზოგადოებისათვის მიმდინარე მოვლენების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის. 

დღეის მდგომარეობით, საქმე განსახილველად გადაცემული აქვს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას და მხარეები ელოდებიან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო გაზრდილია ყურადღება მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით.  არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფო უწყებები, ისე მედია საშუალებები აცნობიერებდნენ პასუხისმგებლობას იმის თაობაზე, რომ საზოგადოებას მიეწოდოს ობიექტური და ამომწურავი ინფორმაცია საქმის განმხილველ მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლისა და კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის თაობაზე გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

1. განცხადებები „რუსთავი 2"-ის მოსამართლის კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით

რამდენიმე დღის წინ  მედიისა და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან მტკიცებით ფორმაში გაჟღერდა ბრალდებები ტელეკომპანია „რუსთავის 2-ის" საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლის კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.  ბრალდებების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახმა ტელეკომპანია „რუსთავის 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის სანაცვლოდ 1 მილიონამდე ლარი მიიღო ქალაქ თბილისის მერიისგან.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მოგვმართა  მოქალაქე ზვიად ჩოხელმა, რომელიც აცხადებს რომ ის წარმოადგენს მერიის მიერ გაცემული კომპენსაციის რეალურ ბენეფიციარს. ზვიად ჩოხელის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის (ზვიად ჩოხელის ოჯახსა და ზვიად ნაზღაიძეს შორის, ასევე ბაკთან გაფორმებულიხელშეკრულებები; ინვესტორებთან გაფორმებული მემორანდუმები; მიწის ნაკვეთის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები სტიქიამდედა სტიქიის შემდგომ), ასევე საჯარო რეესტრის მონაცემების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და საკრებულოს განკარგულებების შესწავლის შედეგად, მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ობიექტურ დამკვირვებელს არ მისცემს საფუძველს, მტკიცებით ფორმაში დაასკვნას, რომ ნატა ნაზღაიძის ოჯახის მიერ სტიქიის შედეგად დაზარალებული ნაკვეთის საკომპენსაციოდ ერთ მილიონ ლარამდე თანხა ქრთამის სახით იქნამიღებული.

მიგვაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, მედიისა და საზოგადოების მხრიდან შეუზღუდავად და თავისუფლად ხდებოდეს კრიტიკული აზრის დაფიქსირება მიმდინარე განხილვებთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოებას მიეწოდოს სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაცია. განსაკუთრებით მაშინ, როცა გავრცელებული ბრალდებები ისეთი მძიმეა, როგორიცაა მოსამართლის მიერ ქრთამის აღება, ხოლო მოსამართლეები ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე შეზღუდული არიან გავრცელებული ბრალდებების საპასუხოდ განცხადებების გაკეთებისგან.

გვსურს  ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არა მარტო მედიას აქვს უფლება გაავრცელოს ინფორმაცია მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეების დეტალებზე, არამედ საზოგადოებასაც აქვს უფლება მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ამგვარ საქმეებზე. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტული მოსამართლეეები შეიძლება დაექვემდებარონ პერსონალურ კრიტიკას, თუმცა ასევე მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ლეგიტიმური ინტერესი, რაც სასამართლოს მიმართ გამოთქმული მძიმე და დაუსაბუთებელი ბრალდებებით შეიძლება შეილახოს თუ საზოგადოება სრულყოფილად არ იქნება ინფორმირებული შესაბამისი ორგანოების მხრიდან საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ.

აქვე, გვსურს გამოვეხმაუროთ 2017 წლის 21 თებერვალს დედაქალაქის მერიის წარმომადგენლების საკრებულოში არ მისვლის ფაქტს, მიუხედავად საკრებულოს გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნისა. მიგვაჩნია, რომ მერიის ხელმძღვანელი პირების გადაწვეტილება თავი აარიდონ საკრებულოს დეპუტატების კითხვებზე პასუხებს, საზოგადოებაში დამატებით კითხვებს წარმოშობს. ყოველივე აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ქ. თბილისის მერიის წარმომადგენლებს აქტიურად ითანამშრომლონ საკრებულოს წევრებთან და კანონით დადგენილი წესით პასუხი გასცენ ყველა გამოთქმულ ეჭვსა თუ ბრალდებას.

2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო  შემთხვევა

უკანასკნელ პერიოდში ასევე გავრცელდა ინფორმაცია უზენაეს სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმის განმხილველი მოსამართლეების ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით.  მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურაში აღნიშნული ფაქტების თაობაზე უზენაესი სასამართლოდან განცხადება 2017 წლის 14 იანვარს გადაიგზავნა ორი კვირის მანძილზე ეს ინფორმაცია საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა. მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე საინფორმაციო საშუალებებით გახდა ცნობილი თვით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვისაც, რომელთაც კანონით ევალებათ მოსამართლეების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ უახლოეს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს მათზე ზეგავლენის მცდელობის შესახებ და საქმის გამოძიება დაიწყო. მიგვაჩნია, რომ გამოძიების დროულად და მიუკერძოებლად წარმართვის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროკურატურამ ეტაპობრივად უნდაგაასაჯაროოს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია და მტკიცებულებები. გარდა ამისა, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ისე იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია იყოს მეტად ინფორმირებული და ქმედითი მოსამართლეებზე ზეწოლის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით და დგამდეს რეალურ ნაბიჯებს მათი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ:

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და სასამართლოების სპიკერ-მოსამართლეებს - დროულად მოხდეს მოსამართლეების მიმართ ბოლო პერიოდში გამოთქმულ ბრალდებებთან, ისევე როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირება და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა;

პროკურატურას - უზრუნველყოს უზენაესი სასამართლოების მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით დროული, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ეტაპობრივად გაასაჯაროოს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;

თბილისის მერიასა და საკრებულოს - შესაბამისი ოფიციალური განცხადების გავრცელების გზით სრულყოფილად მოხდეს მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის დასაბუთება და საზოგადოების ინფორმირება გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ;

ჩვენ ვაგრძლებთ „რუსთავი 2"-ის საქმის განხილვასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ საქმის შემდგომი განხილვისას გამოირიცხება ის კითხვის ნიშნები, რომლებიც მოცემული საქმის პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე საქმის დაწყების დღიდან  არსებობს.

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA)

ახალი ამბები