კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ერთი დღე ომისშემდგომ კარალეთში

21 მარტი, 2017
 
ნათია გოგოლაშვილი

კარალეთი - სოფელი შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში, შიდა ქართლის ვაკეზე, გორი-ცხინვალის საავტომობილო გზაზე. დღეს აქ ადამიანები 2008 წლის აგვისტოს დღეებს იხსენებენ. 9 წლის წინ ჩადენილი დანაშაულები ჯერ კიდევ გაუხსნელია. სოფელში უცვლელად დგას ომის დროს დაზიანებული სახლების ნანგრევები. კედლებს ჯერ კიდევ ატყვია ნატყვიარები. არც მოსახლეობას დავიწყებია აგვისტოს მოვლენები. ომმა კარალეთში წარუშლელი კვალი დატოვა.

სოფელ კარალეთის ცენტრში, ერთ-ერთ ღობეზე, ჯერ კიდევ შემორჩენილია ომის დროინდელი სამი ნატყვიარი, რომელიც, ათეულობით დამწვარ სახლთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს აღწერს. კარალეთის მკვიდრი ა.ბ. 12 აგვისტოს სწორედ სოფლის ცენტრში ნასროლ ტყვიებს ემსხვერპლა. მისი მეუღლე ინცინდენტის ადგილს გვათვალიერებინებს და თან ქმრის გარდაცვალების ამბავს გვიყვება. 

„ომი რომ დაიწყო, არ გვეგონა, კარალეთში სიტუაცია ასე თუ გამწვავდებოდა. ჩვენ ომის პერიოდში სახლი ვერ დავტოვეთ და სოფელში დავრჩით. მხოლოდ ჩემი შვილი, თავისი ოჯახით, გავუშვით სოფლიდან. 12 აგვისტოს განსაკუთრებით დაიძაბა სიტუაცია. სახლების დაწვა დაიწყეს. 12 აგვისტოს, საღამოთი გამოვიდა სოფლის ცენტრში ჩემი მეუღლე. მაღაზიიდან გამოსულს გზაზე ესროლეს. სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ამ ფაქტს ორი ადამიანი შეესწრო (ამჟამად, ორივე მათგანი გარდაცვლილია). გზაზე მიმავალი პატარა მსუბუქი  მანქანა ყოფილა, ფანჯარაში ავტომატი ჰქონიათ გადმოშვერილი და ისროდნენ. როცა ვნახე ჩემი მეუღლე, სისხლის მორევში ცურავდა. უკვე მკვდარი იყო. მიცვალებული სახლში დავასვენეთ. მეგონა, თანდათან გამოკეთდებოდა მდგომარეობა, მაგრამ კი არ გამოკეთდა, უფრო გამწვავდა. მიცვალებული ოთხი დღე როგორღაც შევინახეთ მე და ჩემმა დედამთილმა სახლში, მაგრამ მეტხანს მისი გაჩერება უკვე აღარ შეიძლებოდა და ბაღში დავმარხეთ. 14 დღე ბაღში მყავდა დამარხული, შემდეგ გადავასვენეთ“, - იხსენებს დაზარალებული ზ. ბ.

მისი თქმით, ამავე დღეს ამავე მანქანიდან ნასროლ ტყვიას ემსხვერპლა ადგილობრივი ვ. გ.-ც. ზუსტად იმ დღეს, იგივე მეთოდით. გზაზე გადადიოდა და მაშინ ესროლეს. 

კიდე ერთ ომის შედეგად დაზარალებულს სახლის სარდაფში ჩავყავართ, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია ომის დროს ნასროლი ყუმბარის შედეგად დაზიანებული ჭერი. სახლის პატრონის თქმით, შეგნებულად არ შეაკეთა სახლის ეს დაზიანებული ნაწილი. მისთვის ეს 2008 წლის ომის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.

„12 აგვისტოს დაიწვა ჩემი სახლი. როცა ეს მოხდა, სახლში არავინ ვიყავით. ავეჯი დამტვრეული და დამწვარი იყო, ჯერ კიდევ ბოლი იდგა, ახალი მომხდარი იყო. მანქანით მოვედი, მეორე მანქანა, რომელიც ეზოში მეყენა, დაცხრირული დამხვდა. აკუმულატორი არ ჰქონდა და მანქანა ვერ დაქოქეს. სახლს გისოსები ჰქონდა და კარიც დაკეტილი იყო, ამიტომ სახლში „ლიმონკები“ შეყარეს და დაწვეს. სახლი ბოლომდე არ დამწვარა. მიშველა იმან, რომ ასაფეთქებელი სარდაფში გასკდა, თორემ სახლი ბოლომდე განადგურებული დამხვდებოდა. დახმარებას ველოდით, თუმცა ჩვენ ერთი ლარიც კი არ მიგვიღია კომპენსაციის სახით“, - იხსენებს დაზარალებული.

დაზარალებული ბ.ძ.-ც ყურადღებას არასაკმარის კომპენსაციაზე ამახვილებს. მისი ტქმით, მას ცხოვრების ნულიდან დაწყება მოუხდა და ის თანხა, რაც სახელმწიფომ მისთვის გამოყო, არასაკმარისი აღმოჩნდა. იგი მისი ნათესავის, მეზობლად მყოფი სახლის ნანგრევებსაც გვიჩვენებს და 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ცრემლების გარეშე ვერ იხსენებს.

„12 აგვისტო იყო. მანქანებით დადიოდნენ ნიღბიანები, მანქანებიდან ავტომატები ჰქონდათ გადმოყოფილი, სახლებს ესროდნენ და წვავდნენ. დავინახე ვერცხლისფერი ოპელითა და ნივით მოდიოდნენ. ბრმად ისროდნენ. ხალხს ხოცავდნენ. სახლსა და კარზე აღარც ვფიქრობდით, ოჯახის გადარჩენა გვინდოდა. ორსართულიანი სახლი გვქონდა და მხოლოდ კედლებიღა დაგვრჩა, არც სახურავი შერჩენოდა სახლს. სახლი ბოლომდე ვერ აღვადგინე, მეორე სართული მოვხსენი. კომპენსაცია არ იყო საკმარისი. ცარიელ სახლში ხომ ვერ შეხვალ ადამიანი, სახლს ავეჯიც სჭირდებოდა და საოჯახო ნივთებიც. ამასთან, ოჯახიც ხომ უნდა გამომეკვება. ცხოვრების ნულიდან დაწყება დაგვჭირდა“, - გვიამბობს დაზარალებული ბ.ძ. 

როგორც დაზარალებული ჰ. პ. იხსენებს, მისი სახლი ყველაზე ბოლოს დაიწვა. მას და მის ოჯახს 12 აგვისტოს კარალეთის დატოვება მოუწიათ, რადგან სოფელს, მისი თქმით, ინტენსიურად ბომბავდნენ: „უბანშიბიჭები იყვნენ დარჩენილები და მატყობინებდნენ, რომ სახლი დამწვარი არ იყო, თუმცა დასაყაჩაღებლად მოდიოდნენ ხოლმე. 12 რიცხვიდან რომ დაუწყიათ, სამი დღის განმავლობაში უზიდიათ, თუ რამე იყო სახლში. 14 აგვისტოს დამირეკეს, რომ ცეცხლი უკიდია შენს სახლსო. ამან ჩემი ოჯახის ჯანმრთელობაზე ძალიან იმოქმედა. რისთვის დაწვეს, არ ვიცი. მე არავისთან დანაშაული არ მქონია, არც რუსებთან, არც ოსებთან და არც ქართველებთან. კარალეთში 33 სახლი დაიწვა და ყველაზე ბოლოს ჩემი სახლი დაიწვა. მე, სპეციალურად, სახლისა და ჭიშკრის კარი ღია დავტოვე. წაეღოთ ყველაფერი, ოღონდ არ დაეწვათ. აბსოლიტურად არაფერი დაგვრჩა“. 

დღეს არც ჰ.პ.-ს სამსართულიანი სახლია აღდგენილი, მხოლოდ ნანგრევებიღაა, ყოფილ სამზარეულოში ჯერ კიდევ შემორჩენილია ჭურჭლის ნამტვრევები. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, კომპენსაციების საკითხი დაზარალებულებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. ასევე ყურადღებაა მისაქცევი იმ ფაქტზე, რომ რამდენიმე დაზარალებულზე კომპენსაცია საერთოდ არ გაცემულა.
„9 წელი გავიდა, მაგრამ აგვისტოს ომის შედეგები ჯერ კიდევ არ არის აღმოფხვრილი. მოქალაქეებმა ვერ შეძლეს თავიანთი საცხოვრებელის სახლების აღდგენა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ოჯახები კომპენსაციებით. დაზარალებულებისთვის მაინც რთული და შეუძლებელი აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლების აღდგენა და განადგურებული ქონების დაბრუნება. მოქალაქეები ელოდებიან, რომ, გარკვეულწილად, მოხდება კომპენსაციების დამატება, რათა მათი საცხოვრებელი გარემო გაუმჯობესდეს. სტრასბურგის სასამართლოში არის შეტანილი სარჩელები, მაგრამ ყველა მოქალაქე არ არის ამ სარჩელებში. შესაბამისად, კომპენსაციები ყველა დაზარალებულზე ვერ გაიცემა. ამიტომ, სახელმწიფომ უნდა გაარგძელოს ყველა იმ დაზარალებულის უფლებების აღდგენაზე მუშაობა, ვინც აგვისტოს ომის დროს დაზარალდა ამა თუ იმ ფორმით. დაზარალებულთა ქონებრივი მდგომარეობა უნდა იქნას შესწავლილი. ასევე უნდა შეისწავლონ, რამდენად საკმარისი იყო ის კომპენსაციები, რაც აქამდე დაზარალებულთათვის გაიცა. ამასთან, უნდა გაირკვეს რატომ არ გაიცა ზოგზე კომპენსაციები. მიუხედავად იმისა, რომ ათი წელია გასული, ბევრი დაზარალებული ელოდება, რომ მათი უფლებები იქნება დაცული“, - აცხადებს ალეკო ცქიტიშვილი.
ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულებისთვის სტატუსის მინიჭების პროცესს. ორგანიზაციის იურისტის, ანა გურიელის თქმით, ადამიანის უფლებათა ცენტრი აქტიურად მუშაობს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული პირების უფლებების დაცვის მიმართულებით.
„გარდა იმისა, რომ ორგანიზაცია საქმეს აწარმოებს სტრასბურგსა და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, ამავდროულად, ძალზედ მნიშვნელოვანი და აქტუალურია ადგილობრივ დონეზე საქმის წარმოება. ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს პროკურატურას იმ პირებისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თაობაზე, რომელთაც აღნიშნული სტატუსი დღემდე არ გააჩნიათ. ამას გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვნად მიიჩნევა იმ პირების თაობაზე საქმის მასალების გამოთხოვა, რომლებსაც უკვე გააჩნიათ დაზარალებულის სტატუსი. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებასა და უფლებადამცველებს მოგვეცეს შესაძლებლობა, გავეცნოთ პროკურატურის მუშაობას ამ მიმართულებით. ადამიანის უფლებათა ცენტრი უკვე გაეცნო არაერთი დაზარალებულის საქმეს. უპირველესად, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ დაზარალებულების დაკითხვის მიმართულებით პროკურატურამ აქტიურად იმუშაოს და მაქსიმალური ინფორმაცია მოიპოვოს იმ კონკრეტული პირების შესახებ, რომლებიც კონკრეტული დანაშაულებების თანამონაწილენი ან დამნაშავეები არიან“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იუსრისტი ანა გურიელი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის თქმით, დაზარალებულთა ნაწილი ფლობს ისეთ ინფორმაციას, რაც, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთვის: „ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს გასვლით ვიზიტებს საქართველოს რეგიონებში, სადაც აქტიურად ხდება კომუნიკაცია სავარაუდო დაზარალებულებთან. მათი ჩვენებები კი, შესაძლებელია, შეიცავდეს იმ ინფორმაციას, რაც გარკვეულ ზეგავლენას იქონიებს პროკურატურის მიერ გამოძიების წარმოებაზე. ამის გათვალისწინებით, აუცილებლად მიიჩნევა ის, რომ პროკურატურამ აწარმოოს კომუნიკაცია ადამიანებთან, გამოკითხოს ისინი და, შესაბამისი ჩვენებების საფუძველზე, ადეკვატური სამართლებრივი ნაბიჯები განახორციელოს“.

ახალი ამბები