Categories
Journalistic Survey
Articles
Reportage
Analitic
Photo Reportage
Exclusive
Interview
Foreign Media about Georgia
Editorial
Position
Reader's opinion
Blog
Themes
Children's Rights
Women's Rights
Justice
Refugees/IDPs
Minorities
Media
Army
Health
Corruption
Elections
Education
Penitentiary
Religion
Others

რა ცვლილებებს ითვალისწინებს პატიმრობის განახლებული კოდექსი

April 24, 2017
 
ნათია გოგოლაშვილი

გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულება, დარჩენილი სასჯელის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – შინაპატიმრობით შეცვლა, ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულის გათავისუფლება სასჯელის მოხდისგან, საოჯახო პაემნით სარგებლობა, ტელევიზორით სარგებლობის უფლება, უმაღლესი განათლების მიღება, პირობით ვადამდე გათავისუფლება, ქალი მსჯავრდებულის უფლება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვების შესახებ - ამ ცვლილებებს ითვალისწინებს პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით  მიიღო.  

„პატიმრობის კოდექსსა“ და თანმდევ კანონებში ცვლილებები (სულ 20 საკანონმდებლო აქტი) 23 მარტს პარლამენტის პლენარულ სესიაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა წარადგინა. 

კანონპროექტის განმარტებით ბარათში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აღნიშნავს, რომ კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს პენიტენციური სისტემის მარეგულირებელი კანონმდებლობის საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობა, ევროპული სტანდარტების პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბება, პენიტენციურ დაწესებულებებში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების რეალიზაცია, მათი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა, უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა და არსებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრა. 

არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი, ზოგადად, დადებითად აფასებს არსებულ ცვლილებებს, მაგრამ გარკვეული შენიშვნებიც აქვთ.

გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულება. შემოთავაზებული ცვლილებების ფარგლებში, პენიტენციურ სისტემაში იქმნება ახალი - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, რომელიც გათავისუფლებისთვის მოამზადებს დაბალი ან საშუალო რისკის იმ მსჯავრდებულებს, რომელთა თავისუფლების აღკვეთის დარჩენილი ვადა არ აღემატება 6 თვეს. აღსანიშნავია, რომ, ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს უკვე არსებული დაწესებულების პროფილის ცვლასთან. კერძოდ, არაერთი წელია, ფუნქციონირებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება, რომელიც ცვლილებებით გათვალისწინებული გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი დაწესებულების მსგავსად, მსუბუქი რეჟიმით ხასიათდება, ასევე - მსჯავრდებულებს ეძლევათ დასაქმების შესაძლებლობა და უქმეებზე დაწესებულების დატოვების უფლება. შემოთავაზებული ცვლილებებით ხდება გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი დაწესებულების გაუქმება, მისი გადასვლა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დაქვემდებარებაში და, შესაბამისად, გადაკვალიფიცირება გათავისუფლებისათვის მოსამზადებელ დაწესებულებად.

გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით, შესაძლებელია, მიეცეს უფლება, დროებით დატოვოს პენიტენციური დაწესებულება. გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულების დროებით დატოვება მსჯავრდებულს შეეძლება, თუკი იგი მუშაობს, სწავლობს ან სურს არასამუშაო დღეების დაწესებულების გარეთ გატარება. კანონპროექტი ითვალისწინებს სამუშაო დღეებში მსჯავრდებულის მიერ გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად დაწესებულების დროებით დატოვების შესაძლებლობასაც, მაგრამ ეს ვადა ერთი კვირის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 3 დღე-ღამეს. ასევე, გათვალისწინებულია შესაბამისი მექანიზმები იმ შემთხვევისთვის, როდესაც მსჯავრდებული არ შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

„პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე რამდენიმე წელია (ზოგ შემთხვევაში 10-15 წელი), თავისუფლების აღკვეთის პირობებში იმყოფება. ასეთი პატიმრებისთვის, ძალიან რთულია გათავისუფლების შემდეგ გარესამყაროსთან ადაპტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაცია. ხშირად, მათთვის სერიოზული გამოწვევაა თანამედროვე სერვისებით სარგებლობაც კი. აღნიშნული ფაქტორები, ხშირ შემთხვევაში, ახალი დანაშაულის მაპროვოცირებელ გარემოებებს და პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების საფუძველს წარმოადგენს. არსებული ვითარების ანალიზმა ცხადყო, რომ აუცილებელია, შეიქმნას გარდამავალი პენიტენციური დაწესებულება, რომელიც ასეთ მსჯავრდებულებს მოამზადებს გათავისუფლებისთვის, საშუალებას მისცემს მათ, სრულ გათავისუფლებამდე გადაჭრან ელემენტარული ყოფითი პირობები, განივითარონ პროფესიული უნარები, მოძებნონ სამსახური და მოაწესრიგონ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები. აღსანიშნავია, რომ ამ ახალი ტიპის დაწესებულების შექმნა არ მოითხოვს დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ვინაიდან შესაბამისი პირობები შესაძლოა, მოეწყოს არსებული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ბაზაზე“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

საოჯახო პაემნით სარგებლობა. საოჯახო პაემანი არის ქალი მსჯავრდებულის შეხვედრა კანონით განსაზღვრულ პირებთან, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში, არაუმეტეს სამი საათის ხანგრძლივობით. შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, საოჯახო პაემნით მსჯავრდებული ისარგებლებს მხოლოდ პენიტენციური დაწესებულების დირექტორის წარდგინებითა და პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ნებართვის შემთხვევაში. საოჯახო პაემნის მოთხოვნის თაობაზე მსჯავრდებულმა წერილობით უნდა მიმართოს სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს, საოჯახო პაემნის განხორციელებამდე ათი დღით ადრე. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი, მიმართვის მიღებიდან ხუთი დღის ვადაში, წარდგინებით მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს საოჯახო პაემნის ორგანიზების თაობაზე ან წერილობით აცნობებს მსჯავრდებულს მოტივირებულ უარს საოჯახო პაემნის განხორციელებაზე. დეპარტამენტის დირექტორი, თავის მხრივ, წარდგინების მიღებიდან სამი დღის ვადაში, იღებს გადაწყვეტილებას საოჯახო პაემანზე თანხმობის ან თანხმობაზე უარის თქმის შესახებ.

მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, შენიშვნები აქვთ „ციხის საერთაშორისო რეფორმაში“. საქართველოს პარლამენტისათვის მომზადებულ კომენტარებში, ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი, ცირა ჭანტურია აღნიშნავს, რომ მოცემული ცვლილება წარმოადგენს ნაბიჯს სისტემის ცენტრალიზაციისკენ, რაც ზრდის ბიუროკრატიასა და უარყოფითად აისახება გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფეზე: „კანონის მოქმედი რედაქციით, საოჯახო პაემნის უფლებას მსჯავრდებულს აძლევს დაწესებულების დირექტორი, განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში. წარმოდგენილი ცვლილებებით კი, აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პრეროგატივა გადაეცემა პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს, ხოლო საოჯახო პაემნის ორგანიზებისთვის ათი დღე არის საჭირო. მიგვაჩნია, რომ დაწესებულების დირექტორებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი კვალიფიკაცია მსჯავრდებულისათვის საოჯახო პაემნის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მისაღებად“.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი კი, ყურადღებას ამახვილებს დისციპლინურ სახდელდადებულ მსჯავრდებულებისთვის ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების არქონაზე. საქმე ისაა, რომ, კანონპროექტის თანახმად, ხანგრძლივი პაემანი არ ეძლევა დისციპლინურ სახდელდადებულ მსჯავრებულს. 

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიერ ოჯახთან კონტაქტის შენარჩუნება მაქსიმალურად უნდა იყოს წახალისებული და უზრუნველყოფილი. შესაბამისად, გარესამყაროსთან კონტაქტის ხელშეწყობა სახელმძღვანელო პრინციპად უნდა იყოს მიჩნეული. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პრობლემის შესახებ სახალხო დამცველი საუბრობდა 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც.

„პატიმრობის კოდექსის თანახმად, დისციპლინურ სახდელდადებულად ითვლება პირი, რომელიც დისციპლინური სახდელის მოხდიდან 6 თვის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუკი მსჯავრდებულს დაეკისრება დისციპლინური სახდელის სახე - საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა ან სამარტოო საკანში მოთავსება, იგი დისციპლინურ სახდელდადებულად ჩაითვლება, თუ დისციპლინური სახდელის მოხდიდან 1 წლის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას. გამოდის, რომ, განსხვავებით „პატიმრობის კოდექსის“ მოქმედი რედაქციისგან, კანონპროექტით 6 თვით ან 1 წლით ხანგრძლივდება მსჯავრდებულისთვის ხანგრძლივი პაემნის შეზღუდვის შესაძლებლობა. მსჯავრდებულის უფლებრივი მდგომარეობის ამგვარი გაუარესება, ვფიქრობ, არ არის მიზანშეწონილი და არსებითად ეწინააღმდეგება ჰუმანურობის პრინციპს“, - აღნიშნავს საიას თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელებისა და კახა კახიშვილისადმი გაგზავნილ დოკუმენტში.

„პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან და თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი მიმართავს პარლამენტს. იგი ყურადღებას ამახვილებს  88-ე მუხლში შეტანილ ცვლილებაზე, რომლის მიხედვით, მსჯავრდებულს დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში ეზღუდება სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლება: „მიგვაჩნია, რომ სწავლის პროცესის ხელშეწყობა პრიორიტეტული უნდა იყოს პენიტენციურ სისტემაში; შესაბამისად, თუ მსჯავრდებული ჩართულია სასწავლო პროცესში, მას ეს უფლება არ უნდა შეეზღუდოს დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში“.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეფასებით, ასევე პრობლემას წარმოადგენს ხანმოკლე პაემნის ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობა. „პატიმრობის კოდექსის“ მოქმედი რედაქციით (მე-17 მუხლის მე-7 ნაწილი), ხანმოკლე პაემნები მიმდინარეობს „მხოლოდ ვიზუალური მეთვალყურეობით“, მაშინ, როდესაც შემოთავაზებული ცვლილებები ითვალისწინებს, ასევე, ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობასაც. 

„პატიმრობის კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით კი, „ელექტრონული მეთვალყურეობა ხორციელდება აუდიო-ვიდეო საშუალებებით ან/და კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებებით“ და შეიძლება, ვიდეო-კონტროლთან ერთად, გულისხმობდეს მიყურადებასა და საუბრის მოსმენას. ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი მსჯელობაა საჭირო, იმასთან მიმართებაში, ხომ არ წარმოადგენს აღნიშნული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ზედმეტად შეზღუდვას და რა საფუძვლებითაა გამართლებული ასეთი კონტროლის დაწესება“, - აღნიშნულია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ მიერ მომზადებულ კომენტარებში.

საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ელექტრონული კონტროლის ფარგლებში, ხანმოკლე ან ვიდეო პაემნის აუდიო მეთვალყურეობა და ჩაწერა არ უნდა განხორციელდეს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს ხორციელდება ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში. ომბუდსმენის აზრით, კანონპროექტში აღნიშნულის თაობაზე მკაფიო ჩანაწერი უნდა გაკეთდეს.

„ხანმოკლე პაემნის შემთხვევაში, კანონპროექტით, არ არის გათვალისწინებული მსჯავრდეულისა და მასთან ხანგრძლივი პაემნის მსურველი პირის წინასწარი გაფრთხილება ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის შესახებ. ვფიქრობ, რომ აუდიო-ვიდეო ან/და კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენება როგორც ხანმოკლე, ასევე ვიდეო პაემნის შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი. „პატიმრობის კოდექსის“ 54-ე მუხლი ითვალისწინებს კონკრეტულ ვიწროდ განსაღვრულ შემთხვევებს, როდესაც შესაძლებელია ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის გამოყენება. შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებას რჩება საკითხის გადაწყვეტის ფართო დისკრეცია“, - აღნიშნავს საია.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ევროსაბჭოს „ევროპული ციხის წესები“ (წესი 24.4) ადგენს, რომ „პაემნების ორგანიზება ისე უნდა განხორციელდეს, რომ საშუალება მიეცეთ პატიმრებს, შეინარჩუნონ და განავითარონ ოჯახური ურთიერთობები შეძლებისდაგვარად ნორმალურ გარემოში“.

მინიმალური საცხოვრებელი ფართი. კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის პატიმრობის კოდექსის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილში, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის მინიმალურ საცხოვრებელ ფართს განსაზღვრავს. კანონპროექტის მიხედვით, ერთ მსჯავრდებულზე გათვალისწინებული მინიმალური საცხოვრებელი ფართობი არ უნდა იყოს 4 კვ. მეტრზე ნაკლები. „ციხის საერთაშორისო რეფორმას“ მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ახალი სტანდარტების შესაბამისად უნდა დარეგულირდეს. 

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტით, ერთ პატიმარზე მინიმალური საცხოვრებელი ფართი უნდა იყოს 6 კვ. მეტრი და ყოველ შემდეგ პატიმარზე დაემატოს 4 კვ.მ. სახალხო დამცველსაც მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტებით უნდა იხელმძღვანელოს. ომბუდსმენი ასევე დასძენს, რომ „წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა გადაწყვიტა, ხელი შეუწყოს უფრო მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას, რომლის მიხედვით, სასურველია, ერთკაციანი საკნის საცხოვრებელი ფართობი იყოს მინიმუმ 8-9 კვ. მეტრი“. თუმცა, ასეთ მოთხოვნებს კომიტეტი სახელმწიფოებს არ უყენებს.

მსჯავრდებულის ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება. არსებული რედაქციის თანახმად, თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდების შემთხვევაში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას შეუძლია, სასჯელისაგან გაათავისუფლოს ის, ვინც დანაშაულის ჩადენამდე ან ჩადენის შემდეგ დაავადდა მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. კანონპროექტის მიხედვით კი, ავადმყოფობის გამო გათავისუფლების უფლება ექნება მხოლოდ სასამართლოს, რომელიც სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლებს მსჯავრდებულს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან და, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მსჯავრდებულის გამოჯანმრთელება ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება არ არის მოსალოდნელი. გარდა ამისა, საკითხის განხილვისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, კრიმინალური წარსული, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება, გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

„არსებული რეგულაციებისა და პრაქტიკის ანალიზმა ცალსახად ცხადყო, რომ აღნიშნული მექანიზმი გაუმართავია და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საზოგადოების უსაფრთხოებას. კანონში არ არის გაწერილი, რომ კომისია გადაწყვეტილებას იღებს არა მხოლოდ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის, არამედ სასჯელის მოხდის გაგრძელების მიზანშეწონილობის გათვალისწინებით. ამასთან, აუცილებელია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებასთან ერთად, მსჯავრდებულისგან მომდინარე სხვა საფრთხეების შეფასებაც, რაც გათვალისიწნებულია შესაბამისი საკითხის მარეგულირებელ კანონქვემდებარე აქტში. პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც მსჯავრდებული, მძიმე ავადმყოფობის გამო, გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან და მან განმეორებით ჩაიდინა დანაშაული“, - ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამინისტრომ ჰუმანურობის პრინციპზე დაყრდნობით უნდა იხელმძღვანელოს: „უპირველეს ყოვლისა, მისასალმებელია საკითხის განხილვა სასამართლო წესით, ისევე, როგორც გადაწყვეტილების მიღება ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. ასევე, გასათვალისწინებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობა, მაგრამ ისეთ ვითარებაში, როდესაც მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ერთმნიშვნელოვნად, შეუთავსებელია სასჯელის მოხდასთან, დაუშვებელად მიგვაჩნია მსჯელობის გაგრძელება სხვა დამატებით გარემოებებზე. ჰუმანურობის პრინციპზე დაყრდნობით, გაუმართლებელია ისეთი შესაძლებლობის არსებობა, რომლის თანახმად, თუნდაც, პიროვნული თუ სხვა გარემოების გამო, მსჯავდებული არ იქნეს გათავისუფლებული ჯანმრთელობის მდგომარეობასთან შეუთავსებელი სასჯელის მოხდისგან. შეუთავსებლობა, თავისი არსით, გულისხმობს მსჯავრდებულის მხრიდან სასჯელის აღსრულების ფიზიკურ შეუძლებლობას, შესაბამისად, ნებისმიერ სხვა გარემოებაზე მითითება ვერ შეცვლის არსებულ მოცემულობას“.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ „თუკი მსჯავრდებულის ჯანმრთელობა იმდენად გაუარესებულია, რომ მისი პენიტენციურ დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია და მას ადგილზე არ მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, მაგრამ სასამართლო, დამატებითი კრიტერიუმების გათვალისწინებით,  არ ათავისუფლებს მას სასჯელის მოხდისაგან, ეს ჩაითვლება არაადამიანურ მოპყრობად, რაც წარმოშობს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევისათვის“.

უვადო სასჯელის გადასინჯვა. „პატიმრობის კოდექსში“ შემოთავაზებული ცვლილებებით, უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირებისთვის აღარ არის გათვალისწინებული პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობა. თუმცა, კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებები ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის გადასინჯვის შესაძლებლობას სასამართლოს მიერ, მას შემდეგ, რაც მსჯავრდებული, ფაქტობრივად, მოიხდის სასჯელის სახით 20 წელს და, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, სასამართლო მას სხვა სასჯელს დააკისრებს. ამ შემთხვევაში კი, ბუნდოვანია, კონკრეტულად, რა სახის სასჯელით და რა ვადით შეიძლება, შეიცვალოს უვადო თავისუფლების აღკვეთა.  

„ციხის საერთაშორისო რეფორმას“ მიაჩნია, რომ ევროპული პოზიტიური პრაქტიკის, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების და, ასევე, საქართველოს კანონმდებლობაში ამჟამად არსებული ლიბერალური დანაწესების გათვალისწინებით, შემოთავაზებული ცვლილებები წარმოადგენს რეგრესს, ვინაიდან, არ ითვალისწინებს უვადო სასჯელისაგან ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობას და ასევე ზრდის მინიმალური მოსახდელი სასჯელის ვადას.

ამ კუთხით, ცვლილებებს აკრიტიკებს საიაც: „ერთი მხრივ, უქმდება მსჯავრდებულის უვადო თავისუფლების აღკვეთის მოხდისგან გათავისუფლების შესაძლებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, უვადო თავისუფლების აღკვეთის შეცვლის შესაძლებლობა წარმოიშობა 20 წლის გასვლის შემდეგ, ნაცვლად 15 წლისა. უპირველეს ყოვლისა, მიგვაჩნია, რომ ისეთ შემთხვევებთან მიმართებით, სადაც, ცალსახად, მიღწეულია სასჯელის მიზანი, აუცილებელია, შენარჩუნდეს თავისუფლების აღკვეთის მოხდისგან გათავისუფლების შესაძლებლობა. ამასთან, გაურკვეველია, სასჯელის შეცვლისას, როგორ უნდა მოხდეს ახალი სასჯელის ოდენობის დაანგარიშება. სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია აღნიშნული საკითხების მეტად დაკონკრეტება“.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სასამართლო არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის სხვა სახის სასჯელით შეცვლით, არამედ მას ასევე უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, იმსჯელოს უვადო მსჯავრდებულის სასჯელისაგან გათავისუფლებაზე. ამასთან, ომბუდსმენის აზრით, კანონის პროექტით უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირის სასჯელის გადასინჯვის დადგენილი 20-წლიანი ვადა აუარესებს უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირების უფლებრივ მდგომარეობას და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს.

კანონპროექტის თანახმად, დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას, სამინისტროს უფლებამოსილ სტრუქტურულ ქვედანაყოფს უფლება აქვს, მოისმინოს და ჩაიწეროს განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრები, რის შესახებაც მსჯავრდებულს წინასწარ ეცნობება, გარდა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად კი, მსჯავრდებულის გაფრთხილების ვალდებულება არ წარმოიშობოდა მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში. საიას  თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, აუცილებელია, წარმოდგენილი იქნას ამგვარი რეგულირების შემოთავაზების სიღრმისეული დასაბუთება, რადგან, შემოთავაზებული ცვლილებებით, არსებითად ფართოვდება განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრის მოსმენისა და ჩაწერის შესაძლებლობა, მისი წინასწარი თანხმობის გარეშე.

საიას თავმჯდომარის აზრით, ასევე პრობლემას წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს შორის მიმოწერის აკრძალვა: „ვფიქრობ, მიზანშეწონილია შემოთავაზებული ზოგადი წესისგან გამონაკლისის გათვალისწინება, ოჯახის წევრების შემთხვევაში. პრაქტიკაში არსებობს შემთხვევები, როდესაც პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული არიან მჭიდრო ნათესაური კავშირის მქონე პირები“. ომბუდსმენის განცხადებით, კომუნიკაცია შესაძლებელია, შეიზღუდოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კონკრეტული ფაქტებისა და გარემოებების არსებობისას, რაც დასაბუთებული უნდა იყოს ინდივიდუალურად.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და უფლებადამცველები დადებითად აფასებენ ისეთ ცვლილებებს, როგორიცაა: გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შექმნა; ადმინისტრაციული (დისციპლინური) პატიმრობის ვადების შემცირება; 3 წლამდე ასაკის ბავშვების დედებისთვის დაწესებულების დროებით დატოვების უფლების რეალიზაციის პირობების შექმნა; დაბალი რისკისა და გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულებისთვის უმაღლესი განათლების (ბაკალავრიატი) მიღების შესაძლებლობის შექმნა; ციხის ექიმის ვალდებულება, პატიმრის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ აცნობოს პროკურატურას; სასჯელის სახით შინაპატიმრობის გამოყენება და სხვა.

სტატია მომზადებულია ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ მიერ განხორციელებული პროექტის, „საქართველოსა და სომხეთში წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა პრევენციული მონიტორინგის გაძლიერების გზით“, ფარგლებში.
 

News