კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბრალდებები ხაშურის ქონების მართვის სამსახურის წინააღმდეგ

25 აპრილი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ხაშურში მცხოვრები ზაზა მეხრიშვილი  ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური სამსახურის უფროსს და მის ორ თანამშრომელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. მეხრიშვილის განცხადებით, დაპირისპირების მიზეზი მის მიერ სოციალურ ქსელში ქონების მართვის სამსახურის მიმართ გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტი გახდა.

„ხაშურის ადგილობრივ ხელისუფლებას, კერძოდ, ქონების მართვის სამსახურს ხაშურის ქონება საკუთარი ბოსტანი ჰგონია. ისინი ისე ექცევიან სახელმწიფო ქონებას, როგორც უნდათ. უამრავი ადამიანი მიდის მათთან მიწებთან დაკავშირებით, რათა ბიზნესი დაიწყონ, თუმცა ქონების მართვის სამსახური მათ ბიზნესის დაწყების საშუალებას არ აძლევს. ასე იკარგება უამრავი ინვესტიცია ხაშურში“, - ნათქვამია ზაზა მეხრიშვილის განცხადებაში.

მეხრიშვილის თქმით, ქონების მართვის სამსახური მხოლოდ ახლობლებსა და სასულიერო პირებზე ასხვისებს მიწებს, საიდანაც ისინი წილებს იღებენ.
,,ზუსტად ვიცი, რომ რეგიონალური ქონების მართვის წარმომადგენლები და ხაშურის ქონების მართვის სამსახური შეკრულები არიან. ეს ხალხი წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდნენ თანამდებობებზე, პოლიტიკაში არ ერეოდნენ, თუმცა გადახლართულები არიან ერთმანეთთან და ასხვისებენ მიწებს მხოლოდ ნათესავებზე, მეგობრებსა და ე.წ. „ბიზნესმენ სასულიერო პირებზე“, საიდანაც წილებს იღებენ”, - აღნიშნა მეხრიშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მეხრიშვილის თქმით, მას განცხადების შინაარსზე მოსთხოვა პასუხი ხაშურის ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა სერგო ლალიაშვილმა და რამდენჯერმე სიტყვიერი და ფიზიკური შერაცხყოფა მიაყენა.
„21 აპრილს საქმეზე ვიყავი გამგეობის შენობაში, სადაც შემხვდა ქონების მართვის უფროსი და მითხრა, რომ საქმე ჰქონდა და მიმიწვია კაბინეტში. მეც გავყევი და კაბინეტში შესვლის შემდეგ დამიწყო ლანძღვა-გინება და ხელი მკრა. ამის შემდეგ შემოვიდნენ მისი თანამშრომლები, რომლებმაც ხელები გადამიგრიხეს. მეორე დღეს დავწერე განცხადება და მივმართე გამგეობას, რათა მოეკვლიათ ეს საკითხი და დამდგარიყო იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ეს გააკეთა", - აღნიშნა ზაზა მეხრიშვილმა.

მეხრიშვილის განცხადებით, მას ლალიაშვილის გარდა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს გამგეობის ქონების მართვის სამსახურის სხვა  თანამშრომლებმაც. 
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი სერგო ლალიაშვილი მეხრიშვილის  ბრალდებას, ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, უარყოფს, თუმცა ადასტურებს,  რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებასთან დაკავშირებით მათ შორის შელაპარაკება მოხდა,  რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა.
სერგო ლალიაშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი: „მეხრიშვილის ძირითადი საქმიანობა არის საჯარო მოხელეებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფა. მისგან ყველაფერი მოსალოდნელია და ამიტომ კაბინეტის კარი ღია მქონდა საუბრის დროს. არანაირი ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა ჩვენ შორის. თვითონ როდესაც შეურაცხყოფას მოგაყენებს შეიძლება, რაღაც რეაქცია მქონოდა, მაგრამ არა ისეთი,  რომ გასცდენოდა საზღვრებს და დამვიწყებოდა რომ მე ვარ საჯარო მოხელე და მაქვს თმენის ვალდებულება." 

მეხრიშვილმა  საჯარო მოხელეების გათავისუფლების მოთხოვნით  ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას განცხადებით მიმართა. ინცინდენტიდან მეორე დღეს, მისი თქმით, ლალიაშვილი შვებულებაში გავიდა.

ახალი ამბები