კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მთავრობის არჩევანი მოქალაქეთა ჯანმრთელობასა და თამბაქოს ბიზნეს შორის

26 აპრილი, 2017
 
ნათია გოგოლაშვილი

18 აპრილს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“  კანონპროექტთა პაკეტის მეორე მოსმენის ნაცვლად „სამუშაო შეხვედრა“ გაიმართა. მეორე მოსმენის გადადება მთავრობამ ითხოვა, რის გამოც კომიტეტში დისკუსია არაფორმალურ ფორმატში გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ მოსმენის გადადების ინიციატორიც მთავრობა იყო და დისკუსიის ძირითადი ნაწილიც მის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს ეხებოდა, შეხვედრას მთავრობის წარმომადგენლები არ დასწრებიან.

შეკრებას წინ 5 აპრილის პარლამენტის პლენარული სხდომა უძღვოდა, სადაც კანონმდებლებმა (85 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი) კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს. უნდა აღინიშნოს, რომ წინა მოწვევის პარლამენტიც განიხილავდა აღნიშნულ კანონპროექტს, მაგრამ მისი მიღება ვერ მოხერხდა. კანონმდებლების მხრიდან „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის მისაღებად ახლა უფრო მეტი მზაობა შეინიშნება.

18 აპრილს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში დისკუსია ძირითადად მთავრობის 17-გვერდიან შენიშვნებს შეეხო. 

კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატი გუგული მაღრაძეა. „ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკანონმდებლო ინიციატივა და ჩვენ, როგორც თამბაქოს აკრძალვის კონვენციაზე ხელის მომწერი ქვეყანა, ვალდებულები ვართ, ასეთი ტიპის ცვლილებები შევიტანოთ კანონმდებლობაში. რეალურად გადავდგათ ნაბიჯები იმისკენ, რომ, უპირველეს ყოვლისა, დაცული იყვნენ მეორადი მწეველები და დაცული იყოს ახალგაზრდა თაობა, რათა ისინი არ გახდნენ თამბაქოს მომხმარებლები. ეს კანონპროექტი მწეველების წინააღმდეგ არ რის მიმართული, იგი პოზიტიური ჯანმრთელი გარემოს შექმნას ემსახურება. მწეველებს შეეძლებათ თამბაქოს შეძენა და მოხმარება, მხოლოდ ისეთ სივრცეში, სადაც ისინი არამწეველებს საფრთხეს არ შეუქმნიან“, - ამბობს გუგული მაღრაძე.

მთავრობის ძირითადი შენიშვნები კანონის აღსრულების მექანიზმსა და ამოქმედების ვადებს შეეხებოდა. ასევე, მთავრობის შენიშვნების მიხედვით, თამბაქოს მოხმარების ამგვარი გამკაცრება, უპირველესად, ბიზნეს სექტორს, ამ სექტორში დასაქმებულ ხალხსა და სარეკლამო ბიზნესს დააზარალებს. 

გუგული მაღრაძის თქმით, ყველაზე დიდ გამოწვევას კანონის აღსრულება წარმოადგენს. მისი განცხადებით, ზუსტად და კარგად უნდა იყოს განსაზღვრული კანონის აღმასრულებელი სტრუქტურების ფუნქციები და მოვალეობები, რათა კანონი არ დარჩეს მხოლოდ ქაღალდზე და მან რეალურად იმუშაოს. 

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, კანონის შემუშავებისას, საუკეთესო პრაქტიკასა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ითვალისწინებენ.

„შენიშვნები ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა დისკუსიები მთავრობასთან გაგრძელდება. კანონპროექტის მეორე მოსმენაზე, პლენარულ სხდომაზე, შეჯერებული ვარიანტი გავა. ჩემი აზრით, მივიღებთ ისეთ კანონმდებლობას, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, იქნება აღსრულებადი და, მართლაც, გამოადგება ჩვენს მომავალ თაობებს. მნიშვნელოვანი თემაა აღსრულების კონტროლი. მთავრობის პასუხისმგებლობა იქნება აღსრულება, შესაბამისად, გავითვალისწინებთ მთავრობის ყველა იმ შენიშვნას, რაც ეხება კონკრეტულად კანონის აღსრულებას. და, ამის გარდა, ფინანსურ და ეკონომიკურ ეფექტებზეც გვექნება, შესაბამის ვადებთან დაკავშირებით, მსჯელობა. შესაძლებელია როლების გადანაწილებაც. თვითონ კანონის აღსრულების ძირითადი ნაწილი დამოკიდებული იქნება ორგანიზაციების ხელმძღვანელობაზე (კაფე იქნება, რესტორანი, სასტუმრო თუ სხვა), ხოლო კონტროლს, გარკვეულწილად, შსს განახორციელებს. ამასთან, ვფიქრობთ, რა როლი უნდა ჰქონდეს შემოსავლების სამსახურსა თუ გარემოს დაცვის ინსპექციას. ამაზე კონსულტაცია გაგრძელდება“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის, ზურაბ ძნელაშვილის აზრით, აკრძალვის პროცედურები ბიზნესისთვის დროში უნდა იყოს გაწერილი, რათა მათ ახალ რეგულაციებთან ადაპტაცია შეძლონ.

„არავინ არის წინააღმდეგი, რომ სახელმწიფომ მიიღოს ზომები, რომლებიც იქნება მიმართული თამბაქოს მოხმარების შემცირებისკენ, მაგრამ იმ ფორმით კანონპროექტის მიღება, რა ფორმითაც არის წარმოდგენილი, წარმოუდგენელი და დაუშვებელია. უპირველესად, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამოქმედების ვადები არის გადასახედი. ამისათვის არანაკლებ ერთწლიანი ვადები უნდა იქნას დადგენილი. რადგან, თქვენ იცით, რომ ბიზნესს ერთი წელი უკვე დაკონტრაქტებული აქვს, საუბარია მარკეტინგულ და სარეკლამო ღონისძიებებზე. ამ შეზღუდვების ამოქმედება ერთ წელზე ადრე ბიზნესს სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენებს“, - აცხადებს ზურაბ ძნელაშვილი.

უნდა აღინიშნოს, რომ ვადებთან დაკავშირებით არსებულ შენიშვნებს კანონპროექტის ავტორებიც იზიარებენ. „მთავრობას უნდა, რომ უცებ არ შემოვიდეს ყველა რეგულაცია და ჩვენ ამას ვეთანხმებით. ასეც გვქონდა განსაზღვრული. ამ მხრივ, არც თამბაქოს ინდუსტრიას და არც სარეკლამო და სხვა ინდუსტრიას, რომელიც დაკავშირებულია თამბაქოსთან, არ ექნება შეფერხებები. ასევე რესტორნებს, ბარებს, კაფეებს ექნებათ დრო, რომ მთელი წლის განმავლობაში მოამზადონ თავიანთი ინფრასტრუქტურა“, - აცხადებს გუგული მაღრაძე.

ზურაბ ძნელაშვილი ასევე დაუშვებლად მიიჩნევს, კანონპროექტის განხილვის პროცესში თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენელთა ჩაურევლობას: „როგორ შეიძლება, პირს უწესებდე რეგულაციებს და იგი არ მონაწილეობდეს ამ რეგულაციების დადგენის განხილვის პროცესში, არ ისმენდე მათ პოზიციას. მეორეა, გაითვალისწინებ თუ არა ამ პოზიციას. შეიძლება, მოუსმინო და არ გაითვალისწინო. თუმცა ის, რომ კარი მოუხურო და დახურულ კარს მიღმა იმუშაო და შემდეგ პირდაპირ გამოუქვეყნო მას რეგულაციები, ეს არ იქნება სწორი“.

თუმცა, კანონპროექტის ავტორები ამ საკითხში საკუთარ პოზიციას არ ცვლიან და  მიაჩნიათ, რომ საკითხი, რომელიც ჯანდაცვის პრობლემებს ეხება, გაცილებით უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე კონკრეტული ბიზნეს ინტერესები: „არ შეიცვლება პრინციპი, რომელიც მივიღეთ. ეს არის თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენელთა არმონაწილეობა ისეთი საკითხების გადაწყვეტაში, რომელიც ეხება ჯანდაცვის პრობლემებს“, - აცხადებს გუგული მაღრაძე. მის მოსაზრებას იზიარებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსშიც.

თამბაქოს კონტროლის ალიანსში აცხადებენ, რომ მთავრობის დასკვნა, ფაქტობრივად, კანონპროექტის მთელი შინაარსის გამოშიგვნასა და თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესებს ემსახურება.
„ჩვენ გვაეჭვებს თამბაქოს ინდუსტრიისა და მთავრობის ინტერესების ასეთი პირდაპირ დამთხვევა. მათი გათვალისწინების შემთხვევაში, კანონპროექტი დაკარგავს მთლიანად თავის შინაარსს და დანიშნულებას ვეღარ შეასრულებს. თამბაქოს ინდუსტრიამ მოახდინა  თავისი ძალების კონსოლიდაცია და მობილიზება, ამიტომ პროცესი არ იქნება ადვილი. მაგრამ აქ დგას ძალიან მკაფიო საკითხი: ერთ მხარეს დგას ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვა და ეკონომიკა და მეორე მხარეს  - კონკრეტული ბიზნეს ინტერესები. საქართველოს მთავრობამ უნდა გააკეთოს არჩევანი. არჩევანი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა უკვე 14 წელია, ელოდება და ეს არჩევანი არის ხალხსა და კონკრეტული ბიზნესმენების ჯიბეებს შორის. მე იმედი მაქვს, რომ მთავრობა არ დაუშვებს შეცდომებს, რომელიც დაშვებული იყო 2003 წელსა და 2008 წელს, როდესაც ჩვენ მივიღეთ კანონი ქაღალდზე, მაგრამ ამ კანონმა არ შეამცირა თამბაქოს მოხმარება და ვერ დაიცვა პასიური მწეველები მოწევის დაწყებისაგან. ჩვენ ამ კანონებით მივიღეთ ის, რომ ბავშვებში მწეველობა გაუთანაბრდა ზრდასრულ ადამიანებში მწეველობის დონეს, რაც აბსოლუტური კატასტროფაა ჩვენი ქვეყნისთვის. ისინი ცდილობენ, დატოვონ ხვრელები რეკლამის სრულ აკრძალვაში და ითხოვენ, რომ რეკლამა დარჩეს მაღაზიებში. ეს თამბაქოს ინდუსტრიის დიდი ხნის სტრატეგიაა და რატომღაც ეს ტექსტი გვხვდება მთავრობის დასკვნაშიც. ეს კი არის რეკლამა განკუთვნილი ბავშვებისთვის, ამის დატოვება არის კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩავთვალოთ, რომ მთელი რესურსი, რომელსაც დღეს ინდუსტრია ხარჯავს ქუჩებში, ინტერნეტში და ა.შ., გადმოინაცვლებს მაღაზიებში და ჩვენი შვილები, უფრო მეტი ჩვენი ახალგაზრდა გახდება თამბაქოზე დამოკიდებული“, - აცხადებს თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი, კახა ღვინიანიძე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილიც მთავრობის შენიშვნებსა და თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესების თანხვედრაზე ამახვილებს ყურადღებას.
 
„როგორც ჩანს, მთავრობის შენიშვნებზე დიდი გავლენა აქვს თამბაქოს ინდუსტრიას. მე მომეჩვენა, რომ ბევრი რამ თამბაქოს ინდუსტრიის მიერ არის დაწერილი და მთავრობის საპარლამენტო მდივანს ხელი აქვს მოწერილი. შეიძლება, უტრირებას ვახდენ, მაგრამ მთავრობის ბევრი მოსაზრება არის პირდაპირ ინდუსტრიის ინტერესების გამოხატვა. მაგალითად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თამბაქოს რეკლამირების აკრძალვა. თამბაქოს რეკლამა მთელ ქალაქშია თვალსაჩინოდ გამოფენილი და ეს არის სწორედ ერთ-ერთი პირველი ხელშემწყობი ამ მომაკვდინებელი პროდუქციის გავრცელების. მთავრობის არგუმენტი კი იმ ხალხის სოციალური ინტერესებია, რომლებიც თამბაქოს ჯიხურებში არიან დასაქმებულები და ყიდიან ამ ნაწარმს. მაგრამ რატომ არ ფიქრობს მთავრობა იმაზე, თუ რამდენს ხარჯავს სახელმწიფო სიგარეტის მოწევით გამოწვეული დაავადებების მქონე  ადამიანების ჯანდაცვაზე. იმედი გვაქვს, რომ ამ მოწვევის პარლამენტი ბოლომდე დაიცავს თავის პოზიციას და ამ კანონებს მიიღებს. წინა მოწვევის პარლამენტს ეს ნება, სამწუხაროდ, არ აღმოაჩნდა. ჩვენ გვახსოვს წინა მოწვევის პარლამენტში როცა განიხილებოდა მსგავსი საკითხები, ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე, კანონპროექტის განხილვისას, დემონსტრაციულად ეწეოდა ელექტრონულ სიგარეტს, რაც ჩემი აზრით, იყო უპატივცემულობა ცვლილებების ინიციატივისადმი“, - აცხადებს ალეკო ცქიტიშვილი. 

„ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს პარლამენტი და მთავრობა არის ამის აღმასრულებელი. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, რომ ძალიან თამამები იყოთ, რადგან თქვენ მხარესაა სიმართლე. ამან ძალა უნდა მოგცეთ, რომ ეს პროცესი ბოლომდე მიიყვანოთ. ამ კანონპროექტში არაფერი არ არის ისეთი, რაც ვერ შესრულდება, ან არ აღსრულდება, ან არ არებობს სხვა ქვეყნებში“, - აღნიშნა სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანმა ეკა ფოფხაძემ.

„წლების მანძილზევე ხდებოდა დასუსტება კანონმდებლობის თავდაპირველი ვარიანტისა, მაგრამ ამ ინიციატივის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ლიდერის როლი დღეს საკანონმდებლო გუნდმა აიღო  და ვფიქრობ, საკმაოდ რთული იქნება ცვლილებების შეტანა აღნიშნულ კანონპროექტში. შესაძლებელია, გარკვეულ საკითხებზე რეალობასთან უფრო დაახლოება აღსრულების მექანიზმების, მაგრამ ცივილურმა სამყარომ ეს ბრძოლა თამბაქოს ინდუსტრიასთან მოიგო და ჩვენ, თუკი გვაქვს პრეტენზია, რომ გავხდეთ განვითარებული და დასავლური ღირებულებების სამყარო, გვაქვს უნიკალური შანსი, რომ თამბაქოს კონტროლის რეგულაციებში შევიტანოთ ძირეული ცვლილებები“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტს მხარს სპარლამენტო უმცირესობის ნაწილიც უჭერს. თუმცა, ისინიც კანონის ეფექტურ აღსრულებაზე მიუთითებენ.

„თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო პოლიტიკის გამკაცრება, ბუნებრივია, სწორია, მაგრამ ეს სანქციები უნდა იყოს ადმინისტრირებადი და უნდა ხდებოდეს ამის განხორციელება. ნებისმიერი სანქცია, რომელიც არ იქნება რეალიზებადი და ვერ მოხდება მისი ადმინისტრირება, უბრალოდ, დარჩება ქაღალდზე და შეიძლება, გააჩინოს კორუფციის საფრთხე, გარიგებების სახით. ადრეც იყო კანონში მკაცრი სანქციები, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ სრულდებოდა“ - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიგი წერეთელი.

კანონპროექტის თანაავტორი დაავადებათა კონტროლის ცენტრიც არის, რომლის დირექტორი, ამირან გამყრელიძე იმედოვნებს, რომ 31 მაისს (მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე) საქართველო ახალი კანონმდებლობით შეხვდება. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის შემდეგი მოსმენა 2 მაისს გაიმართება.

ახალი ამბები